
„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერის გიგა ლემონჯავას თქმით, სწორედ ახლა არის დიდი საპროტესტო აქციის დრო, „რადგან აღარ დარჩა სეგმენტი, ვისაც „ქართული ოცნების“ მჩაგვრელი რეჟიმი არ შეეხო“.
„წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა არის პრაქტიკა ძალოვან სტრუქტურებში, ეს არის ფაქტი. ჩვენ გვაქვს არაერთი შემთხვევა ამ ყველაფრისა. როდესაც დავითაძის შემთხვევაზე ვსაუბრობთ, ვერ ვისაუბრებთ როგორც კონტექსტიდან ამოგლეჯილ ცალკე შემთხვევაზე.
უკვე იმდენად ბევრ ადამიანს შეეხნენ, რომ ერთ მხარეს არის „ქართული ოცნების“ მცირე დაჯგუფება და მთელი საქართველო არის მეორე მხარეს. ვეღარ ახერხებენ იმის თქმას, რომ მთელი საქართველო „დიფსთეითის“ აგენტია და დაფინანსებულია. ექიმებს შეეხნენ, მასწავლებლებს შეეხნენ, პატიმრებს შეეხნენ, ყოფილ თანაგუნდელებს შეეხნენ. პროპაგანდა მალე აღარ გაჭრის.
მათ პროტესტის ახალი კერების ატანის რესურსი აღარ აქვთ. იციან, რომ ერთ ნაპერწკალზეა დამოკიდებული პროტესტის იმ მასშტაბებში დაბრუნებას, რა მასშტაბშიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო. ჩვენი, ვგულისხმობ პოლიტიკურ კლასს, პასუხისმგებლობა ახლა არის, რომ რაც შეიძლება მეტი რესურსი, შრომა, ბრძოლა ჩავდოთ, რომ პროტესტი გახდეს ისეთივე ფართომასშტაბიანი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ ოქტომბერში ჩვენ ჩავატაროთ დიდი საპროტესტო აქცია. ახლა არის ზუსტად ამის დრო იმიტომ, რომ აღარ დატოვეს სეგმენტი, ვისაც მათი მჩაგვრელი რეჟიმი არ შეეხო. ახლა არის დიდი საპროტესტო აქციის დრო და დარწმუნებული ვარ, ხალხი აუცილებლად გამოვა ამ აქციაზე“, - განაცხადა ლემონჯავამ.