
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.
როგორც კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა აქტივობამ 51,6% შეადგინა.
„არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო და კონკურენტულ საარჩევნო გარემოში ჩატარდა, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა.
საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებით მიმდინარეობდა“,- განაცხადა კალანდარიშვილმა.
საკრებულოს შუალედური არჩევნები საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში - ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში გაიმართა.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდა.
ამომრჩევლებმა აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრი აირჩიეს, შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში. საარჩევნო უბნები გახსნილი იყო ახმეტაში - სოფელ კასრისწყალში, დმანისში - სოფ. ველისპირსა და სოფ. განახლებას შორის, წალკაში სოფლებში - იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში - სოფელ ფერეთაში.გამოყენებული იქნა როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული კენჭისყრის მოდელი. წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე გამოყენებული იყო ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენდა. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50 - მა ამომრჩეველმა მიმართა.
არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7 კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებული იყო მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.