
დაახლოებით ერთ თვეში, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე, სავარაუდოდ, საპატიმროს დატოვებენ - საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ზოდელავამ და ბერიძემ ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და უწყებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს. ოპოზიციის ნაწილი ზოდელავასა და ბერიძეს „ღალატში" ადანაშაულებს, ნაწილი კი მათ გადაწყვეტილებას პრაგმატულ ნაბიჯად აფასებს.
მედიის ინფორმაციით, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ, 1 წლითა და 1 თვით პატიმრობის პირობით გაუფორმდებათ დ ასეთ შემთხვევაში ისინი საპატიმროს 4 ნოემბერს დატოვებენ.
„საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ იყო სახარბიელო, მაგრამ ახლა თავს ნორმალურად გრძნობს", - აცხადებს მურთაზ ზოდელავას მეუღლე და ადვოკატი მაია მუმლაძე.
საქართველოს პროკურატურის ოფიციალური განცხადებით, ლაშა ბერიძემ და მურთაზ ზოდელავამ ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და უწყებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს. საქმე ეხება 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციას. აღნიშნულია, რომ მათ ბრალად ედებოდათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
„სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მომართეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ „როცა ადამიანები აღიარებენ საკუთარ ნამოქმედარს და ინანიებენ დანაშაულებრივ ქმედებას, ეს ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო ბრალდება იყო მართალი".
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 5 ოქტომბრის სხდომაზე, ზოდელავამ და ბერიძემ საპროცესო შეთანხმების გაფორმება თავად მოითხოვეს. ამ განცხადების შემდეგ სასამართლო სხდომა გადაიდო და 13 ოქტომბერს განახლდება.
4 ოქტომბრის საქმეზე, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის გარდა, გური ჟვანია და ირაკლი ჩხვირკიაც ითხოვენ საპროცესო შეთანხმებას.
ვინ ამტყუნებს და ვინ ამართლებს
4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი მსჯავრდებულის, პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე აღნიშნულ პირებს ღალატში ადანაშაულებს და ამბობს, რომ „მეთაურებმა ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვეს".
„პატიმარი, რომელიც ქართული რეჟიმის აღვირახსნილობას სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა, გარდაიქმნა გმირად, ხოლო რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი.
- შუქრი ბურჭულაძე: „ვფიქრობ, ეს „გადაწყვეტილება" ციხის სკანდალის გადაფარვის მცდელობისთვის არის მიღებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე".
„ვფიქრობ, ეს „გადაწყვეტილება" ციხის სკანდალის გადაფარვის მცდელობისთვის არის მიღებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე", - წერს შუქრი ბურჭულაძე.
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა ამ გადაწყვეტილებას გამართველულად მიიჩნევს:
„როცა არ არის დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემა და სასამართლო, გამართლებულად მიმაჩნია ადამიანებმა ისარგებლონ შესაძლებლობით, რომელიც არათუ „ოცნების" კეთილი ნება, არამედ საქართველოს პატრიარქისა ჩართულობით გაჩენილი შესაძლებლობაა".
- ლაშა ფარულავა: „გამართლებულად მიმაჩნია ადამიანებმა ისარგებლონ შესაძლებლობით, რომელიც არათუ „ოცნების" კეთილი ნება, არამედ საქართველოს პატრიარქისა ჩართულობით გაჩენილი შესაძლებლობაა".
„კოალიცია ცვლილებების" წევრი ნუგზარ წიკლაური „პალიტრანიუსთან" აცხადებს, რომ ყველა პატიმარი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას თავის თავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა „ერთია შენი პირადი უფლება, რომ თავისუფლებისთვის იბრძოლო, მაგრამ მეორეა რამდენად რჩები ლიდერად იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთ ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს ახმოვანებ".
განსხვავებული მიდგომა აქვს ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერ ანა წითლიძეს - ის მიესალმება საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.
„ნებისმიერი რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელებული ტაქტიკური სვლა, იქნება ეს საპროცესო შეთანხმება თუ სხვა რამ, იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა, რომლებიც უსამართლოდ ტყვედ ჰყავს რეჟიმს აყვანილი, ციხეს თავი დააღწიონ და იყვნენ გარეთ, იბრძოლონ, არის გამოსაყენებელი და მისასალმებელი", - განაცხადა წითლიძემ.
„ლელოს" ლიდერი დავით უსუფაშვილი კი „პალიტრანიუსთან" აცხადებს:
„ეს ადამიანები ციხეში არ უნდა ყოფილიყვნენ. ძალიან კარგია და სასიამოვნოა მათი გარეთ ნახვა".
ოპოზიციის რეპუტაცია და რეიტინგი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ოპოზიციის იმ ნაწილის მოსაზრებას ეთანხმება, რომელიც ფიქრობს, რომ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა რეპუტაციის შემლახველი არაა და არც ღალატია მოცემულ პოლიტიკურ ვითარებაში.
„ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა, ნაწილმა ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირა, რომ პირიქით, ყველა ადამიანის მდგომარეობა უნდა გავითვალისწინოთ. შეიძლება ცალკეულმა პირმა თქვას, რომ ეს ღალატია, მაგრამ საერთო ჯამში ღალატი არაა. რატომ უნდა იყვნენ ეს ადამიანები ციხეში? ყველამ წარმოიდგინოს თავი მათ ადგილას. ციხეში, რა თქმა უნდა, არიან უდანაშაულო ადამიანები, რომლებსაც თავისი წვლილი მიუძღვით საქართველოს წინაშე და პატივისცემას იმსახურებენ. მურთაზ ზოდელავა გენერალური პროკურორი იყო, ჭკვიანი ადამიანია და არანაირად არ ყოფილა კორუმპირებული - ფარცხალაძეს რომ შეადარო, უბრალოდ სასაცილოა; იგივე ლაშა ბერიძე - პროფესიონალი სამხედრო.
- ნიკა ჩიტაძე: „კაცმა შეიძლება თავის დაღწევის მიზნით ასეთი ნაბიჯი გადადგას. თავის დროზე ზვიად გამსახურდიასაც აკრიტიკებდნენ, როდესაც დისიდენტობისას ბოდიში მოიხადა".
„თუ ადამიანი ამ შემთხვევაში აღიარებს დანაშაულს, ეს არის არსებული პრაგმატული მიდგომა. მე პირადად კითხვები მიჩნდება 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რადგან ეს თარიღი ცუდად იყო დაგეგმილი. არ შეიძლება ხალხს უთხრა: „7 საათზე ვაცხადებთ ხელისუფლების გადაბარებას და 8 საათზე უკვე ხელისუფლება უნდა გადმოვბაროთო", - აღნიშნავს ჩიტაძე.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს შეთანხმება ოპოზიციის რეპუტაციას აზიანებს.
„რა თქმა უნდა, რეპუტაციაზე მოქმედებს, რომელიც ისედაც დაზიანებულია. ყველამ იცის, რომ სრულიად ნორმალური პირობები ჰქონდათ არავინ მათზე ზეწოლას არ ახდენდა, არც აწამებდა და არც არაფერი, მაგრამ როცა დაინახეს ვითარება, რომ არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, კიდევაც აღიარეს დანაშაული", - განაცხადა მამრაძემ.
რას ნიშნავს საპროცესო შეთანხმება
ნიკა ჩიტაძე გვეუბნება, რომ ამ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება „ფორმალობაა".
„ზოგი ფიქრობს - რატომ უნდა აღიარონ ის, რაც არ ჩაუდენიათ? საპროცესო შეთანხმება ავტომატურად ამას არ ნიშნავს - ეს ამ შემთხვევაში ფორმალობაა. ეს ადამიანები საქართველოს სჭირდება და გარეთ უნდა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. მე არ ვეთანხმები მათ კრიტიკას. კრიტიკოსების მიმართ ჩემი მთავარი კითხვები თავად დაგეგმვის პროცესს ეხება. მურთაზ ზოდელავა გამოცდილი იურისტი და პატიოსანი ადამიანია. შესაძლოა, მათ ასეთი პოზიციაც ჰქონდათ - „რადგან უკანონოდ ვართ დაჭერილები, მოდი, ჩვენც ასე ვუპასუხოთ ამ რეჟიმსო".
„კაცმა შეიძლება თავის დაღწევის მიზნით ასეთი ნაბიჯი გადადგას. თავის დროზე ზვიად გამსახურდიასაც აკრიტიკებდნენ, როდესაც დისიდენტობისას ბოდიში მოიხადა, მაგრამ შემდეგ აქტიურად ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში. მერაბ კოსტავამაც მისწერა მას, რომ გარეთ გამოსულიყო, რადგან საქართველოს სჭირდებოდა. ეს პრაგმატული ნაბიჯია. მთავარია, ეს ადამიანები გამოვიდნენ ციხიდან.
„4 ოქტომბერთან დაკავშირებით სხვანაირი მიდგომა იყო საჭირო, რათა ეს პრობლემები არ შექმნოდათ. როცა გამოცდილი პოლიტიკოსი ხარ, ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვა. არ შეიძლება ასეთი განცხადებების გაკეთება, რადგან თუ დათქმული არ მოხდა, ხალხს გული აუცრუვდება. სწორედ ამის გამო დღეს საპროტესტო აქციებზე შედარებით ნაკლები ხალხი დადის", - განაცხადა ჩიტაძემ.
- პეტრე მამრაძე: „ეს არის კიდევ ერთხელ კრახზე ხელის მოწერა. ეს არის დიდი დაზიანება, ისედაც დაზიანებული ოპოზიციისათვის, მათ არავითარი იდეოლოგია და პრინციპები არ აქვთ."
პეტრე მამრაძის თქმით, ვინც საპროცესო შეთანხმებას აკრიტიკებს, ქვეყნის ინტერესების მოღალატეა.
„ისე ვერ მოხდებოდა საპროცესო გარიგება, რომ არ ეღიარებინათ და აღიარეს კიდეც. თითქმის არავინ არ დარჩა ბურჭულაძის გარდა. პირდაპირ ეთერში აცხადებდნენ - „დიახ, მე გავაკეთე ყველაფერიო". ეს არის კიდევ ერთხელ კრახზე ხელის მოწერა. ეს არის დიდი დაზიანება, ისედაც დაზიანებული ოპოზიციისათვის, მათ არავითარი იდეოლოგია და პრინციპები არ აქვთ.
„ვინც (საპროცესო შეთანხმებას) აკრიტიკებს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ღალატობენ", - განაცხადა მამრაძემ.