რეზონანსი
10.10.2026

ეს ადამიანი დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს უწოდებს იმ უმსგავსობას, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ წლების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე - ეს იყო რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა, რასაც ღიად უჭერდა მხარს, სამწუხაროდ ევროპული ბიუროკრატია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც პაველ ჰერჩინსკის განცხადებას შეეხებოდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო განუხრელად იცავს იმ პრინციპებს, რასაც ჰქვია სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და 2012 წლის შემდეგ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა სწორედ ეს არის.

„ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, რა არის ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა და ანალიზი. საქართველო განუხრელად იცავს ამ პრინციპებს, რასაც ჰქვია სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრება და ამ ფონზე, სამწუხაროა, რომ ევროპული ბიუროკრატია კვლავაც მისტირის იმ აგენტურას, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას და რომელიც, სწორედ, სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელყოფით იყო გამორჩეული. ამ ადამიანებს უნდათ, ხელისუფლებაში დააბრუნონ, სწორედ, ის ძალა, რომლის ხელწერაც იყო და არის ადამიანის უფლებების დარღვევა, დემოკრატიის უგულებელყოფა, სამართლის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა. ეს, რა თქმა უნდა, სათანადოდ აისახება ქართული საზოგადოების დამოკიდებულებასა და განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ“, - აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×