
დუბაი-თელ ავივის რეისის თვითმფრინავი, სადაც მეორე პილოტი კაპიტანს დანით თავს დაესხა, კინაღამ ჩამოვარდა. დაჭრილი კაპიტნის და შესაბამისად მთელი ხომალდის გადარჩენასა და პირველად სამედიცინო დახმარებაში გადამწყვეტი როლი ბორტზე მყოფმა ქართველმა-ებრაელმა ექიმ-სტომატოლოგმა, შოთა მუსაევმა ითამაშა. ლაინერი საუდის არაბეთში ავარიულად დაეშვა. შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. 174 მგზავრის გადარჩენის გამო ისრაელის პრესა და ოფიციალური პირები, კაპიტნისა და ექიმის გარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანს ასახელებენ, რომლებმაც სავარაუდო ტერორისტი გააუვნებელყვეს.
30 სექტემბერს, დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან თელ-ავივის მიმართულებით დილის 07:00 საათზე „ფლაიდუბაის" რეისი FZ1073 გაფრინდა. ბორტზე 174 მგზავრი, მათ შორის 27 ბავშვი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. ფრენის დაწყებიდან 2,5 საათის შემდეგ, როდესაც თვითმფრინავი 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა, პილოტების კაბინაში მეორე პილოტი მოულოდნელად დანით დაესხა თავს ხომალდის კაპიტანს.
დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისა და კაპიტნის დაჭრის გამო, ლაინერმა მართვა დაკარგა და მკვეთრი დაშვება დაიწყო. 12 წუთის განმავლობაში თვითმფრინავმა ფაქტობრივად პიკირებდა და სიმაღლის ნახევარი დაკარგა, რამაც სალონში პანიკა გამოიწვია.
- შოთა მუსაევი ყველაზე მძიმე მომენტად თვითმფრინავის მკვეთრ ვარდნას იხსენებს. მისი თქმით, მგზავრებს თავიდან ეგონათ, რომ იღუპებოდნენ. ყვიროდნენ, რომ ბორტზე მყოფი სხვა პილოტები კაბინაში შესულიყვნენ. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა თვითმფრინავის მართვა გადაიბარა, მგზავრები მიხვდნენ, რომ გადარჩენის შანსი ჰქონდათ
დაჭრილმა კაპიტანმა საოცარი სიმტკიცე გამოიჩინა და კაბინის დაბლოკილი კარის განბლოკვა მოახერხა. ამის შემდეგ რამდენიმე მამაკაცი, მათ შორის მგზავრები, თავდამსხმელს მიეჭრა და განაიარაღა.
ეკიპაჟმა ჯერ ზოგადი საგანგებო მდგომარეობის კოდი 7700 გადასცა, ხოლო მალევე ჩართო 7500 - საერთაშორისო სიგნალი, რომელიც ხომალდის გატაცებას ან მასზე უკანონო თავდასხმას ნიშნავს. უსაფრთხოების ზომების მისაღებად ისრაელის საჰაერო ძალებმა გამანადგურებლები ჰაერში აწია.
პილოტების წარმომავლობაზე უმალ უამრავი ჭორი გავრცელდა. თავიდან რუსულენოვანი წყაროები წერდნენ, თითქოს ერთი რუსი იყო, მეორე კი უკრაინელი, ჩხუბს კი ყოფითი ხასიათი ჰქონდა. თუმცა მოგვიანებით ისრაელის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრემიერმა ნეტანიაჰუმ განაცხადეს, რომ ეს იყო ტერაქტის მცდელობა, ლაინერის კაპიტანი ინდოელი გამოდგა და ნეტანიაჰუმ მას „გმირი" უწოდა, მეორე, თავდამსხმელი პილოტის ვინაობა კი არ გაამხილა. ამ მეორე პილოტზე ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები, რომ ის ომანის მოქალაქეა.
კაპიტანმა, რომელსაც ბორტზე მყოფი ექიმები ეხმარებოდნენ, მათ შორის შოთა მუსაევი, რომელმაც დაჭრილი პილოტის გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა, შეძლო ხომალდზე კონტროლის აღდგენა და თვითმფრინავის უახლოეს აეროპორტში, საუდის არაბეთში (ტაბუკის აეროპორტში) ავარიულად დასმა.
შოთა მუსაევი ჰყვება, რომ როდესაც თვითმფრინავის წინა ნაწილში ხმაური და ყვირილი გაიგონა, თავად გაიქცა დასახმარებლად. თავდაპირველად არც კი იცოდა, რომ რამდენიმე წუთში ექიმის დახმარება გახდებოდა საჭირო.
„მე ტერორისტთან საბრძოლველად მივდიოდი და არა სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად", - იხსენებს მუსაევი.
მისი მონაყოლით, თავდამსხმელის შეჩერებაში რამდენიმე მგზავრი მონაწილეობდა. მამაკაცი ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა და მის გასაკავებლად ხელ-ფეხის შეკვრა გახდა საჭირო. მხოლოდ ამის შემდეგ დაინახა შოთამ დაჭრილი კაპიტანი.
პილოტი იატაკზე იწვა და თავისა და ხელების ჭრილობებიდან ძლიერ სისხლდენა აღენიშნებოდა. ის გონზე იყო და მგზავრებთან საუბარი შეეძლო.
„თვითმფრინავში ერთადერთი ექიმი ვიყავი. სისხლდენის შეჩერება შევძელი", - ამბობს შოთა მუსაევი.
მისი თქმით, დაშვებამდე დაჭრილი კაპიტნის მდგომარეობა შედარებით სტაბილური იყო. ტაბუკში დაშვების შემდეგ პილოტი საუდის არაბეთის მედიკოსებს გადასცეს. მოგვიანებით მუსაევს უთხრეს, რომ კაპიტანი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.
შოთა მუსაევი ყველაზე მძიმე მომენტად თვითმფრინავის მკვეთრ ვარდნას იხსენებს. მისი თქმით, მგზავრებს თავიდან ეგონათ, რომ იღუპებოდნენ. ყვიროდნენ, რომ ბორტზე მყოფი სხვა პილოტები კაბინაში შესულიყვნენ. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა თვითმფრინავის მართვა გადაიბარა, მგზავრები მიხვდნენ, რომ გადარჩენის შანსი ჰქონდათ.
ისრაელის მხარემ და ოფიციალურმა პირებმა ეს შემთხვევა შეაფასეს როგორც საჰაერო ტერორისტული აქტი და თვითმფრინავის ჩამოგდების/გატაცების მცდელობა. თავდამსხმელი პილოტი დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ როგორ აიტანა მან ცივი იარაღი ბორტზე და რა იყო მისი მოტივი.
ამ ინციდენტის ირგვლივ, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებსა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ მედიასაშუალებაში, ბევრი კონსპირაციული ვერსია გაჩნდა.
კრიტიკოსები სვამენ კითხვას: როგორ მოახერხა პილოტმა საერთაშორისო აეროპორტის (დუბაის) მრავალდონიანი შემოწმების ავლა ცივი იარაღით? მათი მტკიცებით, ეკიპაჟის წევრებიც გადიან სკანირებას და დანის შეტანა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ ეს წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია ან დადგმული სცენარი არ იყო.
ამ ვერსიის მომხრეები აცხადებენ, რომ ისრაელს სჭირდებოდა ახალი, მასშტაბური „მსხვერპლის ნარატივი" საერთაშორისო ასპარეზზე, რათა ყურადღება გადაეტანა რეგიონში მიმდინარე სხვა სამხედრო-პოლიტიკური პროცესებიდან და გაემყარებინა თავისი პოზიცია, რომ „ისრაელის მოქალაქეებს ჰაერშიც კი ემუქრებათ ჯიჰადისტური ტერორიზმი".
ზოგიერთი წყარო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თვითმფრინავი მაინცდამაინც საუდის არაბეთში დაეშვა - ქვეყანაში, სადაც ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი ფარულად თუ აშკარად მიმდინარეობს. კონსპირაციის მომხრეთა აზრით, ეს გამოიყენეს ერთობლივი „უსაფრთხოების კრიზისის" საჩვენებლად.
ისრაელი და „ფლაიდუბაი" ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ შავ ყუთებში ჩაწერილი აუდიომასალა, რადარების მონაცემები და ბორტზე მყოფი 170-ზე მეტი მგზავრის რეალური პანიკა გამორიცხავს ყოველგვარ ინსცენირებას.