თამთა ჩაჩანიძე
05.10.2026

ოპოზიციის მიერ არჩევნების ბოიკოტის სტრატეგია კვლავ კრიტიკას იწვევს - „ქართული ოცნების" ოპონენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულმა ბოიკოტმა ოპოზიცია დააზიანა და საბოლოოდ მმართველი პარტიის პოზიციები გააძლიერა.

ამასთან, ანალიტიკოსთა ნაწილი ოპოზიციისგან ბოიკოტის საბოლოო მიზნის განმარტებას ითხოვს და მიუთითებს, რომ ამომრჩევლისთვის დღემდე მკაფიოდ არ განუმარტავთ, კონკრეტულად რა შედეგის მიღწევას ემსახურებოდა არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა.

„ლელოში" მიიჩნევენ, რომ ბოიკოტმა და არჩევნების ნაცვლად ქუჩის პროტესტზე აქცენტის გაკეთებამ ოპოზიციური ამომრჩევლის ნაწილი არჩევნებზე არ მიიყვანა.

„ძლიერი საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, თაზო დათუნაშვილის შეფასებით, 4 ოქტომბრის არჩევნებმა აჩვენა, რომ მოქალაქეების ნაწილისთვის მოწოდებამ - არჩევნებზე არ მისულიყვნენ და ქუჩაში განვითარებულ მოვლენებს დალოდებოდნენ - იმუშავა.

მისი თქმით, ახლა პარტიის ამოცანაა საკუთარ ამომრჩეველთან მუშაობა და მისი დარწმუნება, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია, ხოლო სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ეს მიდგომა და პოლიტიკურ საქმიანობას მიხედონ.

რა მოუტანა ბოიკოტმა ოპოზიციას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბოიკოტმა ოპოზიციური პარტიებისთვის პოლიტიკური ზიანი მოიტანა. მისი თქმით, ერთხელ არჩეულმა ბოიკოტის სტრატეგიამ ოპოზიცია იმავე პოზიციაში „გააჯიუტა" და საბოლოოდ თავად მათ წინააღმდეგ დაიწყო მუშაობა.

„დავიწყებ იმით, თუ რატომ დადო „ლელომ" ცუდი შედეგი. ეს სავსებით მოსალოდნელი იყო და არ მესმის, რატომ აბრალებენ ამას სხვა პარტიების ბოიკოტს - გამოეყვანათ ძლიერი კანდიდატები, დაეწერათ კარგი პროგრამა, რომელიც მისაღები იქნებოდა ხალხისთვის და ჩაეტარებინათ ეფექტური საარჩევნო კამპანია.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „ერთხელ რომ ჩაეჭიდნენ ბოიკოტის ვერსიას, მას შემდეგ კვლავ ამ პოზიციაზე დგანან. ვერ ხვდებიან, რომ ეს პოზიცია უკვე მათსავე საზიანოდ მუშაობს"

ვფიქრობ, ამისთვის თანხების ნაკლებობას არ განიცდიან, მითუმეტეს, რომ საკუთარი ტელევიზიაც გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, ალბათ, გარკვეულ შედეგს დადებდნენ. „ლელოს მიერ მიღებული ეს შედეგი სავსებით ლოგიკური იყო.

„რაც შეეხება პარტიების ბოიკოტს - ჩემი დაკვირვებით, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ერთხელ უკვე გამოაცხადეს ხელისუფლებისადმი არათანამშრომლობა (მათ შორის ბოიკოტის სახით), უბრალოდ, რცხვენიათ, რომ უარი თქვან ადრე გაცხადებულ პოზიციაზე. ეს მახსენებს ცნობილ ინგლისურ ანდაზას: „ჭკვიანი იმით განსხვავდება სულელისგან, რომ ჭკვიანს შეუძლია შეიცვალოს პოზიცია და მოსაზრება, სულელს კი - არასოდეს.

„ერთხელ რომ ჩაეჭიდნენ ბოიკოტის ვერსიას, მას შემდეგ კვლავ ამ პოზიციაზე დგანან. ვერ ხვდებიან ან ვერ გრძნობენ, რომ ეს პოზიცია უკვე მათსავე საზიანოდ მუშაობს. ამას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „შეცდომაში გაჯიუტება" ჰქვია.

„მათი საერთაშორისო პარტნიორები არ უჭერენ მხარს არჩევნების ბოიკოტირების იდეას. ეს არაერთხელ ითქვა როგორც ღიად, ისე, რამდენადაც ვიცი, დახურულ კარს მიღმაც. თუ მანამდე ეს პარტიები არ აიკრძალა, არ გამოვრიცხავ, რომ მათ 2028 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ - შეიძლება ყველამ არა, მაგრამ ნაწილმა მაინც",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ოპოზიციის ბოიკოტმა საბოლოოდ „ქართული ოცნება" გააძლიერა - ოპოზიციამ დაკარგა ადგილები საკრებულოებში, მისი ამომრჩევლის ნაწილი არჩევნებზე აღარ მივიდა და ხელისუფლებას ადგილობრივ დონეზე ოპოზიციური კონტროლი პრაქტიკულად გაუქრა. მისივე თქმით, ბოიკოტის საბოლოო მიზანი ოპოზიციას დღემდე მკაფიოდ არ განუმარტავს.

„ბოიკოტმა „ქართული ოცნება" გააძლიერა. 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციამ მთელ საქართველოში, საკრებულოებში, 500-მდე ადგილი მოიპოვა, ხოლო 2025 წლის არჩევნებზე მხოლოდ 130-მდე ადგილი აიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაკანტური ადგილები „ქართულმა ოცნებამ" შეივსო - პრაქტიკულად მოიგო მთელი საქართველო და ადგილებზე ყოველგვარი ოპოზიციური ნიშნები გაანადგურა, რაც შუალედურ არჩევნებშიც გამოჩნდა.

„ლელოს" განცხადება სიმართლესთან ახლოსაა. იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც 2025 წელს ბოიკოტში მონაწილეობდნენ, შუალედურ არჩევნებზე დადებითი არაფერი უთქვამთ, არც არჩევნებზე მისვლისა და ხმის მიცემისკენ მოუწოდებიათ. ანუ, ბოიკოტი დუმილით გრძელდება.

„იმ ოპოზიციის მთავარი ამოცანა, რომელიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა, არა „ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ „შუის გაკრეფა" იყო. ეს ივანიშვილის პოზიციაც იყო. „ქართული ოცნებისთვის" „ნაციონალური მოძრაობა" მოსახერხებელი სამიზნეა, რადგან წარსულის გამო მასზე შეტევა მარტივია.

„ბოიკოტის მომხრე პარტიები "შუის გაკრეფის" ამოცანას აგრძელებენ. ვინაიდან „ქართულ ოცნებას" ვერ ერევიან, სურთ დანარჩენი ოპოზიცია მოიცილონ, რომ მმართველ პარტიასთან პირისპირ დარჩნენ იმ იმედით, რომ ამომრჩეველი მათ მიემხრობა. „ნაციონალური მოძრაობის" "თანავარსკვლავედი" დაინტერესებულია, გარშემო ყველაფერი მოასუფთაოს.

„მათ დღემდე არ უთქვამთ, რა იყო ბოიკოტის საბოლოო მიზანი - არ განუმარტავთ, რა მიზანი ჰქონდათ 2024 წელს პარლამენტში არშესვლით, ან ადგილობრივი არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებით. თუ პარლამენტში არშესვლით ბოიკოტს უცხადებ ხელისუფლებას, ადგილობრივ არჩევნებზე ბოიკოტს უცხადებ საკუთარ ხალხს, რომელსაც ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება სურს. ჩემი აზრით, პარლამენტის წევრობის კანდიდატი არც უნდა გახდეს ის, ვისაც საკრებულოში არ უმუშავია.

„ამ პარტიებმა არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, შეგნებულად დაამთხვიეს რევოლუციური პროცესები, რათა ხალხი არჩევნებზე არ მოსულიყო. შესაბამისად, ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკა. ბოიკოტს არასოდეს უმუშავია და ის მხოლოდ მმართველი პარტიის გაძლიერებას უწყობს ხელს.

„ჩემთვის ყველაზე საგანგაშო ის იყო, რომ მოსახლეობა აჰყვა ამ ბოიკოტს. საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციისთვის ხმის მისაცემად 900 000 ადამიანი (ამომრჩევლის 45%) მივიდა, ხოლო ადგილობრივ არჩევნებზე აქტივობა მკვეთრად დაეცა. „ქართულ ოცნებას" ადგილობრივ არჩევნებზე გაყალბება, დაშინება თუ მოსყიდვა აღარ დასჭირდა, რადგან ოპოზიციის ამომრჩეველი არჩევნებზე უბრალოდ არ მივიდა.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „ბოიკოტმა „ოცნება" გააძლიერა. 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციამ საკრებულოებში 500-მდე ადგილი მოიპოვა, ხოლო 2025 წლის არჩევნებზე მხოლოდ 130-მდე"

„ოპოზიციურ ამომრჩეველს „ქართული ოცნების" არ ეშინია, თუმცა ვერც ოპოზიციაში ხედავენ გამოსავალს. თუ ოპოზიცია მოახერხებს და არჩევნებზე ჯამში 1 200 000 ამომრჩეველს მიიყვანს, „ქართულ ოცნებას" ვერანაირი გაყალბება და ცესკო ვერ უშველის - ზუსტად ისე, როგორც ეს 2012 წელს მოხდა, როდესაც ხალხის ნაკადმა გაყალბების ყოველგვარი რესურსი გადაფარა.

„ჩემი მთავარი მოწოდება ყოველთვის იყო და იქნება: აუცილებლად მიდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი, რათა თქვენი ხმა ვერავინ გამოიყენოს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რას ამბობენ „ლელოში"

„ძლიერი საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, თაზო დათუნაშვილი „პალიტრანიუსთან" გასულ კვირას ვანში, დმანისსა და წალკაში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს და პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს" შედეგებს გამოეხმაურა, თაზო დათუნაშვილის შეფასებით, ძალიან ცუდი შედეგი დაიდო და სამუშაო ბევრია პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციასთან. ამ კონტექსტში, მან არჩევნებზე მოქალაქეთა აქტივობაზე ისაუბრა.

„შუალედური არჩევნების შედეგები გვეუბნება იმას, რასაც რაციონალურად უნდა გვეუბნებოდეს, რომ ძალიან ბევრი სამუშაოა, ძალიან ცუდი შედეგი დაიდო დმანისსა და წალკაში, ძალიან ცუდი შედეგი, შესაბამისად, ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციებთან ამ ორ ადგილას ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა ასეთი რამ არ განმეორდეს, მიუხედავად იმისა, რომ ვსაუბრობთ, სუს-ის მიერ პირდაპირ კონტროლირებად ორ რთულ რეგიონზე.

„4 ოქტომბრის არჩევნებმა აჩვენა ის, რომ ბოიკოტმა და იმ ავანტიურამ, როდესაც ხალხს ქუჩაში ეძახდნენ და ეუბნებოდნენ, ერთ დღეში რევოლუციას მოვაწყობთ, არჩევნებში მისვლა კი არ დაგჭირდებათო, ამან იმუშავა მათ შორის იმაზე, რომ ადამიანები არჩევნებზე არ მოვიდნენ. ჩვენს ამომრჩეველს უნდა ველაპარაკოთ და ის საპირისპიროში დავარწმუნოთ. ყველას ამომრჩეველს ოპოზიციიდან ჩვენ ვერ დავარწმუნებთ, ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, რომ შეწყვიტონ მავნებლობა და მიხედონ საქმეს", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×