
ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ბოლო წლებში გაზრდილია. სპეციალისტების თქმით, ლეტალური შემთხვევები უფრო მეტად 35-40 ასაკობივ ჯგუფზე მოდის. მათი შეფასებით, აღრიცხვიანობის სისტემური ხარვეზები, ოჯახების მიერ პრობლემის მიჩქმალვა და ხელისუფლების მხრიდან არასაკმარისი რეაგირება არსებულ სურათს კიდევ უფრო ამძიმებს, რაც ეროვნული რეესტრის შექმნასა და გადაუდებელ პრევენციულ ნაბიჯებს სასიცოცხლოდ აუცილებელს ხდის.
„არსებული ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობა წელიწადში რამდენიმე ათეულს შეადგენს და, ჩვეულებრივ, 30-40-ის (უფრო 40-ის) ფარგლებში მერყეობს," - ამბობს „რეზონანსთან" ნარკოლოგი ხათუნა თოდაძე.
მისი თქმით ერთიანი, სრულყოფილი, დროული და სწრაფად განახლებადი სტატისტიკის შეგროვების სისტემა პრაქტიკულად არ მუშაობს. ამიტომ, ბოლო წლების ტენდენციების შეფასებისას ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო და აუცილებელია ზუსტი მონაცემების შეგროვება.
„ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, 2025 წელს ეს შემთხვევები რამდენიმე ათეულით უფრო მომატებული იყო. თუმცა უფრო ზუსტი სტატისტიკისთვის, ალბათ, უმჯობესია გამოითხოვოთ მონაცემები სამხარაულის კლინიკიდან, ეს მათ აქვთ. 2025 წლის ანგარიში არ გამოქვეყნებულა, რომ იქიდან მოგეყვანოთ ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია.
- ხათუნა თოდაძე: „ბევრი წელია ვსაუბრობთ, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნალოქსონი. უნდა იყიდებოდეს აფთიაქებში. მე უფრო მიზანშეწონილად ჩავთვლიდი მის უფასოდ დარიგებას"
აქ ძალიან დიდი პრობლემაა ის, რაზედაც არაერთხელ გვისაუბრია სპეციალისტებს: არც ნარკოტიკული ინტოქსიკაციისა და არც ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევების დაფიქსირება არ ხდება სრულყოფილად. მთელ მსოფლიოში ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ საქართველოში დამატებით ოჯახების მხრიდანაა თხოვნა და ზეწოლაც კი, რის გამოც ის ადამიანები, ვისაც ამ ყველაფრის დაფიქსირება ევალება, უფრო გაგებით ეკიდებიან-ხოლმე.
ფაქტი ის არის, რომ ზედოზირებებისა და ნარკოტიკებით გარდაცვალების დაფიქსირება და სამედიცინო დიაგნოზებში ასახვა შესაბამისად არ ხდება. ამ იძულებულნი ვართ დავეყრდნოთ არაოფიციალურ ინფორმაციას, რაც ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ცნობილია კონკრეტული ადამიანებისგან და ოჯახის წევრების გარდაცვალების შესახებ. ჩვენი აზრით, ეს მაჩვენებელი ნამდვილად მნიშვნელოვნად ჭარბობს ოფიციალურ სტატისტიკას. ამიტომ აუცილებელია, ეს ყველაფერი გამოსწორდეს, ვინაიდან ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა შემდგომში ზედოზირებისა და მათ ფონზე სიკვდილიანობის პრევენცია მოხდეს. რაც შეეხება ასაკს, იმავე არასრული სტატისტიკით, ძირითადად უფრო ახალგაზრდა და საშუალო ასაკზე მოდის. ყველაზე მეტად მოწყვლადია 35-44 წლის ასაკობრივი ჯგუფი. თუმცა, რა თქმა უნდა, არიან უფრო ახალგაზრდებიც და უფრო ასაკოვნებიც.
ზედოზირება და სიკვდილი შესაძლებელია მოხდეს როგორც ნარკოტიკების ინექციური მიღების დროს, ასევე პერორალური, ანუ აბების მიღებით ან ინჰალაციით. თუმცა მაინც უფრო მაღალი რისკი ინექციის დროსაა, ვინაიდან ამ დროს უფრო მძიმე ნარკოტიკები მოიხმარება და თან სწრაფად შედის ორგანიზმში, რომ შეიძლება სასიცოცხლო ცენტრების დათრგუნვა გამოიწვიოს.
ბოლო კვლევით, საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 51,000-ია. მათ შორის ნახევარზე მეტი ოპიოიდებს მოიხმარს. ეს ნარკოტიკების ის ჯგუფია, რომელიც ყველაზე უფრო მეტად იწვევს ზედოზირებას და ლეტალურ გამოსავალს",- აღნიშნა თოდაძემ.
მისი აზრით, სახელმწიფომ ამ კუთხით უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშოს და ამის რესურსები არსებობს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ დიდი რესურსი არსებობს ქვეყანაში, მთელი რიგი პროგრამებისა მუშაობს საკმაოდ დიდი ხანია. განსაკუთრებით, გლობალური ფონდის პროგრამების ფარგლებში დიდი ყურადღება ეთმობა ამ პრობლემას.
პარალელურად უნდა ჩატარდეს სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით. არსებობს ერთიანი სისტემა, რომელიც კრებს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მაგრამ საჭიროა, რომ კიდევ უფრო ეფექტური იყოს ამ სისტემის მუშაობა. ამისთვის თვითონ ზედოზირებებთან დაკავშირებით, ალბათ, კარგი იქნება, თუ ამუშავდება ერთიანი რეესტრი, რომელიც მათ რაოდენობას აღრიცხავს. გარდა ზოგადი სტატისტიკისა, ძალიან მნიშვნელოვანია დეტალების აღრიცხვაც, ვინაიდან აქედან გამომდინარე შეიძლება პრევენციული მექანიზმების უფრო სწორად დაგეგმვა.
ზედოზირების ერთიანი ეროვნული რეესტრი რომ შეიქმნება, შევა მონაცემები პოლიციიდან, სასწრაფოდან, სასამართლო ექსპერტიზიდან, საავადმყოფოებიდან, ჰოსპიტლებიდან. ეს საშუალებას მოგვცემს გავაკეთოთ ტოქსიკოლოგიური დეტალიზაცია და შევისწავლოთ ნივთიერებები. შეგვეძლება ზედოზირებას გადარჩენილი პირების ზუსტი გადამისამართება სამკურნალო და სარეაბილიტაციო სერვისებში, ასევე ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა და ინფორმირება, რეციდივი რომ არ იყოს. მნიშვნელოვანია ასაკობრივი ჯგუფების ზუსტად ცოდნა, რათა უფრო გამიზნულად შეიძლებოდეს ამ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.
ასევე საჭიროა გაანალიზდეს, რამდენად სწრაფად და დროულად იყო გამოძახებული სასწრაფო. როგორ ირეაგირეს გარშემო მყოფებმა, ვინაიდან ზედოზირებისას ადამიანის გადასარჩენად ყოველ წუთს აქვს-ხოლმე მნიშვნელობა. საჭიროა ვიცოდეთ, მაგალითად, ისიც, იყო თუ არა ხელმისაწვდომი ნალოქსონი, რომელსაც ოპიოიდების ზედოზირებისას ადამიანის გადარჩენა შეუძლია.
ამაზე ბევრი წელია ვსაუბრობთ, მეც პირადად და ჩემი კოლეგებიც, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნალოქსონი. უნდა იყიდებოდეს აფთიაქებში. მე უფრო მიზანშეწონილად ჩავთვლიდი მის უფასოდ დარიგებას. ამ მედიკამენტს სხვა გამოყენება არ აქვს და შესაბამისად, არც ისეთი დიდი რაოდენობა გავა აფთიაქებიდან",- განაცხადა ხათუნა თოდაძემ.
ნარკოლოგის და პარტია „ფედერალისტების" წევრის, ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი ნარკომოხმარების პრობლემის იგნორირებას ახდენს.
„სიტუაცია არის უმძიმესი. დღე არ გავა, რომ ზედოზირების ახალი შემთხვევები არ იყოს. სიკვდილი, რეანიმაცია, ფსიქიატრიული საავადმყოფო, ფსიქოზი, ინტოქსიკაცია და ა.შ. ყველას სიკვდილზე დღეს პასუხისმგებელია „ქართული ოცნება". პირადად ჯანდაცვის მინისტრი საერთოდ იგნორირებას ახდენს ამ თემის. ზუსტად ერთი წელი სრულდება რეფორმის დაანონსებიდან და მივიღეთ კატასტროფული მდგომარეობა. აუცილებლად მოეკითხება ამ ადამიანებს იმიტომ, რომ დღეს აღარ გვაქვს არანაირი ნარკოპოლიტიკა.
ზედოზირება იყოს ნაკლები იყოს, ზიანი, რომელიც მოაქვს ნარკოტიკს, იყოს ნაკლები, ნარკოტიკებზე შემცირდეს მოთხოვნა - ამაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. ამისთვის არსებობს მსოფლიოში აპრობირებული მექანიზმები, რომელსაც უნდა აკეთებდეს სახელმწიფო იმისათვის, რომ შეაჩეროს და შეამციროს. ამას კი არ აკეთებენ, თვითონ არიან ჩართული ამ ბიზნესში. 53 მილიონი ლარის სააფთიაქო ნარკოტიკი გაყიდეს კომპანიებმა. ამას ლობირებდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც დაჭერილია. მინისტრის მეორე მოადგილე, რომელიც ასევე დაჭერილია, ჩართული იყო სააფთიაქო ნარკომანიაში."