პრემიერი: "ღვინო არის ჩვენი კულტურის, იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება"
ქეთო გოგოხია
08.10.2026

რთველი-2026 წარმატებით გრძელდება. მთავრობამ შეასრულა პირობა და ყველა მევენახეს მოსავლის შეუფერხებლად ჩაბარების შესაძლებლობა მისცა. პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები კახეთში ადგილზე ეცნობიან მოსავლის დაბინავების პროცესს. ამ ფონზე, დარგის მხარდამჭერი ღონისძიებები ფართოვდება. ძირითადი აქცენტი უკვე ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის ზრდაზე კეთდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 206 540 ტონა ყურძენი. მოსავალი 14 300-მდე მევენახემ დააბინავა.

გადამუშავებული მოსავლის  99,2% - 204 885 ტონა მაღალი და საშუალო ხარისხისაა.  მთლიანი ჩაბარებული მოსავლიდან არაკონდიციური და მკვახე ყურძნის წილმა სულ რაღაც 0.8% (1 655 ტონა) შეადგინა. გადამუშავებული ყურძნიდან 100 ათასი ტონა საფერავი, 92,8 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს დააბინავებს მოსავალს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:

საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია  1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე  - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.

რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე  - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.

შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 22 ლოკაციაზე იბარებს.

პროცესის მიმდინარეობას ადგილზე პირადად აკვირდება ხელისუფლების ხელმძღვანელობაც. მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„ველოდებით სარეკორდო მაჩვენებელს. წლევანდელი წელი გამორჩეულად მოსავლიანია. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხს - შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გლეხები და ფერმერები მეტ ყურადღებას აქცევენ შაქრიანობას, დამწიფებას, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება ქართული ღვინის ხარისხზე. დაახლოებით სამ-ოთხ კვირას გასტანს კიდევ ყურძნის ჩაბარება და რეკორდული მოსავალი სათანადოდ აისახება ეკონომიკის განვითარებაზე. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ის, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად მხარს უჭერს მევენახეებს, მეღვინეებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ღვინო არის ჩვენი კულტურის, იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა  ირაკლი კობახიძეს რთველის საკოორდინაციო შტაბის მუშაობის შესახებ უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყურძნის კრეფის, ჩაბარებისა და გადამუშავების პროცესს, ასევე რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს.

„რთველი აქტიურ ფაზაშია. ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ყურძენი იკრიფება და ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. წლევანდელი მოსავალი როგორც რაოდენობით, ისე ხარისხით გამორჩეულია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყურძნის ჩაბარების პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს და თითოეულ მევენახეს შესაძლებლობა ჰქონდეს, მოსავალი შეუფერხებლად ჩააბაროს. ამ პროცესს რთველის საკოორდინაციო შტაბი აქტიურად უწევს კოორდინაციას. არსებული მონაცემები გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ წლევანდელი რთველი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებით გამორჩეული იქნება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, მინისტრმა რეგიონში არსებული ვითარება ადგილზეც პირადად შეამოწმა - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ქალაქ გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბს ესტუმრა.

„გავეცანით რთველის შტაბის მუშაობას, რიგების მართვასა და ყურძნის ხარისხობრივ სეგრეგაციას. მნიშვნელოვანია, რომ რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს და ჩაბარებული ყურძნის უმეტესი ნაწილი მაღალი ხარისხისაა. არსებული მონაცემებისა და საპროგნოზო მოსავლის გათვალისწინებით, წლევანდელი რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მაღალი ხარისხის იქნება. 

წელს პირველად ყურძნის ხარისხობრივმა დიფერენციაციამ მევენახეებს დამატებითი მოტივაცია მისცა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ყურძნის ხარისხს, რაც საბოლოოდ ღვინის ხარისხზე აისახება. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქართულ ღვინოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და საერთაშორისო ბაზრებზე მის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 წლევანდელი რთველის თავისებურებებმა და კლიმატურმა ფაქტორებმა ჩაბარების პირობებში გარკვეული ცვლილებები აუცილებელი გახადა. როგორც გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში 22 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ აღნიშნა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში კორექტირება შევიდა.

„საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება. ვითვალისწინებთ რა იმ მოცემულობას, რომ წელს იყო უხვი ნალექი და ყურძენს გაუჭირდა შაქრიანობის აღება, კონდიციურობის მიხედვით დადგინდა ახალი ფასი“, -  აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

მისი თქმით, ფერმერებისთვის მოქმედი სქემა და რეგულაციის პრინციპები ჯერ კიდევ თებერვლიდან იყო ცნობილი. მიმდინარე ცვლილებები კი ექსკლუზიურად ამინდის არასახარბიელო პირობებმა და გვიანმა ვეგეტაციამ განაპირობა.

„უმთავრესი, რის გამოც მოხდა მინიმალური ცვლილებების შეტანა დიფერენცირებული ფასების რეგულაციაში, იყო უხვი ნალექი და არც თუ ისე ცხელი ზაფხული, ვაზი ყვავილობაში და ყურძენი მწიფობაში გვიან შევიდა. ბოლო წლებში ეს ერთ-ერთი ყველაზე გვიანი რთველია. მოსახლეობას გაუჩნდა შიში, რომ შესაძლოა, ყურძენი ვერ მისულიყო შესაბამის კონდიციამდე. ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების დადგენის მიზანია, რომ გონივრულად იქნას გამოყენებული შრომაც, ხარჯებიც და შემოსავალიც. ამ დრომდე გადამუშავებული ყურძნის სტატისტიკით ფაქტია, რომ რეფორმა მუშაობს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ცხადია, სახელმწიფო პოლიტიკა და ფასების რეგულაცია მხოლოდ ციფრები და სტატისტიკა არ არის. მის უკან უამრავი ადამიანის  შრომა და ყოველდღიური ზრუნვა დგას. მცირე და საშუალო მეურნეობების მფლობელებისთვის სახელმწიფო დახმარება წლიური შრომის დაფასების და მეურნეობის განვითარების ერთადერთი მექანიზმია.

როგორც სიღნაღელი ფერმერმა მიხეილ შაქარაშვილმა "რეზონანსს" განუცხადა, ყურძნის მოვლა, შეწამლვა, მუშახელის დაქირავება და მოსავლის აღება უზარმაზარ ფიზიკურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს, ამიტომ სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ვენახის შენახვა შეუძლებელია. 

,,ხშირად გამიგია მოსაზრება, რომ ბაზარმა ყველაფერი თავად დაარეგულიროსო. კარგად იციან, რომ მსხვილი კომპანიები და ჩამბარებლები მონოპოლიურ მდგომარეობას გამოიყენებენ და ფასს ისეთ მინიმუმამდე დასწევენ, რომ ჩვენი მთელი წლის შრომა ზარალით დასრულდება. სახელმწიფო მხარდაჭერა და გარანტირებული ფასი სწორედ იმისგან გვიცავს, რომ ჩვენი ნაშრომი წყალში არ ჩაიყაროს და კოლაფსის ზღვარზე არ აღმოვჩნდეთ. 

ყურძენი რომ მოვწიოთ, დიდი ხარჯის გაწევა გვიწევს,  სახელმწიფომ მხარდაჭერის გარეშე, ძირფესვიანად გავკოტრდებოდით და ვენახების გაჩეხვა მოგვიწევდა. სახელმწიფოს მხარდაჭერა ბაზარს აჯანსაღებს, ეს  ჩვენთვის სტიმულია, რომ სეზონის ბოლოს ისევ მუშაობის შესაძლებლობა გვქონდეს და სტაბილური შემოსავალი მივიღოთ“, - აღნიშნა მიხეილ შაქარაშვილმა. 

რაც შეეხება რთველში მონაწილე სხვა ფერმერებს, წლევანდელი სეზონის მიღწევით უმეტესობა მათგანი კმაყოფილია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თუკი ვინმეს ხარისხთან დაკავშირებით თუნდაც მცირე პრობლემა ჰქონდა, რეალიზაციის საშუალებით მოხერხდა ისე, რომ დანაკარგი არ აქვთ.

გურჯაანელმა ფერმერმა ილია პიტუაშვილმა ,,რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ამინდთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემის მიუხედავად, მევენახეების მხრიდან დიდი აქტიურობაა.

,,კარგი სეზონია იმ გაგებით, რომ ორგანიზაციული საკითხები იყო მაღალ დონეზე მოგვარებული, ფერმერებს მაქსიმალური ხელშეწყობა გვქონდა. მნიშვნელოვანია ღონისძიებებიც, რაც მთავრობის მხრიდან მევენახეობის ხელშეწყობის მიმართულებით ხორციელდება. რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. გაუყიდავი ყურძენი არც შარშან დარჩენილა, მაგრამ მდგომარეობა მაშინ რადიკალურად განსხვავებული იყო, ქარხნების იმედად ვიყავით. ახლა მთავრობასთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება მოგვეცა და უფრო კომფორტულ პირობებში მოგვიწია მუშაობა. 

დაახლოებით 12 ტონამდე  მოსავალი მივიღე, შარშანდელთან შედარებით აშკარად მეტია. ღვინოს ჯერ ადგილობრივ ბაზარზე ვყიდი. 2-3 წელიწადში ახალი მოსავალიც დაემატება და ეს მომცემს შესაძლებლობას, რომ ექსპორტზეც გავიტანო. რაც მთავარია, ფალსიფიკაციის პრობლემა აღმოფხვრილია, მოსავალი ჩაუბარებელი არ დარჩება და ხარისხზეც მეტი აქცენტი გაკეთდება. ძნელად წარმომიდგენია ადამიანი, ვინც შეიძლება უკმაყოფილო იყოს, ამჯერადაც მაქსიმალურად დაგვიდგნენ გვერდში", - აღნიშნა კახელმა ფერმერმა "რეზონანსთან" საუბრისას.

ამდენად, რთველი 2026-ის წარმატებისთვის სახელმწიფომ ფერმერებისთვის ხელსაყრელი პირობა შექმნა. ყველაფერი კეთდება, რომ ქართული ღვინო გლობალურ ბაზრებზე ღირსეულად წარსდგეს.  საპატიო ნიშა ქართულმა პროდუქტმა წლების წინ მოიპოვა და ნდობაც გაამართლა. შესაბამისად, მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე მზარდია. 2025 წელი ამ მხრივ  ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მნიშვნელოვანია, რომ მიღწეული შედეგი წლიდან წლამდე გაუმჯობესდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×