თამთა ჩაჩანიძე
13.10.2026

ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით არსებული პოლიტიკის გადახედვას იანვარში გეგმავს - კაია კალასის განცხადებით, ბრიუსელის ამჟამინდელი მიდგომა ვერც ხელისუფლებაზე საკმარის ზეწოლას უზრუნველყოფს და ვერც ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესების განხორციელებას უწყობს ხელს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „ქართულ ოცნებას" დემოკრატიულ უკუსვლასა და ქართველი ხალხისთვის ევროპული მომავლის წართმევაში ადანაშაულებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საქართველო მზად არის დიალოგს დაუბრუნდეს. თუმცა, მათი შეფასებით. „შუა დერეფნის" მზარდი მნიშვნელობის გამო, ბრიუსელს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა თავადაც დასჭირდება.

რა შეიცვლება იანვარში ევროკავშირის მიდგომაში, რა ბერკეტები რჩება ბრიუსელს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაძლიერებლად და რამდენად რეალურია მხარეებს შორის ურთიერთობების გადატვირთვა - ამ საკითხებზე ანალიტიკოსებს განსხვავებული პოზიციები აქვთ, თუმცა თანხმდებიან იმაში, რომ ევროკავშირს სასანქციო პაკეტის გამწვავება ხელეწიფება.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „ოცნება" სისტემატურად ართმევს ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს.

„საქართველოს რაც შეეხება, იქ დემოკრატიული უკუსვლა უარესდება, სულ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია დგას აკრძალვის წინაშე და „უცხოური აგენტების კანონი" სამოქალაქო საზოგადოებას ახრჩობს. ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ ამას „ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს მათ. ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა ვერც საკმარის ზეწოლას ქმნის ცვლილებისთვის და ვერც ევროპული სტრატეგიული ინტერესების სრულად განხორციელების საშუალებას გვაძლევს. ამ თემას იანვარში დავუბრუნდებით", - განაცხადა კალასმა.

„მიუხედავად ამდენი უსამართლობისა, ჩვენ მზად ვართ გადავფურცლოთ ეს ყველაფერი, დავიწყოთ რეალური პარტნიორობა, ვინაიდან „შუა დერეფნის" მნიშვნელობა გასამმაგებულია, ევროკავშირი დიდხანს ვერ მოითმენს და მათ მოუწევთ ჩვენთან ურთიერთობის დაწყება", - განაცხადა „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის თქმით, ბრიუსელში ფიქრობენ, „რომ დამატებითი შანტაჟითა და საინფორმაციო ხმაურით ოპოზიციას რევოლუციური თუ საარჩევნო გზით ხელისუფლების ჩანაცვლების შანსს მისცემენ, თუმცა ეს გამორიცხულია".

რა ბერკეტები დარჩა ევროკავშირს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ ევროკავშირში საქართველოს „დასჯის" საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხმა უკანა პლანზე გადაიწია, თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება კვლავ დღის წესრიგში რჩება. ასევე ამბობს, რომ ევროპა ვერ უგულებელყოფს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფანში და პროგნოზირებს, რომ იანვარშიც ბრიუსელში ამ საკითხებზე შეუთანხმებლობა შენარჩუნდება.

„ბერკეტი არის ის, რომ უსინდისოდ გაამწვავონ სასანქციო პაკეტი საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის საკითხმა უკანა პლანზე გადაიწია, რაც მათი ე.წ. ინსაიდერული ინფორმაციებიდანაც ჩანს. ეს ევროკრატიის სტანდარტული მეთოდია, როდესაც რაღაცაზე ვერ თანხმდებიან, გადაწყვეტენ, რომ ეს საკითხი სამომავლოდ გადადონ, მაგრამ ის შიდა წინააღმდეგობა, რომ საქართველო დასაჯონ, არ იცვლება და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეს არ იყო მხოლოდ უნგრეთის აწ უკვე ყოფილი პრემიერ ორბანისა და სლოვაკეთის ამჟამინდელი პრემიერის, ფიცოს წინააღმდეგობა. რასაკვირველია, შეუთანხმებლობა გამოწვეულია სხვა წევრი ქვეყნების მხრიდანაც, რამეთუ მათი არგუმენტი ის არის, რომ არ შეიძლება ლეგიტიმურ მთავრობასთან ასე ილაპარაკო, როდესაც ე.წ. იზოლაცია არ ამართლებს.

  • გია აბაშიძე: „ბერკეტი არის ის, რომ უსინდისოდ გაამწვავონ სასანქციო პაკეტი საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ის, რომ უვიზო მიმოსვლა შეწყვიტონ, უკანა პლანზე გადაიწია"

„მეორე და მთავარი არგუმენტი, რაც უკვე გამოჩნდა გუშინდელი მინისტრიანიდან. რაღაც სასაცილო სიტყვების თამაშია, რომ პოლიტიკური დიალოგის მიღმა გაიმართოს სტრატეგიულ საკითხებზე კომუნიკაცია, რასაც ქვია ტრანსპორტი, ტრანზიტი, ინფრასტრუქტურა და საბოლოო ჯამში შუა დერეფანი. ანუ იმდენად სასაცილო მდგომარეობაში არიან კოლექტიური კალასები და კოსები, რომ შეუძლებელია საქართველო ერთი, რომ შავი ზღვასთან რუკაზე წაშალო და მეორე, სად არის ამ ხელისუფლების ე.წ. იზოლაცია, თუ ე.წ. მასობრივი დაუმორჩილებლობა ხალხის მხრიდან? როდესაც საგარეო პოლიტიკა წარიმართება მახინჯი იდეოლოგიით და არა რეალობიდან და პრაგმატიზმიდან გამომდინარე, ის ყოველთვის დამარცხებულია.

„რა იქნება იანვარში? იგივე იქნება, რაც ახლა იყო ევროკავშირის შიგნით და რაც მანამდე იყო - შეუთანხმებლობა. იმიტომ რომ არა მხოლოდ იმის რეალობაა გასათვალისწინებელი ბრიუსელში, რომ მოქმედი ხელისუფლება ლეგიტიმურად არის არჩეული და ხალხის უმრავლესობის მიერ არის მოწონებული, არამედ მეორე: მათ სტრატეგიულად სჭირდებათ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის ეს მნიშვნელოვანი ცენტრი, რასაც ჰქვია ეკონომიკურად განვითარებადი საქართველო. ამ რეალობას ვერ გაექცევიან ვერც იდეოლოგიური შაბლონური მახინჯი განცხადებებით და ვერც ვეღარანაირი ე.წ. ბოიკოტობანა-სანქციობანათი, რაზეც თავადაც ვერ თანხმდებიან ევროპულ ოჯახში",- განაცხადა გია აბაშიძემ.

„რეზონანსთან" საუბრისას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ უნგრეთის ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის მიერ ევროკავშირის დონეზე სანქციების დაბლოკვის შესაძლებლობის გაქრობის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შანსი იზრდება. მისი შეფასებით, ევროკავშირს ზეწოლის გასაძლიერებლად რამდენიმე მექანიზმი აქვს, მათ შორის, ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვების გამკაცრება და ფინანსური სანქციების დაწესება. ჩიტაძე ასევე არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირში კონსენსუსის არარსებობის შემთხვევაში ინდივიდუალური ზომები მიიღონ ქვეყნებმა, ბლოკის გარეთ კი სანქციები შესაძლოა დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედოს.

  • ნიკა ჩიტაძე: „ქართული ოცნება" სარგებლობდა იმით, რომ დიდი ხნის განმავლობაში უნგრეთი, ორბანის ხელმძღვანელობით, გადაწყვეტილებებს ბლოკავდა. ახლა უფრო მეტი ბერკეტი შეიძლება გააჩნდეს ევროკავშირს"

„მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე იღებენ. თუ ევროპარლამენტი გადაწყვეტილებას უმრავლესობის საფუძველზე იღებს და მის დადგენილებას გააჩნია სარეკომენდაციო ხასიათი, იგივე ევროპულ საბჭოში ან საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოში გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის საფუძველზე და პოლიტიკური წონაც აქვთ.

„ქართული ოცნება" სარგებლობდა იმით, რომ დიდი ხნის განმავლობაში უნგრეთი, ორბანის ხელმძღვანელობით, გადაწყვეტილებებს ბლოკავდა, რაც გულისხმობდა სანქციების ამოქმედებას ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ახლა უფრო მეტი ბერკეტი შეიძლება გააჩნდეს ევროკავშირს სანქცირების კუტხით. შანსი იზრდება, რომ ზეწოლა გაძლიერდეს.

„ერთი მოსალოდნელია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ გამკაცრებული სავიზო შეზღუდვა დააწესონ, ასევე შესაძლოა ფინანსური სანქციები ამოქმედდეს, დაებლოკოთ ანგარიშები. თავის მხრივ ბრიტანეთმა შეიძლება ამოქმედოს სანქციები, ან თუ კონსენსუსი არ შედგა, შეიძლება ქვეყნები ინდივიდუალურ სანქციებზე გადავიდნენ," - განაცხადა ჩიტაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×