
ქალაქებში სკუტერებისა და სქროლების მომრავლებამ ყოველდღიურობა სერიოზულ გამოწვევად აქცია. ერთი მხრივ, ეს ტრანსპორტი გადაადგილებას ამარტივებს, მეორე მხრივ კი, საგზაო უსაფრთხოების მთავარ თავსატეხად იქცა. მცირე სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების დიდი ნაწილი წესებს საერთოდ არ იცავს, რის გამოც ავარიებისა და მძიმე შედეგების რიცხვი მატულობს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომ აუცილებელია ან მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს, ან სქროლები სრულად აიკრძალოს ისეთ ადგილებში, სადაც საავტომობილო მოძრაობაა.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა, რომ სქროლების დაშვებით, გაუმჯობესდა ჰაერის დაბინძურების საკითხი, თუმცა გაუარესდა საგზაო უსაფრთხოება. მცირეგაბარიტიანი ტრანსპორტისთვის აუცილებელია სპეციალური ინფრასტრუქტურის შექმნა.
„ჩემი აზრით, საგზაო მოძრაობის კანონი ჩამორჩა გამოწვევებს. მცირეგაბარიტიანი (სქროლები, კვადროციკლები) ტრანსპორტის მხარდამჭერები ვართ, რადგან საცობების, ჰაერის დაბინძურების პრობლემა გვაქვს, მაგრამ პირველ რიგში, აუცილებელია შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ამის მერე უკვე გექნება უფლება, მოსთხოვო, რომ მსგავსი ტრანსპორტით შესაბამის არეალში, შესაბამისი სიჩქარით იმოძრაონ. სქროლების დაშვებით, გავაუმჯობესეთ ჰაერის დაბინძურების საკითხი, მაგრამ გავაუარესეთ საგზაო უსაფრთხოება,“ - აღნიშნა დავით მესხიშვილმა რადიო „პალიტრაში“ სტუმრობისას.
როგორც საგზაო უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ, წლიდან წლამდე მატულობს როგორც ტროტუარებზე ფეხით მოსიარულეთა დაშავების ფაქტები, ისე სავალ ნაწილზე გამოსულ სკუტერებსა და ავტომობილებს შორის შეჯახებები. ტრანსპორტისა და ურბანული მობილობის სპეციალისტის, გიორგი ჯაფარიძის აზრით, პრობლემის მთავარი მიზეზი ქაოსური და დაუცველი გარემოა
„დღეს ქალაქის ქაოსურ მოძრაობაში ელექტროსკუტერები და სქროლები სრულ პოტენციურ საფრთხედ იქცნენ როგორც მძღოლებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეებისთვის. კარგად ვხედავთ იმ ვიდეოებსა და კადრებს, რასაც მოქალაქეები ავრცელებენ - სკუტერით მოსარგებლეები ხშირად მოულოდნელად, ყოველგვარი მანევრირების წესებისა და წესრიგის დაცვის გარეშე ჩნდებიან გზის სავალ ნაწილზე. მძღოლს ფიზიკურად არ აქვს იმის საშუალება, რომ ასეთი სიჩქარითა და ზოლების მკვეთრი კვეთით მოძრავი სქროლი დროულად შენიშნოს.
სანამ არ დაიწესება მკაცრი რეგულაციები, სიჩქარის ზღვარბი და სანამ თავად მომხმარებლები არ გაითავისებენ მოძრაობის კულტურას, მსგავსი ინციდენტები ყოველდღიურ რუტინად დარჩება“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს“ ჯაფარიძემ.
ექსპერტების შეფასებით, ელექტროსკუტერებით გამოწვეული კრიზისი მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა არ არის, არამედ პირველ რიგში, მშობელთა პასუხისმგებლობის საკითხია და პასუხისმგებლობა მთლიანად ოჯახზე ნაწილდება.
როგორც ავტომობილებისა და საგზაო უსაფრთხოების ექსპერტმა მევლუდ მელაძემ აღნიშნა, პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია, თითოეულმა მშობელმა და სახელმწიფომ უნდა გააცნობიეროს არსებული საფრთხის მასშტაბი.
„დროა, ყველამ გააცნობიეროს: სქროლი და ელექტროსკუტერი არ არის უბრალო სათამაშო – ის მაღალი რისკის მქონე სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც ქალაქის მოძრაობაში განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. თანამედროვე სკუტერები საკმაოდ მაღალ სიჩქარეს ავითარებენ, მძღოლებისთვის კი ისინი სრულიად მოულოდნელ დაბრკოლებად გადაიქცევა, მით უმეტეს, როცა სათანადო ინფრასტრუქტურა არ გვაქვს.
განსაკუთრებით მძიმეა მშობლების პასუხისმგებლობის საკითხი. მიუღებელია, როდესაც მოზარდები ყოველგვარი წესების, დამცავი აღჭურვილობისა და გამოცდილების გარეშე გამოჰყავთ სავალ ნაწილზე. სანამ კანონმდებლობა მკაფიოდ არ განსაზღვრავს ასაკობრივ ზღვარს, სიჩქარის ლიმიტსა და პასუხისმგებლობას, ხოლო მშობლები ბავშვების უსაფრთხოებას სათანადოდ არ გაითავისებენ, ყოველი ასეთი გასვლა შესაძლოა, საბედისწერო ტრაგედიით დასრულდეს", - განაცხადა მელაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან".
რაც შეეხება ევროპულ გამოცდილებას, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, რამდენიმე ქვეყანაში ელექტროსკუტერების მიერ შექმნილ ქაოსს უკვე მკაცრი და რადიკალური ზომებით ებრძვიან. მაგალითად, პარიზი გახდა ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელმაც მოსახლეობის რეფერენდუმის საფუძველზე ქალაქის მასშტაბით სრულად აკრძალა გაქირავებადი ელექტროსკუტერები, ხოლო ევროპის სხვა დიდმა ქალაქებმა, როგორიცაა რომი, მადრიდი და სტოკჰოლმი, მკაცრი ლიმიტები დააწესეს – შეზღუდეს სიჩქარე, შემოიღეს სავალდებულო პარკირების ზონები და წესების დარღვევისთვის ჯარიმები გაამკაცრეს.
საქართველოშიც მთავრობა არასრულწლოვანი პირების მიერ ელექტროსკუტერების გამოყენების სამართლებრივ რეგულირებას გეგმავს. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში იყო აღნიშნული.
გეგმის თანახმად, მთავრობა აპირებს კანონპროექტის შემუშავებას და პარლამენტში წარდგენას, რომლის მიზანიც ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დაცვა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მიერ დამტკიცებულ საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმაში იყო საუბარი.