
იმის ფონზე, რომ ბოლო დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე წნეხი გააძლიერა, რესპექტაბელურ მედიაში ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ შესაძლოა ახლა ამერიკამ უკრაინას რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გამო სამხედრო დაზვერვის გაზიარება და იარაღის მიწოდების სისტემა შეუჩეროს, რასაც ომში კრიტიკული მნიშვნელობა გააჩნია. სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას პროგნოზით, დახმარების შეწყვეტა უკრაინის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის.
„ფაინენშელ ტაიმსი" ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ იმუქრება, შეაჩერებს იმ შესყიდვების სისტემას, რომელიც უკრაინას იარაღითა და დაზვერვითი ცნობებით ამარაგებს, რათა კიევზე ზეწოლა მოახდინოს და რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ღრმა დარტყმები შეაჩერონინოს.
ინფორმაციის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა და ევროპელი მოკავშირეები გააფრთხილა, რომ აშშ-მ შეიძლება შეაჩეროს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება და ამერიკული იარაღის ევროპული შესყიდვები უკრაინისთვის, თუ კიევი არ შეწყვეტს დარტყმებს რუსეთის სიღმეში განლაგებულ ენერგეტიკულ ობიექტებზე. ორი ევროპელი ოფიციალური პირის თქმით, ეს გაფრთხილება სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონმა ევროპელებსა და უკრაინელებს შაბათ-კვირას გაუგზავნეს. ამას გარდა, აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობის პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდათ უკრაინელ მეთაურებთან.
ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ ტრამპის რისხვა ზელენსკის მიმართ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო. ტრამპი დიდი ხანია გლობალურ დონეზე დიზელის ფასების ზრდას უკრაინა-რუსეთის ომს აბრალებს და მოითხოვს, რომ ორივე მხარემ შეწყვიტოს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები. კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ ე.წ. „ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტაზე", რაც ზელენსკის ახლო წყაროს თქმით, მოულოდნელი იყო.
„უკრაინა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმაც დაუჭიროს მხარი. ჩვენ ამერიკული მხარისგან დეტალებს ველოდებით", - დაწერა ზელენსკიმ იქს-ზე.
ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა სიენენს უთხრა, რომ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება და იარაღის შესყიდვა „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" უკრაინისთვის და ამ მუქარას კიევისა და მისი მოკავშირეებისთვის „სამწუხარო დღე" უწოდა. თუ მუქარა რეალობად იქცა, ეს დაუყოვნებლივ აისახება უკრაინის თავდაცვით პოტენციალზე.
აშშ-ის მიერ მოწოდებული სადაზვერვო ინფორმაცია ეხმარება უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტების თავდასხმებისგან დაცვაში, რადგან ატყობინებს რაკეტების გაშვების ადგილმდებარეობას და აწვდის მონაცემებს იმის შესახებ, სად და როდისაა მოსალოდნელი დარტყმები.
იარაღის შესყიდვების შეჩერება - რაც ხდება უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის მექანიზმის მეშვეობით - ყველაზე დამანგრეველ გავლენას მოახდენს „პატრიოტებისთვის" ანტისაჰაერო რაკეტების მიწოდებაზე, რომლის დეფიციტიც უკრაინას უკვე მწვავედ აქვს, რადგან რუსეთმა გააფართოვა სარაკეტო და დრონული თავდასხმები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება 2025 წლის მარტშიც შეაჩერა, ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ, რომელიც ოვალურ კაბინეტში დაძაბულად წარიმართა. თუმცა აშშ-მ ის მოგვიანებით მაინც აღადგინა მას შემდეგ, რაც უკრაინამ მიიღო აშშ-ის მიერ შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტა საუდის არაბეთში მოლაპარაკებების შემდეგ.
- აშშ-ის მიერ მოწოდებული სადაზვერვო ინფორმაცია ეხმარება უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტების თავდასხმებისგან დაცვაში, რადგან ატყობინებს რაკეტების გაშვების ადგილმდებარეობას და აწვდის მონაცემებს იმის შესახებ, სად და როდისაა მოსალოდნელი დარტყმები.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ფრონტის ხაზზე თანაბარი ბრძოლა მიდის, მაგრამ თუ ამერიკამ დახმარება შეუწყვიტა, ეს უკრაინაზე ძალიან ნეგატიურად აისახება.
„ტრამპის პოლიტიკა უკრაინასთან დაკავშირებით, როგორც ყოველთვის, გაურკვევლობის მომტანია. ერთ დღეს უკრაინის გულმხურვალე მომხრეა და ყველანაირად ცდილობს ხელი გაუწოდოს, მეორე მხრივ კი ვხედავთ ცოტა დამაბნეველ ქცევებს და ვისმენთ არანაკლებ დამაბნეველ განცხადებებს. თუნდაც ის რად ღირს, ახლა პირდაპირ რომ მოითხოვა არჩევნების ჩატარება და ზელენსკის შეცვლა ომის მქონე ქვეყანაში. ასე რომ, ეს სიტუაცია საკმაოდ დამაზიანებელია უკრაინისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც სამართლიანად იბრძვის.
უკრაინისთვის ამერიკელების დახმარება ძალიან სერიოზულია, ფრონტისთვის მარტო სადაზვერვო ინფორმაციით მომარაგება ბევრს ნიშნავს, იგივე სარაკეტო სისტემების გადაცემა. ამიტომ, თუ ეს მოხდა, საკმაოდ ნეგატიურად აისახება ფრონტის ხაზზე უკრაინისთვის. როცა ტრამპმა პირველად მოახდინა უკრაინელების გარკვეულწილად შეჩერება, რუსებმა ამით ისარგებლეს და გადავიდნენ კონტრშეტევაზე. მაშინ ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნა უკრაინას.
რაც შეეხება დღეს ფრონტზე არსებულ ვითარებას, რუსები და უკრაინელები ფაქტობრივად გადადიან შეტევაზე თანაბრად. ანუ თუ უკრაინელებს აქვთ წარმატება მთელი მაისის განმავლობაში, რუსებს აქვთ სამწუხაროდ წარმატებული ხარკოვის მიმართულებაზე და პლუს კიდევ ზაპოროჟიეს მხარეში.
რა თქმა უნდა, ვითარება არის პარიტეტული. ვერ ვიტყვით, რომ დავუშვათ უკრაინელებმა ინიციატივა წაართვეს რუსებს, ან პირიქით. კონტრდარტყმითი ბრძოლა მიდის. მეორე მსოფლიო ომის დროს როგორც იყო, მსგავად ხდება ახლაც. ძალიან კრიტიკული სიტუაციაა და თუ ამ დროს მოხდა ამერიკების მხრიდან გარკვეული სამხედრო დახმარების შეჩერება, ამან შეიძლება ძალიან ცუდად იმოქმედოს უკრაინაზე", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".