რეზონანსი
12.10.2026

 ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებამ ენერგორესურსების მიწოდების შეფერხების საფრთხე კრიტიკულად გაზარდა, რამაც გლობალურ ბაზარზე ნავთობის მკვეთრი გაძვირება გამოიწვია.

დღევანდელ სავაჭრო სესიაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ღირებულება 2%-ით გაიზარდა და ბარელზე $107 შეადგინა. ამერიკულ WTI-ზე ფასმა 2.3%-ით მოიმატა და ბარელზე $94-ს მიაღწია. რუსულ Urals-ს რაც შეეხება, მისი ფასი 118 დოლარის ფარგლებშია.

საერთო ჯამში, მიმდინარე წლის განმავლობაში ნავთობის საშუალოდ 75%-ით არის გაძვირებული და ზოგიერთი ნავთობპროდუქტის, მაგალითად, დიზელის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა, რომელიც საქართველოში უკვე ლიტრზე 5 ლარს აღწევს.

დღეს ნავთობის გაძვირება კონფლიქტის ესკალაციასთან დაკავშირებით გაჩენილ მოლოდინებს უკავშირდება. საუდის არაბეთის დედაქალაქის აეროპორტზე მომხდარი სისხლიანი თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ჰუსიტებსა და ირანზე ერთობლივი იერიშების მიტანას სერიოზულად განიხილავს.

თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ჰუსიტების მიერ განხორციელებული დარტყმები თეირანის მიერ იყო წაქეზებული და რომ ის მიზნად რეგიონში დაპირისპირების ახალი კერის შექმნასა და გლობალურ სანავთობო ბაზარზე ზეწოლის გაზრდას ისახავდა მიზნად.

კრიტიკოსების შეფასებით, ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული უმძიმესი მდგომარეობა და ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკის და ირანის წინააღმდეგ დაუსრულებელი ომის დაწყების შედეგია, რომელიც, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად გამწვავდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×