რეზონანსი
10.10.2026

ციმბირში, შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის გარდაცვლილ თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი პირების სამედიცინო შემოწმება დასრულებულია, - ამის შესახებ ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ კობზევმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილ ქალთან კონტაქტში მყოფ პირებზე სამედიცინო დაკვირვების შედეგად ინფექციურ დაავადებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები არ გამოვლენილა. თითქმის 5 000 ლაბორატორიულ ნიმუშში საშიში პათოგენური მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა.

გუბერნატორის განცხადებით, გარდაცვლილ თანამშრომელს ვაქცინაცია ჩატარებული ჰქონდა და ჰქონდა იმ საშიში პათოგენების მიმართ იმუნიტეტი, რომლებთანაც მუშაობდა. მისივე თქმით, ინსტიტუტში უსაფრთხოების წესების დაცვა დადასტურებულია და პათოგენურ მიკროორგანიზმებთან დაკავშირებული ინციდენტები არ გამოვლენილა.

კობზევის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც დაადასტურა, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხე არ არსებობს, შესაბამისად, კარანტინი გაუქმებულია და რეგიონში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ცნობისთვის, 28 წლის ლაბორანტი დარია შიპილოვა 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ლაბორატორიაში მუშაობისას შავი ჭირის პათოგენის შემცველი საცდელი მილი დაუზიანდა. ამ ვერსიას რუსეთის ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და შეერთებული შტატების მხრიდან ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნისა და ზეწოლის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებას ამ დრომდე ცალსახად არ განუცხადებია, შეიძლებოდა თუ არა მისი გარდაცვალების მიზეზი შავი ჭირი ყოფილიყო. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, დარია პნევმონიით გარდაიცვალა, თუმცა დაავადების გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×