ნატალია ჯვარიძე
05.10.2026

ომანელი ჰამამ ალ-ჰამამი ისრაელში დაჯდომის ნებართვის მიღებას აპირებდა, რის შემდეგაც ლაინერი აეროპორტის ტერმინალისკენ უნდა მიემართა. ამის შესახებ მე-12 არხი დაკითხვის მასალებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოძიების მონაცემებით, ალ-ჰამამი თავდასხმას რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდა. ივნისში მან ერთ-ერთი რეისის დროს აეროპორტში ინფორმაცია შეაგროვა, მანამდე კი თელ-ავივის მიმართულებით რეისის შერჩევას ცდილობდა.

გამომძიებლებისთვის მიცემულ ჩვენებაში მან განაცხადა, რომ მისი ოცნება „ბენ-გურიონზე მიჯახება" იყო. თავდასხმის ჩაშლა მას შემდეგ მოხერხდა, რაც ინდოელმა კაპიტანმა სმიტ მაჩჰარმა, მძიმე ჭრილობების მიუხედავად, კაბინის კარი გააღო. მგზავრებმა და სხვა პილოტებმა შიგნით შესვლა და თავდამსხმელის შეჩერება შეძლეს.

კაპიტანისა და მგზავრების ქმედებებმა ასეულობით მსხვერპლის მქონე უზარმაზარი ტრაგედია ააცილა მსოფლიოს თავიდან. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ვიდეოზარით პირადი მადლობა გადაუხადა ინდოელ კაპიტანს, სმიტ მაჩჰარს, გამოჩენილი გმირობისთვის, რომელმაც მძიმე ჭრილობების მიუხედავად, ასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

ისრაელის პრემიერმაც მადლობა გადაუხადა ეკიპაჟის წევრებს და მგზავრებს თავდადებისთვის. როგორც Wall Street Journal წერს, ალ-ჰამამი რადიკალური შეხედულებების გამო სახელმწიფო ავიაკომპანია Oman Air-იდან ადრე უკვე მოხსნეს ფრენებიდან, თუმცა, ამის შესახებ „ფლაიდუბაისთვის" არ შეუტყობინებიათ.

ინციდენტის შემდეგ ნეთანიაჰუმ მომხდარი „ისლამისტურ რადიკალიზაციად" შეაფასა და აღნიშნა, რომ ისრაელის მხარე მკაცრად ამოწმებს, ჰყავდა თუ არა თავდამსხმელ თანაპილოტს თანამზრახველები ან კოორდინატორები გარედან.

The Guardian-ის საერთაშორისო უსაფრთხოების კორესპონდენტი ჯეისონ ბერკი სვამს მთავარ კითხვას პილოტის მოტივაციასა და რადიკალიზაციის მექანიზმებზე. მისი შეფასებით, ჰამამ ალ-ჰამამის ქმედება სცილდება მარტივი სუიციდის ფარგლებს და აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა მისი იდეოლოგიური დამუშავება (ინდოქტრინება) და ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები გარედან.

რეგიონული და გეოპოლიტიკური მიმომხილველები ამ კრიზისს აფასებენ, როგორც მძიმე დარტყმას რეგიონული საავიაციო ინდუსტრიისთვის, რომელიც ისედაც იბრძოდა პოსტკონფლიქტური პერიოდის გამოწვევების გადასალახად.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ინციდენტმა შესაძლოა დროებით დაძაბოს საავიაციო თანამშრომლობა სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ისრაელს შორის. ისრაელის დაზვერვისა და თავდაცვის სფეროს ანალიტიკოსები აკრიტიკებენ არსებულ პროტოკოლებს პილოტების წარსულის შემოწმებასთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ ავიაკომპანიებმა მკაცრად უნდა გადახედონ კადრების შერჩევის კრიტერიუმებს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ, მაგრამ, სადაც პირდაპირი რეისები ხორციელდება.

ინციდენტის შემდეგ სოციალურ ქსელებსა და გარკვეულ მედიასაშუალებებში გავრცელდა ვერსიები და კონსპირაციული თეორიები იმის შესახებ, რომ ეს ინციდენტი შესაძლოა ისრაელის „დადგმული" ანუ ე.წ. „ცრუ დროშის ქვეშ" ჩატარებული ოპერაცია ყოფილიყო.

ამ თეორიის მომხრეები ამბობენ, რომ კაბინაში ბრძოლა და თვითმფრინავის ვარდნა ხელოვნურად იყო დადგმული ისრაელის მიერ პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად, უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გასამკაცრებლად ან ყურადღების გადასატანად.

ამასთან, ვრცელდება ვარაუდები, თითქოს შესაძლოა ინციდენტი ყოფილიყო უფრო პატარა მასშტაბის ტექნიკური ან შიდაკორპორატიული კონფლიქტი, რომელიც მედიამ და პოლიტიკოსებმა „ტერორისტულ თავდასხმად" მონათლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×