
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21 ოქტომბრიდან ჩაინიშნა. ამის შესახებ პოლიტიკოსებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია.
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ დაუკავშირდნენ საკონსტიტუციო სასამართლოდან და შეატყობინეს, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა.
„დამირეკეს საკონსტიტუციო სასამართლოდან, პარტიების აკრძალვის პროცესები ჩანიშნეს ფორსირებულად - 21 ოქტომბერი, 22 ოქტომბერი, 23 ოქტომბერი. მონდომებაც ამას ჰქვია“, - დაწერა ირაკლი კუპრაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოდან დაუკავშირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ლიდერს, ბერდია სიჭინავასაც და პროცესზე დაიბარეს.
„საკონსტიტუციო სასამართლოდან დამირეკეს, 21, 22, 23 ოქტომბერს მობრძანდით, თქვენი აკრძალვის პროცესზეო… მეთქი ქალბატონო, ან სარჩელი გადმოგზავნეთ ოფიციალურად ან ჩვენს პოზიციას დაელოდეთ წერილობით… არ გვჭირდება, ბატონო ეგენიო. ბოლოს მეუბნება, ნაცმოძრაობის ან/და ფედერალისტებსაც ხომ
ვერ დამაკავშირებო. ქალბატონო, თქვენ მართლა კოლექტიური ნაცმოძრაობა ხო არ გგონივართ-მეთქი? წადით და ვასილ როინიშვილს ჰკითხეთ ნაცმოძრაობის საკონტაქო-თქო. მგონი, უჩემოდაც გავლენ კონტაქტზე”, - დაწერა ბერდია სიჭინავამ.