
ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ! არც ერთი ნაბიჯი უკან და ბრძოლა ბოლომდე!- ამის შესახებ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებული, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძე წერს.
როგორც პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი აღნიშნავს, „ძალა ერთობაშია“.
„ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ისედაც იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ დავწერ:
ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ! არც ერთი ნაბიჯი უკან და ბრძოლა ბოლომდე!
უსამართლოდ მოსჯილი 7 წლიდან ერთი უკვე გავიდა და დარჩენილ ექვს წელშიც, როგორც შემიძლია და შემეძლება ოთხ კედელში გამოკეტილ ადამიანს, ბოლომდე გავაგრძელებ ბრძოლას თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის!
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ! ძალა ერთობაშია! მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა. ჩემი, ჩემი ოჯახის და შვილების გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის“, - წერს ნადირაძე.
„საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა
„საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა რა მუხლით, დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.
ცნობისთვის, გუშინ, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს „საქართველოს ფოსტა“ გადიოდა წაგებაზე. მისი თქმით, წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი.
„2,5 მლნ ლარი დაიზოგა მხოლოდ შტატების ოპტიმიზაციის შედეგად. 1,1 მლნ ლარი დაიზოგა წამგებიანი სერვის-ცენტრების ოპტიმიზაციის შედეგად. ასევე, იყო შუამავალ კომპანიებში გატანილი მთელი რიგი სერვისები. ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას, ალბათ, შესაბამისი უწყებები დაადგენენ. ეს სერვისები დაბრუნდა „საქართველოს ფოსტაში“ და ამის შედეგად, „საქართველოს ფოსტას“ ექნება ყოველწლიურად დამატებით 14,2 მლნ ლარის შემოსავალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ