რეზონანსი
10.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ მას მშვიდობის ნობელის პრემია არ მიანიჭეს. ტრამპი ნორვეგიას მწვავედ მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც კომიტეტმა მიმდინარე წლის პრემია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, ნავი პილაის მიანიჭა. სწორედ ის ხელმძღვანელობდა გაერო-ს ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ნავი პილაის არაფერი გაუკეთებია, თავად კი რვა ომი დაასრულა. ამასთან, მისივე თქმით, მას არა ერთი, არამედ რვა პრემია ეკუთვნოდა.

„ეს ის ქალია, რომელსაც მშვიდობის ნობელის პრემია მიანიჭეს დიდებული ამერიკის შეერთებულi შტატების ნაცვლად, მაშინ როდესაც მისმა წარმომადგენელმა, ანუ მე - რვა ომი დავასრულე და მრავალი სხვა პრობლემა მოვაგვარე. ამ ქალის შესახებ არაფერი ვიცი და არც სხვამ იცის რამე! სინამდვილეში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მის შესახებ არავის არასდროს სმენია, გარდა იმისა, რომ მას აშკარად სძულს ისრაელი. არ ვიცი, ამ ქალს რა გაუკეთებია. მე რვა ომი მოვაგვარე. იმ ქვეყნების პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა, რომლებსაც დავეხმარე, ნორვეგიის ნობელის კომიტეტს წერილები გაუგზავნეს. ახლა კი კიდევ ორი კონფლიქტის მოგვარებას ან მოგებას ვაპირებ - ირანის და რუსეთ-უკრაინის ომის. ორივე პროცესი წარმოუდგენლად სწრაფად ვითარდება, მაგრამ, მოდი, ეს დროებით გვერდზე გადავდოთ და იმ რვა ომზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლებიც უკვე მოვაგვარე. თითოეული მათგანი, განსაკუთრებით კი პაკისტანსა და ინდოეთს შორის კონფლიქტი, სრულიად საკმარისი იქნებოდა ნობელის პრემიის მოსაპოვებლად. სინამდვილეში, ერთი ნობელის მშვიდობის პრემიის ნაცვლად, რვა პრემია უნდა მიმეღო.

ეს რვა ომია: კამბოჯასა და ტაილანდს შორის; კოსოვოსა და სერბეთს შორის; კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის; პაკისტანსა და ინდოეთს შორის; ისრაელსა და ირანს შორის; ეგვიპტესა და ეთიოპიას შორის; სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის; ისრაელსა და „ჰამასს“ შორის“, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რვა ომის დასრულების გარდა, მან სხვა მრავალი პრობლემაც მოაგვარა. მაგალითად, ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში შეუშალა ხელი, რითაც, მისი თქმით, მთელი ახლო აღმოსავლეთის და, საბოლოოდ, ბევრად უფრო ვრცელი ტერიტორიების განადგურება აიცილა თავიდან.

დონალდ ტრამპის თქმით, მან ისტორიაში ნებისმიერ სხვა ადამიანზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა და გაიხსენა მარია კორინა მაჩადოს სიტყვები, რომელმაც გასულ წელს თავისი ნობელის მშვიდობის პრემია ტრამპს გადასცა. მაშინ მაჩადომ აღნიშნა, რომ „დონალდ ტრამპმა მრავალი ომი მოაგვარა და ნობელის მშვიდობის პრემიას იმაზე მეტად იმსახურებს, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ეს პრემია ოდესმე მიუღია“.

„ჩემი სამშვიდობო მიღწევების გათვალისწინებით - ისეთი შედეგების, რომლებსაც აქამდე ვერავინ მიაღწია, მეც ვეთანხმები ამ შეფასებას! ისრაელში ყველა მძევლის, მათ შორის ბოლო 28 მძევლის, როგორც ცოცხლების, ისე გარდაცვლილების, დაბრუნებას მივაღწიე და ამ საქმეში „ჰამასთანაც“ ვითანამშრომლე. არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო! ვენესუელაში მსოფლიოს ბოროტი დიქტატორი ნიკოლას მადურო ხელისუფლებას ჩამოვაშორე და ახლა ვენესუელის მდიდარ, წარმატებულ დემოკრატიად გარდაქმნაზე ვმუშაობ. ანალოგიურად, ირანს ისრაელის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის განადგურების საშუალება არ მივეცი. ასევე, მუდმივად ვუშლი ხელს სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის, აგრეთვე იაპონიასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ომის დაწყებას. ამას დაუმატეთ ჩინეთი და ტაივანი და მსოფლიოს სხვა მრავალი დაძაბული კერა, სადაც ომები არ დაწყებულა მხოლოდ დონალდ ჯ. ტრამპისა და ამერიკის შეერთებული შტატების დამსახურებით. ჩემი დამსახურებაა ისიც, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-დან 5%-მდე გაზარდეს, რითაც უფრო ძლიერი ალიანსი და თავდაცვა შეიქმნა. ესეც ისეთი რამ იყო, რომლის გაკეთებაც, ყველას აზრით, შეუძლებელი გახლდათ. აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან 900-ზე მეტი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებაზე მოვილაპარაკე და მათი დაბრუნება უზრუნველვყავი. გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ტყვეობიდან 196 მძევალი დავაბრუნე შინ ისე, რომ გამოსასყიდი არ გადამიხდია - განსხვავებით ბაიდენისა და ობამასგან, რომლებიც მილიარდობით დოლარს იხდიდნენ. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ მე შევქმენი პირობები არქტიკისთვის, რომელიც მალე ძალიან აყვავებული გახდება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეს ნობელის პრემია ლიბერალ ადამიანს მიანიჭეს, რომელიც გაერო-ში მუშაობს და რომლის შესახებაც არავის არასდროს სმენია. ყველა იმ ომის დროს, რომლებიც მოვაგვარე, გაერო-სთან ერთხელაც არ მისაუბრია – მათ არანაირი დახმარება არ გაუწევიათ. ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც მე, როგორც თქვენი პრეზიდენტი, წარმოვადგენ, მშვიდობის ნობელის პრემია უნდა მიეღო, მაგრამ არ მიანიჭეს. ეს არის წარუშლელი ლაქა ნორვეგიისთვის, რaც არასოდეს იქნება დავიწყებული. ნობელის „მშვიდობის“ პრემიამ სამუდამოდ დაკარგა სანდოობა რამდენიმე რადიკალი იდეოლოგის გამო, რომლებიც დემოკრატიის წინააღმდეგ გამოდიან და ცივილიზაციის მტრები არიან!“, - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, მშვიდობის 2026 წლის ნობელის პრემია სამხრეთ აფრიკელ იურისტს, ნავი პილაის გადაეცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×