
ლოტკინის დასახლებაში, 10 სექტემბერს, გამთენიისას, 17 წლის დავით ნარიმანიძე მოკლეს. მკვლელობა გახსნილია - სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი.
სიცოცხლის ბოლო წუთები დავით ნარიმანიძემ ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე რესტორანში გაატარა. იმ დღეს დავითი ძმასთან, ლუკასთან ერთად მეგობრის დაბადების დღეზე მივიდა. ბრალდებული და მისი მეგობრები "სამწვადეში" მყოფ არასრულწლოვანებს არ იცნობდნენ და მათ ერთმანეთი შემთხვევით ნახეს.
როგორც მოკლულის დედა ეკა მხატვრიშვილი ამბობს, მის შვილს მკვლელმა სასიკვდილო ჭრილობა გულზე მიაყენა.
"დათო სახლიდან 4 სექტემბერს რომ გავიდა, ვუთხარი, შვილო, მალე მოდი, თავი არ მომანატრო-თქო. რატომ მითხრა არ ვიცი - თუ მოგენატრები, სურათებს უყურეო....
სისხლისგან დაიცალა, პირდაპირ ჩაარტყა გულში. 14 სმ-ია დაფიქსირებული. გული და ფილტვია დაზიანებული. ყელზეც ჰქონდა პატარა ნაკაწრი, თუმცა არა სასიკვდილო.
ვის დაბადების დღეზეც იყო, მეზობელია, დათოს მეგობარია. 18 წლის გახდა ის ბავშვი და მთელი სამეზობლო და სამეგობრო ჰყავდა დაპატიჟებული. მისი ძმაც იქ იყო.
ლუკა იყო ფხიზელ მდგომარეობაში, წვეთი არ ჰქონდა დალეული და ამიტომ დაარიგა ბავშვები. ორი რეისი გაუკეთებია ბავშვს. ძმისთვის უთქვამს შენც წამოდიო - იყოსო. ბოლოს, 4 ბავშვი დარჩნენ სუფრის წევრებიდან. სანამ ჩემი შვილი მიბრუნდა, მკვლელი მის ორ მეგობართან ერთად მიდის..." - განაცხადა ეკა მხატვრიშვილმა "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში.
როგორც საქმის პროკურორი ჰყვება, პირველი მცირე სიტყვიერი შეკამათება დათოს მეგობრებსა და ბრალდებულს შორის "სამწვადის" წინ მოხდა. მოკლული არასრულწლოვნის დედის ინფორმაციით, სათვალთვალო კამერის ჩანაწერში მკაფიოდ ისმის თუ რა დიალოგი შედგა მკვლელსა და მის შვილს შორის.
"მკვლელი მიდის სუფრასთან, წარუდგინა თავი და დაიწყო არასასიამოვნო საუბარი. ეს ისეთი თავხედი ვიღაც ჩანს, პირველივე წუთიდან შეატყობ. მანერაში, ტონში, თავისი ეგონა მთელი თბილისი: "ვინ ხართ, რომ ჩემს ტერიტორიაზე იმყოფებით"- ასეთი შინაარსია, ასეთი დიალოგია. მერე ეტყობა ჩემი შვილი ჯდება, რადგან კამერაში ისმის მკვლელის ხმა: "რატომ ზიხარ?!" ჩემს შვილს ფეხი სტკიოდა. მკაფიოდ ისმის კამერაში: "ფეხი გამეკვანძა". მკვლელი კი დამცინავი ტონით ეუბნება: "აბა, როგორ გაგენასკვა, აბა, წამოდექი", - ამბობს ეკა მხატვრიშვილი.
დანით შეიარაღებული ბრალდებულისთვის დავით ნარიმანიძის ეს ქმედება შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა და პროკურორის თქმით, 17 წლის მოზარდი "სამწვადის" გარეთ საქმის გასარჩევად გაიყვანა. ირკვევა, რომ დავით ნარიმანიძე მკვლელობაში ბრალდებულს მარტო გაყვა. მისი და ბრალდებულის მეგობრებიც სუფრასთან დარჩნენ. რამდენიმე წუთში კი ყვირილის ხმა გაიგეს, ქუჩაში გასულებს 17 წლის დათო სასიკვდილოდ დაჭრილი დახვდათ.
"ჩემი შვილი გაჰყავს გარეთ და ურტყამს დანას. დათოს ხმაზე გადიან ესენი სხვებიც, მკვლელობაში ბრალდებული გამოჰყავთ, დანარჩენებს კი ჩემი შვილი მოჰყავთ. მკვლელი უკან მოიხედავს, გამოიწევს, გამოიქაჩება დანით ხელში. ამჩნევს, რომ შემთხვევით ადგილზე ჩნდება პატრული, კიდევ კარგი რომ მოვიდა, თორემ ჩემს შვილს კიდევ ჩაარტყამდა დანას და არც დათოს სამ მეგობარს დაინდობდა"- ამბობს მხატვრიშვილი.
დედის ინფორმაციით, დათო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც ადგილზე პოლიცია გამოჩნდა.
კრიმინალური პოლიცია ამ ტერიტორიაზე დედის განცხადებით, ე.წ. შემოვლაზე იმყოფებოდა, როდესაც ახალგაზრდები შეამჩნია. როგორც ჩანს სამართალდამცველები შენიშნა ბრალდებულმაც - კადრებში ჩანს, რომ ის პოლიციის დანახვისთანავე დანას ასფალტზე დებს, სამართალდამცავებს კი ეუბნება, რომ დაპირისპირების შესახებ არაფერი იცის. მკვლელობაში ბრალდებული მის მეგობრებთან ერთად ტერიტორიის დატოვებას ასწრებს.
მკვლელობაში ბრალდებულს ახლა 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება."ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე სხვა დანაშაულის გამო, თავისუფლებაზე გირაოს სანაცვლოდ იმყოფებოდა, თუმცა მას გირაო გადახდილი არ ჰქონდა.
"ამბობენ, რომ ბრალდებულს ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. სისტემის ბრალია" - ამბობს ეკა მხატვრიშვილი.