რეზონანსი
13.10.2026

გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების სამსახური, MI5, სახელმწიფო საფრთხეებთან ბრძოლას იმაზე მეტ რესურსს უთმობს, ვიდრე "ცივი ომის" პერიოდში, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერ კენ მაკკალუმმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში უცხოელი მოწინააღმდეგეების მხრიდან საფრთხეები ოთხჯერ გაიზარდა, რუსეთი „ნომერ პირველი აგრესორია", ასევე გაიზარდა ირანთან დაკავშირებული აგრესია ებრაული ობიექტებისა და სამხედრო ბაზების წინააღმდეგ.

მაკკალუმის თქმით, რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს იმ დროს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი თავდამსხმელებსა და დამცველებს შორის კიბერუსაფრთხოების კონკურენციას აძლიერებს.

მაკკალუმის თქმით, MI5-მა „გამოავლინა ტერორისტები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენებას ცდილობდნენ", მათ შორის, ამ ტექნოლოგიის დრონებთან ინტეგრირების გზით.

მისი განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი საფრთხე ექსტრემისტული ჯგუფების მიერ ამ ტექნოლოგიის გამოყენებაა ახალი და უკვე არსებული ბიოლოგიური იარაღის შესაძლებლობების გასაფართოებლად.

სერ კენის განცხადებით, რუსეთი ნატო-ს წინააღმდეგ „ჩვეულებრივ ომზე" არ გადასულა და ამის ნაცვლად ევროპის ქვეყნების დესტაბილიზაციას ცდილობს, მაშინ როცა უკრაინაში მის სრულმასშტაბიან შეჭრას „უმნიშვნელო და ძვირადღირებული" წინსვლა ახლავს.

სერ კენის განცხადებით, MI5-ის წარმატებულმა ოპერაციებმა, რომელთა შედეგადაც დიდ ბრიტანეთში რუსი ჯაშუშები გამოავლინეს და ქვეყნიდან გააძევეს, კრემლი იძულებული გახადა, დაგეგმილი თავდასხმების განსახორციელებლად შემსრულებლებისთვის ფული გადაეხადა.

„უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, თითქმის 1 000 რუსი დიპლომატისა და აგენტის გაძევებამ კრემლს ტრადიციული ფარული ქსელი პრაქტიკულად გაუნადგურა, რის გამოც მისი გლობალური ოპერატიული შესაძლებლობები შესუსტებულია", - განაცხადა მან.

სერ კენ მაკკალუმს შეკითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემის ბოლოდროინდელ განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი „ბრექსითის" რეფერენდუმში ჩაერია, რაზეც ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ ეს ახალი ამბავი არ არის და არსებობს განსხვავება ჩარევის მცდელობასა და მიღწეულ შედეგს შორის.

მისივე თქმით, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია ადასტურებს, რომ რუსეთის მედიაში ქვეყნდებოდა მასალები და მოქმედებდნენ „ე.წ. ინტერნეტტროლები და ბოტების ფაბრიკები", რომელთა მიზანიც „ბრექსითის" შესახებ დებატებზე გავლენის მოხდენა იყო. თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ 2016 წლის რეფერენდუმის შედეგი „ეჭვქვეშ არ დგას".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×