
ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს.
კერძოდ, კომისიის დასკვნა ეხება 2026 წლის 4 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „გრანტების შესახებ“კანონს, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ აქტებს.
დასკვნა PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის, ელვირა კოვაჩის თხოვნით მომზადდა.
ვენეციის კომისიის მოსაზრების მომხსენებლები არიან ჰერდის კიერულფ თორგეირსდოტირი, ზლატკო კნეჟევიჩი და ფრანსუა სენერსი.
დოკუმენტის მიხედვით, მომხსენებლებმა ონლაინ შეხვედრები გამართეს საერთაშორისო საზოგადოების, არასაპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
მათივე ცნობით, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა უარი თქვეს ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრაზე, ასევე, შეხვედრაზე უარი განაცხადა სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტომ და სახელმწიფო აუდიტის ოფისმა.
ამასთან, ვენეციის კომისიაში აღნიშნავენ, რომ მადლობას უხდიან ევროპის საბჭოს ოფისს საქართველოში ონლაინშეხვედრების ორგანიზებისთვის.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიამ შეაფასა „გრანტების შესახებ“ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების“ შესახებ ორგანულ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე, მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის 4 მარტს მიიღო.
კომისია კიდევ ერთხელ იმეორებს 2025 წლის დასკვნას, სადაც საუბარია, რომ „საკანონმდებლო ცვლილებები კანონის უზენაესობის, სამოქალაქო სივრცისა და დემოკრატიული თავისუფლებების შელახვის რისკს ქმნიდა“ და მათი გაუქმების მოწოდებით გამოვიდა.
კომისიის 2025 წლის დასკვნის მიხედვით, ამ საკითხებზე ნებისმიერი მომავალი კანონმდებლობა უნდა შემუშავდეს სისტემური და ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის მეშვეობით.
ვენეციის კომისიის განცხადებით, 2025 წლის დასკვნის შემდეგ საქართველოში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.
„2026 წლის 4 მარტის საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად აფართოებს სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური მონაწილეობისა და უცხოური დაფინანსების რეგულირების შემზღუდავ სამართლებრივ ჩარჩოს საქართველოში. წინა მოსაზრებებში გამოვლენილი შეშფოთების მოგვარების ნაცვლად, კიდევ უფრო აძლიერებენ მთავრობის კონტროლს, აფართოებენ შეზღუდვების ფარგლებს და აძლიერებენ საკანონმდებლო ჩარჩოს ფართო მონიტორინგის უფლებამოსილებებისა და სისხლისსამართლებრივი სანქციების გზით“, – წერია დასკვნაში.
დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ადამიანის საერთაშორისო უფლებების სტანდარტებს არღვევს და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადახედოს სისხლის სამართლის რეგულაციების გამოყენებას.
„ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ მათი ამჟამინდელი ფორმით ფიზიკურ პირებზე დაწესებული შეზღუდვები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ადამიანის საერთაშორისო უფლებების სტანდარტების გათვალისწინებით. კომისია მკაცრად ურჩევს ხელისუფლებას, გადახედოს სისხლის სამართლის სანქციების გამოყენებას გრანტების შესახებ კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და ვალდებულებების დარღვევის ფარგლებში, ასევე ისეთ ქმედებებს, რომლებიც მოიცავს „საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებს“, უცხოური იურიდიული პირების საქმიანობას ან გრანტის რეჟიმის გვერდის ავლის მიზნით დახასიათებულ ტრანზაქციებს. ხელისუფლება თუ მაინც გადაწყვეტს სისხლის სამართლის სანქციებთან დაკავშირებული მიდგომის შენარჩუნებას, სულ მცირე, უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს იმ ვითარებებით, როდესაც ეს მკაცრად აუცილებელი და პროპორციულია“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული კანონების მარეგულირებელ ჩარჩოს აკლია სამართლებრივი განსაზღვრულობა და განჭვრეტადობა. დასკვნის თანახმად, ისეთი ძირითადი ცნებები, როგორebიცაა „გრანტი“, „პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობა“, „უცხო ქვეყნის ინტერესების წარმომადგენელი ორგანიზაცია“ და „გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირი“, „არალეგიტიმურობის აღქმის შექმნა“ ან „სახელმწიფოს ინტერესებისთვის ზიანის მიყენება“ ზედმეტად ფართოდ არის ფორმულირებული, არაზუსტი ტერმინებია, რაც გაურკვევლობას ქმნის.
„ეს ცნებები საჭიროებს დაზუსტებას და ვიწროდ განსაზღვრას. ვენეციის კომისია ასევე მიიჩნევს, რომ მომავალში საქართველოში კანონმდებლობის მიღების პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ლეგიტიმურობა და საყოველთაობა. კანონპროექტების მიღების პროცესი უნდა მოიცავდეს ყველა შესაბამისი აქტორის მონაწილეობით განხილვებს, გამონაკლისია დაჩქარებული პროცედურები“, – ნათქვამია დასკვნაში.
დოკუმენტის მიხედვით, ვენეციის კომისია მტკიცედ მიიჩნევს, რომ ზემოთ ნახსენები კანონმდებლობა არ ისახავს მიზნად საქართველოსა და პოლიტიკური პარტიების სუვერენიტეტის უცხოური გავლენისა და ჩარევისგან დაცვას. კომისიის მოსაზრებით, პირიქით, აწესებს არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე, კერძოდ, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და გადარჩენას. ამასთან, ვენეციის კომისია სინანულს გამოთქვამს, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ არ ისურვა ამ დასკვნის მომზადებაში ჩართვა, თუმცა თავად კომისია ღია რჩება დიალოგისთვის“.