რეზონანსი
13.10.2026

ოთხი ოქტომბრის მსჯავრდებულების საქმეზე, საუბარია მურთაზ ზოდელავას, გური ჟვანიას, ირაკლი ჩხვირკვიასა და ლაშა ბერიძეზე, რომელთაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება.

როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, მთელი უბედურება იმაშია, რომ პოლიტიკური ინტერესებისა თუ საგარეო მხარდაჭერის გამო, შვილებს ურჩევნიათ მამები ციხეში იყვნენ.

"ადამიანების ციხიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციას მიუღებლობის დიდი პოლიტიკა აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათი საგარეო მხარდაჭერებისთვის იყოს ტერმინი - "პოლიტიკური პატიმარი." ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი კატეგორიულად წინააღმდეგი არიან ადამიანები ციხიდან გამოვიდნენ.

ადამიანებს, განსაკუთრებით შვილებს მამის ციხეში ჩატოვება უნდათ, ამ შემთხვევაში ზრუნავენ არა მამამისზე, არამედ საკუთარ თავზე და ეს არის მთელი უბედურება. საკუთარ მამებს ახალი როლი განუსაზღვრეს, რომ იყვნენ ციხეში და მათი ციხეში ყოფნით, სპეკულაცია გააგრძელონ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების საქმის განხილვა დასრულდა. ცალკე წარმოებად გამოიყო მურთაზ ზოდელავას, გური ჟვანიას, ირაკლი ჩხვირკვიასა და ლაშა ბერიძის საქმეები.

ძალადობრივი აქციისა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის ორგანიზატორებმა დანაშაული აღიარეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართეს.

მომდევნო პროცესზე მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. პროკურატურასთან შეთანხმებით ამავე საქმეზე დაკავებული 60 პირიდან ნახევარზე მეტმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×