თამთა ჩაჩანიძე
13.10.2026

საქართველოს გარშემო პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხი იზრდება - ევროკავშირი თბილისთან ურთიერთობის გადახედვას იანვრისთვის გეგმავს, რუსეთი კი ქართული პროდუქციის ნაწილის იმპორტს ზღუდავს. რა დგას ამ პროცესების უკან, რამდენად შეუძლია საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა და ხომ არ იქცევა რუსული ემბარგო ხელისუფლებაზე დამატებითი ზეწოლის მექანიზმად? ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის პოზიციის შეცვლა უახლოეს მომავალში ნაკლებად მოსალოდნელია, ხოლო რუსეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებში პოლიტიკურ მიზნებსაც ხედავს.

მისი შეფასებით, შექმნილი ვითარება საქართველოსთვის ჩიხურ სურათს ქმნის, თუმცა ქვეყნის სტრატეგიულმა მნიშვნელობამ შეიძლება მომავალში დასავლეთი მიდგომების გადაფასება აიძულოს.

საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეებს შესაძლოა ერთიანი პოზიცია არ ჰქონდეთ, თუმცა ეჭვობს, რომ მანანა კობახიძის თვითაცილების მოთხოვნის მიზეზი სანქციების შიში იყოს. ფიქრობს, პარტიების აკრძალვის პროცესის გაჭიანურება თავად ხელისუფლების ინტერესებშიც შეიძლება შედიოდეს, რასაც იგი სარჩელში პარტიების ეტაპობრივ დამატებას უკავშირებს.

„რეზონანსი": ევროკავშირი საქართველოს საკითხს იანვარში დაუბრუნდება. მანამდე იყო საგარეო მინისტრების შეხვედრა, რასაც წინ უძღოდა ევროპარლამენტის ნეგატიური რეზოლუცია. როგორ ფიქრობთ რა შეიძლება გადაწყდეს იანვრის შეხვედრაზე?

რამაზ საყვარელიძე: მე მგონი თვითონაც არ იციან, რადგან მაგ თემაზე მსჯელობისას ასეთი ინტონაციაც იყო, რომ აღარ ვიცით რა ვქნათ და, აი, იანვარში გადავწყვიტოთო.

ამიტომ მეჭვება, რომ იანვრამდე რამე ახალი გზა და საშუალება იპოვონ. ყველა მეთოდი სცადეს - რევოლუცია, არჩევნები, სანქციები, მაგრამ, ხომ ვხედავთ, რომ საქართველოში რეაქცია ამ სანქციების მიმართ პრაქტიკულად ნულოვანია. იგივენაირად შეიძლება დაიშალოს იანვრის სხდომაც, როგორც ახლა საგარეო საქმეთა მინისტრები დაიშალნენ.

„რ": „ოცნებაში" ამბობენ, რომ ვინაიდან „შუა დერეფნის" მნიშვნელობა გასამმაგებულია, ევროკავშირი დიდხანს ვერ მოითმენს და მოუწევთ ურთიერთობის დაწყება საქართველოს ხელისუფლებასთან, რამდენად მივა ევროკავშირი ამ დასკვნამდე?

რ.ს.: მე ასე მკაფიოდ არ გამოვთქვამდი, რომ ვერ მოითმენს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა მიდის ინტენსიურად ისეთი პროცესი, რომელზეც ევროკავშირმა რეაქცია უნდა მისცეს. მე მაინც მგონია, უფრო რეალური რომ გახდება და კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდება თავის რეალურ ფუნქციას საქართველო - ანაკლიის ჩართვით ჩინური თუ სხვა აღმოსავლური ტვირთების ევროპისკენ მიმავალ გზამდე მიტანით და ა.შ. მერე უფრო სავარაუდოა ევროკავშირის გამოფხიზლება. ისინი ახლა აყოლილები არიან თავისივე ადრინდელ ნათქვამს და გაჩერება არ შეუძლიათ, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ინერცია შეჩერდეს, რაღაც რეალობას უნდა დაეჯახონ.

  • „ადრე თუ გვიან უდავოდ დაუდგება ეს ეტაპი (ევროკავშირს), რომ კავკასია და საქართველო გადააფასოს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, უახლოეს ხანებში არ მაქვს ამის იმედი"

ჯერჯერობით ასეთი რეალობა არ დამდგარა, პროცესი ძალიან მომწიფებულია, მაგრამ მე მაინც იმედი არ მაქვს, რომ ევროკავშირს პერსპექტივის დანახვის უნარი აქვს. მათ უფრო იმის დანახვის უნარი, რაც მოხდება, ისიც ყოველთვის არა. აი, ცოტა ხნის მერე რა მოხდება, მე მგონი, მაგის დანახვის უნარი, ან სურვილი არა აქვთ.

ამიტომ მგონია, რომ ადრე თუ გვიან უდავოდ დაუდგებათ ეს ეტაპი, რომ კავკასია და საქართველო გადააფასონ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, უახლოეს ხანებში არ მაქვს ამის იმედი.

„რ": საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისგან თვითაცილება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ უარი უთხრა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კობახიძემ ზუსტად იცის, ყველა მოსამართლე დასანქცირდება, ვინც პარტიების აკრძალვას მხარს დაუჭერს. ამ ფონზე რამდენად მოსალოდნელია პარტიების აკრძალვა?

რ.ს.: სასამართლოს, რა თქმა უნდა, არ იქნება ერთიანი პოზიცია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მანანა კობახიძის მოტივი სანქცია იყოს. ჩვენ არაერთი მოსამართლე ვნახეთ სანქციის ქვეშ და მოსამართლეები რაღაც დიდად არ დარდობენ ამ სანქციებს - ალბათ იმიტომ, რომ სანქციები ქმედითი არაა. მე მგონი კობახიძეს ამ ინიციატივის შინაარსთან აქვს თავისი ანგარიში, მის ადრინდელ მოღვაწეობიდანაც ჩანს ეგ, რომ ცდილობს, დემოკრატიას არ ავნოს და ამ მოტივით, რომ დემოკრატია არ დაზარალდეს, შეიძლება ოპოზიციური პარტიების განადგურება არ სურდეს. მაგრამ მეეჭვება, რომ სწორი რეაქცია ჰქონდეს, რადგან არ იქნება ასე სახელდახელოდ შემოღებული ეს აკრძალვა. მანანა კობახიძეს კი არა, თვით ხელისუფლებასაც არ აწყობს, ვხედავთ, რომ თითო-თითო პარტიას უმატებენ ამ სარჩელს, გადაწყვეტილების მიღება რომ გახანგრძლივდეს. ამიტომ მგონი, ცოტა ნაადრევი ნაბიჯი იყო მანანა კობახიძის მხრიდან ასეთი ინიციატივა.

„რ": რუსეთმა ზოგიერთი ქართული პროდუქციის შეტანა აკრძალა, როგორ ფიქრობთ რამდენად შეიძლება გაფართოვდეს ქართული კომპანიებისა და პროდუქციის სია?

რ.ს.: სრულიად შემთხვევით მოვისმინე ანალოგიური ბიზნესის ერთ-ერთი წარმომადგენლის ინტერვიუ, რომელიც აშკარად „ნაციონალური მოძრაობის" მომხრე იყო, არც მალავდა და აკრიტიკებდა ხელისუფლებას, იმდენად, რომ ჟურნალისტს გაუჩნდა კითხვა. ხელისუფლებას აკრიტიკებდი იმაში, რომ კონტროლი არ გაამკაცრა ამ პროდუქციაზე (სასმელებზე) და ამიტომ ის უხარისხო შეიძლება იყოსო. ჟურნალისტი შეეკითხა: კი მაგრამ, თავად კერძო ბიზნესის ინტერესი არ იყო, რომ ხარისხიანი ყოფილიყოვო? ლოგიკურია, მარამ დამაშავე მაინც ხელისუფლებააო. ამ ინტერვიუმ სრულიად ახალი თვალით დამანახა მოვლენა - ეს ფირმები თითქმის ყველა ეკუთვნის „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს და ხომ არ არის ჩაფიქრებული ის, რომ სწორედ ამ ფირმებიდან დაიწყოს ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება უკვე ბიზნესწრეებისგან და ამის საბაბი მისცა რუსეთმა. რუსეთი ხომ ძალიან ხშირად დგამს ხოლმე ისეთ ნაბიჯს, რომელიც ოპოზიციას აძლევს უკმაყოფილების გამოთქმის საბაბს. ხან პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდებოდა მათი წარმომადგენელი და ხან სხვა, ანალოგიურ პრობლემებს ქმნიდნენ.

ამიტომ ეჭვი მაქვს, რომ ეს ბიზნეს-პროცესი უფრო გაფართოვდება საიმისოდ, უკვე ბიზნესწრეები დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას, ანუ რევოლუცია ბიზნესწრეებიდან... აი, ამის გაკეთების ხელშემწყობად შეიძლება გადაიქცეს რუსეთი.

„რ": როგორ გამოიყურება საქართველო რუსულ ემბარგოსა და დასავლურ იზოლაციას შორის?

რ.ს.: გამოიყურება როგორც ჩიხში მყოფი და ეს მოზაიკა ნათელ ფერს არ ქმნის საქართველოს თავზე, მაგრამ თუ დავფიქრდებით, საკითხი შეიძლება სხვანაირადაც დავსვათ - რატომ ემთხვევა ერთმანეთს რუსული დასჯა, ევროპელების მხრიდან დასჯა და ამერიკელი დემოკრატების მხრიდან დასჯა? ხომ არ არის ეს ერთი და იგივე პროცესის სხვადასხვა ნაწილი? საჭიროა იმის გაანალიზება, ვის ინტერესებშია საქართველოს უნაგირიდან გადაგდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×