რეზონანსი
06.10.2026

„ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადასცა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიის მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, 2026 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, მოსარჩელე მხარის პოზიციით, კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები "2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას. მოსარჩელის განმარტებით, ამით აღნიშნული პარტიები აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს".

საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. აღნიშნული განჩინება მხარეებს 15 დღის ვადაში გადაეგზავნება.

კოლეგიის შემადგენლობაში არიან: ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ევა გოცირიძე - წევრი;

გიორგი თევდორაშვილი - წევრი;

გოგა კიკილაშვილი - წევრი.

შეგახსენებთ, განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის" დაემატა, საკონსტიტუციო სასამართლოში 21 სექტემბერს შევიდა. მანამდე „ქართული ოცნების" საკონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი იყო „ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის", „ძლიერი საქართველო - ლელოს" და „ფედერალისტების" საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×