
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ თაღლითური ორგანიზაციაა. საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისგან გაჟღერდა კონკრეტული ხაზგასმითი მითითება იმის შესახებ, რომ თუკი ამ გზიდან ივლის ევროკავშირი, მას აუცილებლად საბოლოოდ ღირებულებითი უფსკრული ელოდება:
„მარკო რობიომ თანამედროვე, ძალიან ბევრ გამოწვევას, ზუსტი დიაგნოზი დაუსვა. მან პირდაპირ დაადანაშაულა კონკრეტული ორგანიზაცია თაღლითობაში, სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს წამებულად ავლენდა, მასზე წერდა, რომ ის არის რაღაც კონკრეტული დაავადებით დაავადებული. სინამდვილეში საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ აბსოლუტურად საპირისპიროს ჰქონდა ადგილი.
მარკო რობიომ ხაზი გასვა იმ ღირებულებით ცდომაზე და ღირებულებით შიმშილზე, რომელიც ევროკავშირს გააჩნია და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისგან გაჟღერდა კონკრეტული ხაზგასმითი მითითება, რომ თუკი ამ გზიდან ივლის ევროკავშირი, მას აუცილებლად საბოლოოდ ღირებულებითი უფსკრული ელოდება“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ სიცრუით სცადა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა. პაპუაშვილმა გაიხსენა 2023 წელი, როცა ენჯეო ამტკიცებდა, თითქოს სააკაშვილს კახექსია და დემენცია ჰქონდა, რის გამოც სიკვდილის პირას იყო და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებდა. თუმცა, საპირისპირო აჩვენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებული პრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობაც კი არ იყო.