საზღვარზე შეზღუდვები უკვე ამოქმედდა და რუსეთის მაღაზიებიდან ქართული პროდუქციის ამოღებაც დაიწყო
თამთა ჩაჩანიძე
11.10.2026

რუსეთში ზოგიერთი ქართული პროდუქციის შეტანა და რეალიზაცია შეჩერებულია და სავაჭრო ქსელებიდან მათი ამოღება უკვე დაიწყეს. 9 ოქტომბრიდან ამოქმედებული ემბარგოს ოფიციალურ მიზეზად „სანიტარიული ზომები" სახელდება, თუმცა ამის პრაქტიკულად არავის სჯერა, რადგანაც ამგვარ ზომებს კრემლი, როგორც წესი, ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლისთვის მიმართავს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რატომ ხდება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა და რა კონკრეტულ დათმობებს ითხოვს მოსკოვი თბილისისგან, ამ თემაზე ანალიტიკოსებს რამდენიმე მოსაზრება აქვთ.

პირველ რიგში ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან. 10-11 მოემბერს ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდია დანიშნული, სადაც რუსეთს გადაწყვეტილი აქვს კიდევ ერთხელ გადაჭრით მოსთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების" გაფორმება. ამავე შეხვედრაზე რუსეთი კიდევ ერთხელ დასვამს დისკუსიების ჟენევიდან გადატანის საკითხს, რადგანაც, მათი შეფასებით, შვეიცარიამ ამ მოლაპარაკებებში დაკარგა ნეიტრალური შუამავლის სტატუსი. ქართულ პროდუქციაზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესება შესაძლოა სწორედ ამას უკავშირდებოდეს და ჟენევის შეხვედრამდე დარჩენილ ერთ თვეში აკრძალული ქართული პროდუქციის სია შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, როთაც კრემლი ეცდება აიძულოს ოფიციალური თბილისი, რომ შეარილოს თავისი პოზიცია ხსენებულ საკითხებზე.

გარდა ამისა, ოქტომბრის დასაწყისში რუსეთში „ტრამპის მარშრუტის" საპასუხოდ „პუტინის გზის" იდეა წარადგინეს. ეს ინიციატივა ოკეპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთს, საქართველოსა და სომხეთსის გავლით ირანთან პირდაპირი სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენას საშუალებას აძლევს. ანალიტიკოსთა ნაწილი არც ამ ვერსიას გამორიცხავს, რომ რუსეთი ასეთი ემბარგოთი ცდილობს საქართველოს ხელისუფლების დათანხმებას აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე.

ოპოზიცია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ ბოლო წლებში დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებისა და რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შედეგად, საქართველო მსგავსი მოსალოდნელი ზეწოლის მიმართ დღეს ზედმეტად მოწყვლადია. ხელისუფლების წარმომადგენლებს კი კრემლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამ სტატიის მომზედების პერიოდში რაიმე განცხადება არ ჰქონდათ გაკეთებული.

ემბარგოს დეტალები

„რია ნოვოსტის" ცნობით, რუსულმა საცალო ქსელებმა „როსპოტრებნადზორის" მიერ შეზღუდვების დაწესების შემდეგ რამდენიმე ქართველი მწარმოებლისგან სასმელების ამოღება უკვე დაიწყეს. საჭირო ზომები მიღებულია პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე - ლოჯისტიკური ოპერაციებიდან დაწყებული საცალო გაყიდვებით დამთავრებული.

მანამდე, „როსპოტრებნადზორმა" განაცხადა, რომ შეზღუდვები ეფუძნებოდა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მიღებულ დროებით სანიტარულ ზომას.

ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც 9 ოქტომბრით არის დათარიღებული, წერია, რომ 2026 წლის 9 ოქტომბრიდან შემოღებულია დროებითი სანიტარული ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით.

აკრძალვა შეეხება შემდეგი ქართული კომპანიების პროდუქციას: „თელიანი ველი"; „თბილღვინო"; „ძმები ასკანელები"; „ვაინმენი"; „ქართული ლუდის კომპანია"; „კოკა-კოლა"; „ნაბეღლავი".

„დაუდგები რუსეთს მუხლებზე - მოგთხოვს ხოხვას"

ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან დათმობების პოლიტიკის შედეგია და მოსკოვი ამ გზით თბილისზე ზეწოლას აძლიერებს. მისი შეფასებით, კრემლი დათმობებით არასდროს კმაყოფილდება და მუდმივად ახალ მოთხოვნებს აყენებს. ამასთან, ემბარგო პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტია და არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა საქართველოსგან მომავალში კიდევ უფრო რთული დათმობებიც მოითხოვოს.

„დაუდგები რუსეთს მუხლებზე - მოგთხოვს ხოხვას. როგორადაც არ უნდა შეუსრულო რუსეთს დავალება, საბოლოო ჯამში, ის არასდროს იქნება კმაყოფილი და ყოველთვის მეტსა და მეტს მოითხოვს.

„გამეორდა ის, რაც იყო მრავალი წლის წინ, როდესაც სწორედ ასეთი სანიტარიული მოსაზრებით ვინმე ონიშჩენკომ აკრძალა „ბორჯომის" შეტანა. ახლა ჯერ „ბორჯომი" არ აქვთ აკრძალული, იმიტომ რომ რუსებს ეკუთვნის, მაგრამ შეიძლება აქამდეც მივიდნენ, შემდეგ კი ღვინის, ხილის, ციტრუსების, მწვანილისა და ფაქტობრივად, ყველაფრის. ეს მათ ხელში პოლიტიკური ბრძოლის იარაღი იყო ისევე, როგორც რუსული გაზი და რუსული ელექტროენერგია", - აღნიშნავს გოცორიძე.

„პროდუქცის ხარისხი მიზეზად ვერ ჩაითვლება"

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქართული პროდუქციის ხარისხის გაუარესება ამ გადაწყვეტილების მიზეზად ვერ ჩაითვლება. მისი თქმით, ამ ეტაპზე რუსული ემბარგოს ლოგიკური ახსნა არ ჩანს და მოვლენების განვითარებას უნდა დავაკვირდეთ.

„ამისი პირდაპირი მიზეზი არ ჩანს. ახლა იმის დაშვება, რომ რატომღაც გაუარესდა ქართული პროდუქციის ხარისხი, რეალისტური არაა. ეს ბრენდები ცნობილია და დიდი პოპულარობით სარგებლობს. მეორეს მხრივ, ზახაროვამაც ილაპარაკა, რომ მოსწონთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესებს.

  • პეტრე მამრაძე: „ცოტა ხანს მოვიცადოთ, მოვლენებს დავაკვირდეთ, რადგან ამ ეტაპზე არანაირი ლოგიკური, რაციონალური ახსნა არ ჩანს."

„ამასთანავე, რუსეთში შიგნით საკმაოდ რთული ვითარებაა, სხვადასხვა ძალები არსებობს და აი, ესეც საფიქრალია, თუ რატომ არ ჩანს პირდაპირი მიზეზი. ვერ წარმომიდგენია ამის ნაცვლად რაღაც მოთხოვნა იყოს. ე.წ. ოპოზიციისგან გაჟღერდა, რომ ახლა სხვადასხვა რაღაცას მოითხოვენო. ვიღაცა წერდა, რომ საქართველოსგან მოითხოვენ, რომ თავდაუსხმელობის პაქტი დადოს აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთანო", თუმცა, ეს არაა სერიოზული.

„ცოტა ხანს მოვიცადოთ, მოვლენებს დავაკვირდეთ, რადგან ამ ეტაპზე არანაირი ლოგიკური, რაციონალური ახსნა არ ჩანს. სომხეთის შემთხვევაში ეს იყო პირდაპირი მუქარა, პუტინის განცხადება გვახსოვს, რომ ფაშინიანის სურვილი, ერთის მხრივ ევრაზიის კავშირში იყოს და ევროკავშირში შესვლა უნდოდეს, თავსებადი არააო", - განაცხადა მამრაძემ.

საქართველო ცუგცვანგის მდგომარეობაში

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კრემლში შიდა დაპირისპირების შედეგად გაძლიერდა ის ჯგუფი, რომელიც საქართველოსთან მიმართებით უფრო ხისტი პოლიტიკის მომხრეა.

„ეს ხაზს უსვამს, რომ დღევანდელი ხელისუფლება პრორუსული ორიენტაციის არაა. კრემლში სხვადასხვა ჯგუფში არსებულმა დაპირისპირებამ მოუტანა გამარჯვება იმ ძალებს, რომლებიც სხვა პოზიციაზე იდგნენ, ანუ საქართველოსთან დათმობების მსურველების პოზიციები ვერ გაამაგრა. გაიმარჯვა ჯგუფმა, რომელმაც აფხაზეთის კურატორად კირიენკო მოიყვანა, პოლიტიკა აბსოლუტურად შეიცვალა და ამაზე ლაპარაკი შეწყდა.

„ახლა მოსკოვს სამხრეთ კავკასიაში ეს სურათი აქვს - აზერბაიჯანი, რომელიც ძალებს უფრო იკრებს და თურქეთის გავლენები რეგიონში იზრდება; სომხეთი რუსული გავლენიდან ნელ-ნელა გადის და დასავლეთის გავლენის ქვეშ ექცევა. შესაბამისად, რეგიონში დასავლეთის გავლენები იზრდება და კრემლს უნდა, რომ რეგიონში სასწრაფოდ დაბრუნდეს, თან დაბრუნდეს საქართველოს მეშვეობით, რადგან მისთვის ზეწოლის ყველაზე მომგებიანი ობიექტი საქართველოა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გამო. ამ ფაქტორს იყენებს და ეს გამაფთხილებელი აქციაა", - განაცხადა არეშიძემ.

  • მამუკა არეშიძე: „რადგანაც ჩვენი ეკონომიკა გარკვეულწილად რუსეთზეა დამოკიდებული, შეიძლება ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდეთ, მით უმეტეს, რომ კარზე ზამთარია მომდგარი."

კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ამ ზეწოლის მიზეზი, ეს ხომ არაა ოკუპირებულ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთთან" ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების მოთხოვნა, ან ის რომ თბილისი დათანხმდეს აფხაზეთის რკინიგზის გახსნას, არეშიძემ გვითხრა:

„ეს მიზეზები რასაკვირველია არის, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც სამხრეთ კავკასიაში სრულმასშტაბიანი დაბრუნების სურვილია. საქართველოზე რუსეთის ზეწოლა არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კონტექსტში, უნდა განვიხილოთ რუსეთსა და რეგიონის ქვეყნების ურთიერთობების კონტექსტშიც. საქართველო, როგორც ყველაზე სუსტი რგოლი, უფრო მომგებიანია რუსეთისთვის, რომ მასზე განხორციელდეს ზეწოლა, ვიდრე დანარჩენ ორზე. დღეს სომხეთის უკან სერიოზულად დგას დასავლეთი - აშშ, ხოლო აზერბაიჯანის უკან - თურქეთი. საქართველოს უკან კი არავინ არ დგას. რადგანაც ჩვენი ეკონომიკა გარკვეულწილად რუსეთზეა დამოკიდებული, შეიძლება ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდეთ, მით უმეტეს, რომ კარზე ზამთარია მომდგარი.

„ახლა საქართველო ერთგვარი ცუგცვანგის მდგომარეობაშია. ხელისუფლება პრორუსული არაა, მაგრამ არც პროდასავლურია. რუსეთთანაც ვერ ვახერხებთ ურთიერთობების მოგვარებას და დასავლეთთანაც არ გვაქვს მყარი ურთიერთობები, გამონაკლისია გარკვეული პროგრესი აშშ-საქართველოს ურთიერთობაში, მაგრამ ესეც არ არის გადამწყვეტი.

„პატარა ქვეყნისთვის ძალიან რთულია დღევანდელ არამყარ სამყაროში მარტო ბრძოლა და საჭიროა ბევრად უფრო მოქნილი პოლიტიკის წარმოება იმავე დასავლეთთან იმისათვის, რომ გარკვეული ილუზია მაინც შეიქმნას იმისა, რომ საქართველო საბოლოოდ არ გადის დასავლური მსოფლმხედველობიდან. ძალიან გაგვიჭირდება ამ გარემოში გაძლება, როდესაც, პრაქტიკულად, სამხრეთ კავკასია გახდა დღეს ძალიან საინტერესო. ძალიან ბევრი მსხვილი პოლიტიკური მოთამაშისთვის", - განაცხადა არეშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×