
რუსეთის ვორონეჟის ოლქში სამართალდამცავებმა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის, ელენა წერეთლისა და მისი ქალიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„დაკავებულია თეიმურაზ გოგიაშვილი, დაბადებული 1979 წელს. ის საქართველოს მკვიდრია. ადრე ნასამართლევი არ ყოფილა", - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.
მოსკოვის პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო, პროკურორის მონაწილეობით, ეჭვმიტანილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხზე უახლოეს მომავალში იმსჯელებს.
ცნობისთვის, 3 ოქტომბერს, მოსკოვში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ადამიანის სხეულის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, მოკლული ქალი 1972 წელს დაბადებული ბიზნესმენი ელენა წერეთელია, რომელიც რესტავრატორ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლეა. ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოკლული ბიზნესმენის ქალიშვილის ცხედარი იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანაშაულში შესაძლოა ელენა წერეთლის პარტნიორი მონაწილეობდა.