
უახლოეს პერიოდში საქართველო აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტს შუამავალი კომპანიის გარეშე განახორციელებს. მსგავსი პრაქტიკა, როდესაც ელექტროენერგიას პირდაპირ მწარმოებლისგან ვიღებდით, უფრო ადრეც, ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლამდეც არსებობდა. საშუამავლო კომპანიების გამოჩენა და დამკვიდრება მოგვიანებით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მოხდა და წლების განმავლობაში გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი ბევრისთვის პოზიტიური ცვლილებაა, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რატომ შემუშავდა გეგმა კონკრეტულად ახლა და დადგება თუ არა ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხი.
რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ელექტროენერგიის იმპორტისას შუამავალი კომპანიების გამოყენება აღარ იგეგმება. ამით სახელმწიფო ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარს დაზოგავს.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი შუამავლის გარეშე განხორციელდება. არც ერთი ქვეყნიდან აღარ შემოვა ელექტროენერგია შუამავლის მეშვეობით. კონკრეტულად აზერბაიჯანის შემთხვევაში, საშუამავლო რგონის ჩახსნის შედეგად ყოველწლიურად რამდენიმე მილიონს დაიტოვებს სახელმწიფო," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღნიშნულ ინიციატივას სპეციალისტების შეფასებებში ორგვარი რეაქცია მოჰყვა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არასწორი ნაბიჯია, რომელიც მომხმარებელს შეღავათს ვერ მისცემს, სახელმწიფოს კი მონოპოლისტად აქცევს. მეორე ნაწილი კი მანკიერ პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ბევრად ადრე იყო მისაღები.
ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობა უახლოეს პერიოდში რეალურ შეღავათს ვერ იგრძნობს.
„არ მგონია, უახლოეს ხანში მომხმარებლისთვის განსაკუთრებული შეღავათი იყოს. ტარიფები დარეგულირებული და დაფიქსირებულია რამდენიმე წლით. ამიტომ ასე სწრაფად არაფერი შეიცვლება. უნდა ვიცოდეთ, სად მიდის ეს ფული, საუბარია რამდენიმე მილიონ ლარზე. საერთოდ, შესყიდვა კერძო სექტორმა უნდა გააკეთოს, სახელმწიფოს მიერ ამ მექანიზმის ხელში აღება მაინცდამაინც სწორად არ მიმაჩნია.
კომერციული საქმიანობა სახელმწიფოს საქმე არ არის. მისი როლია, შექმნას ისეთი პირობები, რომ გაჩნდეს კონკურენცია, შემცირდეს ტარიფი და არა პირიქით. ამ შემთხვევაში არსებობს ეჭვი, რომ ბაზარზე ადგილი ჰქონდა მონოპოლიურ ვითარებას, რითაც სარგებლობდნენ მავანნი, ხელოვნურად მატულობდა ფასი და კომპანიების მარჟა იზრდებოდა.
თანხის შემცირების მიმართულებით ეს შესაძლოა სწორ ნაბიჯად მივიჩნიოთ, მაგრამ მომხმარებლამდე ეს სიკეთე ვერ მივა. პრინციპულად არასწორია, როდესაც სახელმწიფო შემსყიდველი ხდება და თვითონ ყალიბდება მონოპოლისტად. ისედაც დიდი ზარალია მიღებული სხვა სფეროებში, სადაც სახელმწიფო შემსყიდველია. არსებობს იმის მაგალითები, რომ სახელმწიფოს მონაწილეობა კომერციულ გარიგებებში მიზანშეწონილი არ არის. ვიმეორებ, ფასი კონკურენციამ უნდა შეამციროს, რაც ბევრად მისაღებია, ვიდრე ბაზრიდან შუამავლების განდევნა“, - აღნიშნა მარგველაშვილმა ,,რეზონანსთან“ საუბრისას.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს როლთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები არსებობს, სფეროს სხვა სპეციალისტები წარსულში დაშვებულ ხარვეზებზე მიუთითებენ. ენერგეტიკოს თემურ ჭიჭინაძის აზრით, მსგავსი ნაბიჯები ბევრად ადრე უნდა გადადგმულიყო.
„როდესაც გაზს ვიღებთ, საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ სამი საშუამავლო კომპანიაა და საბოლოოდ მომხმარებლამდე მაღალ ფასად მიდის. ასეა ელექტროენერგიასთან მიმართებაშიც. კარგია, რომ პროცესს შუამავლები ჩამოეხსნებიან. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო. წესით, გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს არ მოხდება.
მთლიანობაში, ინიციატივას დადებითად ვაფასებ, როდესაც იმპორტი ხორციელდება დამატებითი კომპანიების გარეშე, მცირდება რისკი იმისა, რომ ფასი ხელოვნურად იყოს გაბერილი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ფინანსური რესურსების დაზოგვისა და სტრატეგიული უსაფრთხოების განმტკიცების შესაძლებლობას იძლევა.
წესით, მომხმარებელს შეღავათი უნდა ჰქონდეს, რადგან პროდუქტი გაიაფდება, მაგრამ ჯერჯერობით ამ მიმართულებით რაიმე ცვლილებას არ ველოდები. დროთა განმავლობაში კი ეს საკითხიც დარეგულირდება და არ გამოვრიცხავ, ტარიფის შემცირების საფუძველიც გახდეს. თუმცა, აქ ერთი დამაბრკოლებელი გარემოებაა, მომწოდებელი ხდება ,,სოკარი“ და ეს უკვე ძალიან საშიშია, თუკი მთლიანად აიღებს მონოპოლიას ბაზარზე“, - განუცხადა ,,რეზონანსს“ თემურ ჭიჭინაძემ.
სემეკის ენერგობალანსის სტატისტიკის თანახმად, საქართველომ 2026 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან 164 მილიონი კილოვატ/საათი ელექტროენერგია შეიძინა; 2025 წელს - 417 მილიონი კილოვატ/საათი; 2024 წელს - 186 მილიონი კილოვატ/საათი; 2023 წელს კი - 3.3 მლნ კილოვატ/საათი. ესკოს მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის შუამავალი კომპანია აზერბაიჯანიდან არის შპს "თბილისის საინვესტიციო ჯგუფი"; რუსეთიდან შპს "ლუქს ენერჯი"; სომხეთიდან კი შპს "თრეიდინგ სოლოუშენსი".