
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მედვედევმა ირანის სამთავრობო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში სომხეთთან გამწვავებულ ურთიერთობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ კავკასიისა და კასპიის რეგიონის ქვეყნებს აქვთ სრული პოტენციალი, საკუთარი ძალებით, მეზობლურად და უცხოური ძალების ჩარევის გარეშე მოაგვარონ პრობლემები, ივაჭრონ და განვითარდნენ.
არც ის გამორიცხა, რომ შესაძლოა სომხეთმა უკრაინის ბედი გაიზიაროს და გეოპოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლად იქცეს, თუ ის კურსს ბოლომდე შეიცვლის.
„სერიოზული გამოცდის წინაშეა ჩვენი ურთიერთობა სომხეთთან. სომხეთის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ განვითარების ვექტორის შეცვლა გადაწყვიტა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ესეც კარგს არაფერს მოიტანს. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება სომხეთს დაემართოს, არის მისი მორიგ უკრაინად ქცევა. ეს ნათლად ასახავს იმას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.
ჩვენს რეგიონულ პრობლემებს ჩვენვე ვაგვარებთ. ჩვენ კავკასიის ნაწილი ვართ და თქვენთან ერთად კასპიის რეგიონსაც მივეკუთვნებით. ჩვენ არ გვჭირდება ვინმე სხვა იმისთვის, რომ ვიმეგობროთ, ვივაჭროთ და განვითარდეთ" - თქვა მედვედევმა.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ დიმიტრი მედვედევი კრემლის პოზიციას ახმოვანებს.
„რაც შეეხება მედვედევის განცხადებას, ეს არის კარგად გათვლილი. რუსეთი კარგავს თავის გავლენას სომხეთში და აზერბაიჯანში. როგორც ჩანს, რუსეთი განიხილავს საქართველოს, როგორც ერთადერთ „კუნძულს", სადაც მას შეუძლია თავისი გავლენის ზონები გაავრცელოს და გააფართოოს.
ეს არის, პირდაპირი სამხედრო მუქარა, რომ რუსეთი სომხეთს გადააქცევს უკრაინად. რა თქმა უნდა, ეს აზერბაიჯანსაც ეხება - მედვედევის მიერ კასპიის ზღვის ხსენება ამას გულისხმობს. ასე რომ, ეს არის სამხედრო მუქარა, რომელიც განხორციელდა სწორედ ამ კონტექსტში.
მედვედევი ახმოვანებს იმას, რასაც ცდილობენ, რომ არ გაახმოვანონ კრემლიდან. მედვედევი არის ყველაზე აგრესიული ქორი რუსეთის კრემლის ადმინისტრაციაში", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".