
შპს „ენგურჰესმა“ 2025 წელს, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდებით 64 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს „ფისკალური რისკების ანალიზშია“ საუბარი. ცნობისთვის, 2024 წელს ზარალის ოდენობა 45 მილიონს შეადგენდა.
ანგარიშის თანახმად, აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯამში მიწოდებულ იქნა 1 465.5 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია, ქვეყნის შიგნით რეალიზებულ იქნა 1 606.0 მლნ. კვტ.სთ, ექსპორტზე კი გატანილ იქნა 309.2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია. რომ არა აფხაზეთისთვის უსასყიდლოდ მიწოდებული ენერგია, კომპანიის მოგება 2025 წლის ბოლოს 61 მილიონი ლარი იქნებოდა, ამჟამად კი კომპანიამ საანგარიშო წელი 3.7 მილიონი ლარი ზარალით დაასრულა.
ცნობისთვის, 2025 წელი შპს „ენგურჰესმა“ 3.761 მლნ ლარის ოდენობის ზარალით დაასრულა, რაც განპირობებულია კომპანიის სავალუტო ზარალით, უარყოფითი კურსის სხვაობით, ლარის გაუფასურებით ევროსთან. 2025 წელს „ენგურჰესმა“ სალტეზე 3 380,7 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაუშვა.