
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კურსმა ეს ქვეყანა და ქართველი მწარმოებელი დააყენა რისკის წინაშე - რუსეთს აქვს უკვე ბერკეტი, როცა უნდა, მაშინ გამოგვიხუროს კარი და ამით აზარალოს ქართველი მწარმოებელი და სრულიად ქართული ეკონომიკა, - ასე აფასებს „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია რუსეთის მიერ ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტის დროებით აკრძალვას.
მისი თქმით, ვიდრე რუსეთს ექნება ბერკეტი იმისა, რომ რომელიმე ქართულ კომპანიაზე და საერთოდ საქართველოს ეკონომიკურ ბაზარზე იქონიოს გავლენა, ამას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებს.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კურსმა ეს ქვეყანა და ქართველი მწარმოებელი დააყენა რისკის წინაშე. ის ჭარბი დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე, რაც ჩვენ ვნახეთ, გამოიხატება იმაში, რომ რუსეთს აქვს უკვე ბერკეტი, როცა უნდა, მაშინ გამოგვიხუროს კარი და ამით აზარალოს ქართველი მწარმოებელი და სრულიად ქართული ეკონომიკა. იმის ნაცვლად, რომ წლების განმავლობაში ამ ხელისუფლებას გაეღრმავებინა ევროპულ კავშირთან ვაჭრობა და გამოეყენებინა ის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც გაგვაჩნია თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების სახით, ამ რეჟიმმა გაანახევრა ევროპულ კავშირთან ვაჭრობა და გააორმაგა ვაჭრობა რუსეთთან და დღეს ამის ფასს ქართველი მწარმოებელი იხდის. ჭარბი დამოკიდებულების გამო რუსეთს, სრულიად შეუცნობელს, სრულიად გაუთვლელ და არაპროგნოზირებად ავტოკრატიას, დღეს აქვს იმისი ბერკეტი, რომ ქართულ ეკონომიკას და ქართველ მწარმოებელს მიაყენოს სრულიად ხელშესახები და სერიოზული ზარალი.
ვიდრე რუსეთს ექნება ბერკეტი იმისა, რომ რომელიმე ქართულ კომპანიაზე და საერთოდ საქართველოს ეკონომიკურ ბაზარზე იქონიოს გავლენა, ამას რუსეთი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებს. ამ რეჟიმის ღია და პირდაპირი დანაშაულია, რომ ნაცვლად დივერსიფიკაციისა, პირიქით, უარესად მიაბა რუსულ ბაზარს ქართული ეკონომიკა და ამის შედეგებს დღეს ქართველი მწარმოებელი იმკიან, რომლებიც ძალიან რეალური რისკისა და ზარალის წინაშე დადგნენ. რაც უფრო ნაკლები დივერსიფიკაცია მოხდება, მით უფრო მეტი იქნება რუსეთის მოქმედების პოტენციალი და მით უფრო მეტად დააზარალებს რუსეთი ქართულ ეკონომიკურ ბაზარს“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, რუსეთმა ზოგიერთი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტზე დროებითი შეზღუდვა დააწესა. დოკუმენტის თანახმად, რომელიც 9 ოქტომბრით არის დათარიღებული, წერია, რომ 2026 წლის 9 ოქტომბრიდან შემოღებულია დროებითი სანიტარული ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით.
აკრძალვა კი შეეხება შემდეგ კომპანიებს: „თელიანი ველი“; „თბილღვინო“; „ძმები ასკანელები“; „ვაინმენი“; „ქართული ლუდის კომპანია“; „კოკა-კოლა“; „ნაბეღლავი“.