რეზონანსი
04.10.2026

დიახ, ვნახე [კადრები] - რაც ყველამ დაინახა, ის ვნახე მეც - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.

მისი თქმით, ეს დაგეგმილი პროცესია.

კალაძის მტკიცებით, დღეს საქართველოში არის თავისუფლება, დემოკრატია, დაცულია ადამიანის უფლებები, ღირსება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

„ეს ყველაფერი არასერიოზულია. ის დრო, როდესაც ქვეყანაში იყო სრული განუკითხაობა, უსამართლობა და არასამართლიანი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ, ქართველ ხალხთან ერთად 2012 წელს დავასრულეთ. 2012 წლის შემდეგ ვერ დაასახელებთ ვერცერთ ფაქტს, ამ შემთხვევაში ავიღოთ ციხეები, არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. ვერცერთ ფაქტს ვერ წარმოადგენთ, რადგან ასეთი რამ არ არსებობს და არც ყოფილა. იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი ღირსებაა. მნიშვნელობა არ აქვს, ის პატიმარია თუ სხვა საქმიანობითაა დაკავებული ექიმია, ბიზნესმენი თუ მასწავლებელი. მნიშვნელოვანია ღირსება - ადამიანის ღირსებას არავინ უნდა შეეხოს, მით უმეტეს, ციხეებში.

ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი პროცესი. თუ დააკვირდებით, როგორ დაიწყო და განვითარდა ეს ყველაფერი, ერთი რამ არის საინტერესო: გაუპატიურების მცდელობის ეს ვითომ ფაქტი, როგორც ამბობენ, 2025 წელს მოხდა. ამდენი ხნის განმავლობაში რა ხდებოდა? აქ მეორე მთავარი უბედურება ის არის, როდესაც კონკრეტული ადამიანი, პატიმარი ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს ამ ტიპის განცხადებებით.

დიახ, ვნახე [კადრები] - როგორც ყველამ, ისე ვნახე მეც. რაც ყველამ დაინახა, ის ვნახე მეც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ეს არის რეალობა და სიმართლე. ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, რაც არ უნდა ეცადოთ, ვერ იქნება. ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, უამრავმა ადამიანმა გამოცადა საკუთარ ოჯახსა და ახლობლებზე - ბიზნესის რეკეტი თუ არაადამიანური მოპყრობა ციხეებში. არაერთი ვიდეომასალა გვაქვს ნანახი, როგორ უსწორდებოდნენ პატიმრებს, როგორ გამოჰყავდათ, აკრავდნენ მანქანაზე და რა ხდებოდა შემდეგ. არ მინდა ამ ყველაფრის გახსენება. ეს ყველაფერი დამთავრდა და ჩაბარდა წარსულს. დღეს ქვეყანაში არის თავისუფლება, დემოკრატია, დაცულია ადამიანის უფლებები, ღირსება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“, - განაცხადა კახა ხალაძემ.

ცნობისთვის, რუსთავის მე-6 დაწესებულებასთან მსჯავრდებულის ოჯახის წევრების და მისი მხარდამჭერების აქციის გამართვის მიზეზი თავად მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებაა. მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.

საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×