რეზონანსი
10.10.2026

ჩვენი ხელწერა არის ძალიან ცხადი; ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ყველგან და ყველას მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, როგორია ადამიანის წარსული, როგორია პატიმრის წარსული, რა დანაშაულები აქვს მას ჩადენილი, ადამიანის უფლებები უნდა იყოს ყველგან განუხრელად დაცული.

„რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბატონი დავითაძის მიმართაც. თუმცა, ასეთ დროს, ჩვენ ვიხილეთ სპეკულაციური განცხადებები, ცრუ ბრალდებები, რაც ძალიან სამწუხაროა. ყველაფერს მოეფინა ნათელი ძალიან მარტივად, ჩატარდა გამოძიება, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და როგორია სასჯელაღსრულების სისტემის ხელწერა ამ ხელისუფლების პირობებში. თქვენ იცით, რა მდგომარეობა იყო სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე და ამის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ვითარება. ამას ადასტურებს ძალიან ბევრი რამ, მათ შორის სტატისტიკა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც შემცირებულია დაახლოებით ექვსჯერ სასჯელაღსრულების სისტემაში. ეს არის ზუსტად იმის შედეგი, რომ დღეს მოქმედებს ჰუმანური სისტემა, ჰუმანურობის პრინციპი მოქმედებს სასჯელაღსრულების სისტემაში და ჩვენ ვაპირებთ ამ ხელწერით მუშაობის გაგრძელებას“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, დადგინდა, რომ გიორგი დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×