
დედაქალაქი ოქტომბერს ტრადიციული დღესასწაულით - „თბილისობით" ხვდება, ქალაქის ცენტრი ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ, გასართობ, გასტრონომიულ და სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს. თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებული პროგრამის მიხედვით, წლევანდელი „თბილისობა" რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებულ სივრცეში გაიმართება - რიყის პარკიდან ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებამდე, ლეღვთახევისა და აბანოთუბნის ტერიტორიიდან ევროპის მოედანსა და მეტეხის ხიდამდე.
გასტრონომია, ქართული ღვინო და ტრადიციული სამზარეულო, საბავშვო პროგრამები, მუსიკა, თეატრი, სპორტი, მეწარმეობა, ღია კინო და ქალაქის ისტორიულ სივრცეებში მოწყობილი ინსტალაციები - მერიის მიერ გამოქვეყნებული პროგრამის მიხედვით, სტუმრებს ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთისგან განსხვავებული რამდენიმე სივრცე მოინახულონ.
წლევანდელი თბილისობის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება სწორედ მისი ლოკაციებია. ღონისძიებები თბილისის ისტორიულ უბნებშია გადანაწილებული და ერთი დიდი ღონისძიების ნაცვლად, რა დროსაც საზოგადოებას ყურადღება მხოლოდ სცენისა და კონცერტის მიმართ ჰქონდა გადატანილი, ისტორიული ქალაქის ფესტივალის ფორმატს მიიღებს.
წლევანდელ პროგრამაში საერთაშორისო კომპონენტიც არის - ორბელიანის მოედანზე იტალიის საელჩოს სივრცე მოეწყობა, სადაც იტალიური კულინარია, მასტერკლასები და მუსიკალური პროგრამა იქნება წარმოდგენილი. ამასთან, წელს „თბილისობა" ქალაქის სტუმრებისთვისაც იქნება ერთ-ერთი შესაძლებლობა, თბილისი არა მხოლოდ ტურისტული ღირსშესანიშნაობების, არამედ ქალაქის მთავარი დღესასწაულის კონტექსტში აღმოაჩინონ - ღონისძიებების ნაწილი სწორედ იმ ისტორიულ სივრცეებში გაიმართება, რომლებსაც ტურისტები ყველაზე ხშირად სტუმრობენ.
მასშტაბური ღონისძიებების გამო, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადაადგილებაც შეიცვლება. მერიის ინფორმაციით, 3 ოქტომბრის 01:00 საათიდან 6 ოქტომბრის 08:00 საათამდე სრულად შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა ევროპის მოედანზე, მეტეხის აღმართზე, მეტეხის ხიდზე, ღვინის აღმართსა და შესაბამის მონაკვეთებზე. ასევე დროებითი შეზღუდვები შეეხება კოსტა ხეთაგუროვის ქუჩას. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილს მოძრაობის მიმართულება შეეცვლება. ამიტომ მათთვის, ვინც „თბილისობაზე" ქალაქის ცენტრში გადაადგილებას გეგმავს, მერიის მიერ გამოქვეყნებული სატრანსპორტო სქემის წინასწარ გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება.
სად რა ღონისძიება გაიმართება „თბილისობა 2026"-ზე
ორბელიანის მოედანი - 3-4 ოქტომბერი: გასტრონომიული ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, თბილისური სახელოსნო, ღვინისა და ყველის კუთხე, საბავშვო სივრცეები, ატრაქციონები, კულინარიული მასტერკლასები, იტალიის საელჩოს სივრცე და მუსიკალური პროგრამა. 3 ოქტომბერს გაიმართება საბავშვო და „ბიგ ბენდის" კონცერტები, საღამოს კი მთავარი კონცერტი; 4 ოქტომბერს - საბავშვო კონცერტი და ქალაქური მუსიკის საღამო.
რიყის პარკი - 3-4 ოქტომბერი: მთავარი გასართობი და ოჯახური პროგრამა - „თბილისის დიდი სამზარეულო", „Street Food თბილისი", გასტრონომიული ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, საბავშვო სივრცეები და ატრაქციონები. გაიმართება სპორტული აქტივობები, ავტო-მოტო ფესტივალი და მუსიკალური პროგრამა. ბავშვებისთვის დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები, ჯამბაზების, ილუზიონისტებისა და საპნის ბუშტების შოუები, დრამერების გამოსვლები და სხვა აქტივობები.
ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი - 3-4 ოქტომბერი: აქცენტი ავტო-მოტო მიმართულებაზე. 3 ოქტომბერს გაიმართება მოტოციკლების სამოყვარულო შეჯიბრებები, ავტო-მოტო გამოფენა და ფოტოექსპოზიცია, 4 ოქტომბერს კი - ენდუროს შეჯიბრების დასკვნითი ეტაპი და გამარჯვებულთა დაჯილდოება.
ლეღვთახევი და აბანოთუბანი - 3-4 ოქტომბერი: გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება", კულტურულ-შემოქმედებითი სივრცე, სადღესასწაულო დეკორაციები, თემატური პროექციები და პერფორმანსები.
გუდიაშვილის მოედანი - 3-4 ოქტომბერი: ღია კინოთეატრი, სამეწარმეო და გასტრონომიული სივრცეები, ღვინისა და ყველის კუთხე. საღამოს გაიმართება მუსიკალური კონცერტები - 3 ოქტომბერს „ღიმილის ბიჭები", სალომე გოცირიძე და ბენდი, 4 ოქტომბერს კი „ელის ბენდი" და „ჩაქოს ბენდი".
4 ოქტომბერს, 20:00 საათზე „თბილისობის" ერთ-ერთი მთავარი ოფიციალური ღონისძიება თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება გაიმართება.