
ენმ-ს მიერ 1-ელ ოქტომბერს დაანონსებული აქცია გაიმართა, თუმცა შეკრებამ მასშტაბური სახე ვერ მიიღო - ამფითეატრში რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. აქციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილისა და პატიმრობაში მყოფი ენმ-ის სხვა წევრების გათავისუფლება იყო. შეკრების დაწყებამდე და უშუალოდ აქციის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ორჯერ მოუწოდა, არ შესულიყვნენ რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიაზე და არ შეეშალათ ხელი „თბილისობა 2026"-ის მოსამზადებელ სამუშაოებისთვის.
შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმა. ადგილზე მისული იყო სააკაშვილის დედა გიული ალასანიაც, მიმდებარე ტერიტორიაზე მობლიზებული იყო პოლიცია. შეკრებაზე სიტყვით გამოვიდნენ პარტიის ლიდერები და აქცენტი გააკეთეს ენმ-ზე, როგორც ოპოზიციურ სპექტრში ერთადერთ „არგაყიდულ პარტიაზე".
აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე დაპოსტა, რომ ხალხის 80% „აზრზეა მოსული".
„აქამდე თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ჩემი საყვარელი მწერალი სერვანტესი და ჩემი უახლოესი მეგობარი და პოლიტიკური მოკავშირე ჯონ მაკკეინიც ხუთი წელი იყვნენ დატყვევებული. ახლა უკვე გრაფ მონტე-კრისტოს და ნელსონ მანდელას კატეგორიაში მიხდება გადასვლა და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, როგორც არასდროს, ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, იმიტომ, რომ ხალხის 80% აზრზეა მოსული", - წერს სააკაშვილი.
„5%-ზე ჩამოსული პოლიტიკური რეალობიდან - პირდაპირ ისტორიულ სანაგვეზე, საკუთარ თავზე წარმოდგენა კი ისევ 80%-იანი აქვს",- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიხეილ სააკაშვილსა და რიყის აქციაზე.
- გია აბაშიძე: „5%-ზე ჩამოსული პოლიტიკური რეალობიდან - პირდაპირ ისტორიულ სანაგვეზე"
ანა წითლიძის განცხადებით, ენმ ერთადერთი პარტიაა მთელ ოპოზიციურ სპექტრში, რომელიც, მისი თქმით, არ გაყიდულა - ამით მან ხელისუფლების კრიტიკასთან ერთად, ფაქტობრივად, სხვა ოპოზიციური პარტიებსაც დაარტყა.
„ზუსტად 14 წელია რუსული რეჟიმი ცდილობს გაანადგუროს ყველაფერი, რაც მიხეილ სააკაშვილის სახელს და ენმ-ს უკავშირდება. ზუსტად 14 წელია ცდილობს მოკლას ენმ, ვარდების რევოლუციის მონაპოვარი და მემკვიდრეობა, მოკლას თავისუფალი, ერთიანი, ძლიერი საქართველოს იდეა. ზუსტად 14 წელია რუსულმა რეჟიმმა არნახულ რეპრესიებს გამოატარა მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ერთგული, ყველაზე მებრძოლი, ყველაზე რეპრესირებული და ყველაზე გაუყიდავი პარტიაა მთელს ოპოზიციურ სპექტრში. ერთადერთი პარტია ვართ, ვისაც არასრულ ერთ წელიწადში სამი ლიდერი ჰყავთ დაპატიმრებული და ათეულობით პარტიის წევრი",- განაცხადა წითლიძემ.
აქციის დაწყებამდე წითლიძემ განაცხადა, რომ ენმ-ს 1-ელი ოქტომბრის შეკრება ერთჯერადი არაა და „ეს აქცია უნდა იყოს დასაწყისი იმის, რომ ქვეყანაში მასშტაბიანი აქციები დაიწყოს".
- ანი წითლიძე: „ენმ ყველაზე მებრძოლი, ყველაზე რეპრესირებული და ყველაზე გაუყიდავი პარტიაა მთელს ოპოზიციურ სპექტრში"
სიტყვით გამოვიდა ენმ-ს ლიდერი ირაკლი ფავლენივილი, მისი თქმით მიხეილ სააკაშვილმა „გაწირა საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომ ჩამოსულიყო საქართველოში და მოეცა ჩვენთვის თავგანწირვის მაგალითი".
„ნაციონალური მოძრაობა" არ გატყდა, ჩვენ ვართ ყველაზე გაუყიდავი პარტია, ჩვენ ვართ ყველაზე პრინციპული პარტია, ჩვენ ვართ ყველაზე ეროვნული, ქართული პარტია და ეს პარტია აუცილებლად გაიმარჯვებს და გააგრძელებს აღმშენებლობის 9 წელს საქართველოში",- განაცხადა მან.

აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, შს სამინისტრომ პროტესტის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, არ შევიდნენ რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიაზე და ხელი არ შეუშალონ „თბილისობა 2026"-ის მოსამზადებელ სამუშაოებს. უწყების განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც მოქალაქეების იქ გადაადგილება უსაფრთხოების მომეტებულ რისკებთან არის დაკავშირებული. შსს-მა ასევე მოუწოდა აქციის მონაწილეებს, დაიცვან შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილი ნორმები და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
„არაერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული აქციის მონაწილეები, მიუხედავად ორგანიზატორებისთვის წინასწარ მიწოდებული განმარტებებისა და მითითებისა, კვლავ გეგმავენ შეკრების გამართვას რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია ადგილზე არსებული გარემოებებისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ.
როგორც უკვე არაერთგზის განემარტათ აქციის ორგანიზატორებს, ევროპის მოედანსა და რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, „თბილისობა 2026"-ის ღონისძიებებთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს დაწყებული აქვთ ღონისძიებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ შეუშალონ ხელი „თბილისობა 2026"-ის ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს და არ შევიდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაბამისი სამსახურები სამუშაოებს ახორციელებენ.
ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეები არ მიუახლოვდნენ რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები. მიმდინარე სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქალაქეთა შესვლა და გადაადგილება უსაფრთხოების მომეტებულ რისკებთან არის დაკავშირებული და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, გაითვალისწინონ ადგილზე არსებული ვითარება, დაიცვან უსაფრთხოების წესები, ხელი არ შეუშალონ მიმდინარე სამუშაოებს და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
პოლიცია ადგილზე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას",- აღნიშნულია განცხადებაში.