
ერთ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყება. სასამართლოდან პროცესების თარიღების შესახებ უკვე დაუკავშირდნენ სარჩელში მოხსენიებული პარტიების წარმომადგენლებს, რომელთა ინფორმაციით, სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პროცესების ფორსირებულად დანიშვნას და სასამართლოს მოსალოდნელ შესაძლო გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ.
„ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს, 2026 წლის 24 სექტემბერს განაახლა. შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხილვის ბოლო ვადამაც 9 თვით გადაიწია. თუმცა, მერე მმართველმა პარტიამ განხილვის იანვრამდე დაჩქარება მოითხოვა.
13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განახლებული სარჩელი განსახილველად მიიღო. ახალ სარჩელში „ქართული ოცნება" 5 ოპოზიციური გაერთიანების საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვს. ესენია - „ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებისთვის", „ძლიერი საქართველო - ლელო", „ფედერალისტები", „გახარია საქართველოსთვის".
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მანანა კობახიძემ პირადი განცხადების საფუძველზე ვადაზე ადრე დატოვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტი 13 ოქტომბერს.
ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა მისი მოთხოვნა თვითგანრიდების (აცილების) შესახებ, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, მმართველი პარტიის მოლოდინია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, აგენტურის საქმიანობა ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალება და ოპოზიციური ველი ოკუპაციისგან გათავისუფლდება",
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ პარტიების სასამართლო წესით აკრძალვით პოლიტიკური პროცესი „არსებითად ნულდება, ხოლო არჩევნების გზით ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება".
მოსალოდნელი შედეგები
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" პროცედურას განმარტავს და ამბობს, რომ სასამართლოზეა დამოკიდებული, სხდომებს როგორ წარმართავს.
„სხდომები ჩვეულებრივად ისეთი იქნება, როგორც სასამართლოში ხდება-ხოლმე - მოსამართლე თავის პოზიციას წარადგენს, მოპასუხე - თავის პოზიციას, შეიძლება მოიწვიონ ექსპერტები და ა.შ. სასამართლოზეა დამოკიდებული სხდომას როგორ წარმართავს."
- ვახტანგ ხმალაძე: „სხდომები ჩვეულებრივად ისეთი იქნება, როგორც სასამართლოში ხდება-ხოლმე - მოსამართლე თავის პოზიციას წარადგენს, მოპასუხე თავის პოზიციას, შეიძლება მოიწვიონ ექსპერტები და ა.შ. სასამართლოზეა დამოკიდებული სხდომას როგორ წარმართავს"
მისი თქმით, თვითონ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს პარტიების თაობაზე საბოლოო განაჩენი როდის უნდა გამოაცხადოს. ფიქრობს, რომ სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც მმართველ პარტიას სურს. ამბობს, რომ მანანა კობახიძის მიერ სასამართლოს დატოვების სხვადასხვა მიზეზეზი შეიძლება იყოს.
„შეიძლება იყოს ის, რომ ის არ იზიარებს აკრძალვის პოზიციას. შეიძლება იყოს ის, რომ, ვთქვათ, უფრთხის სანქციების დაწესებას. არ ვიცი, სხვადასხვა შეიძლება იყოს მიზეზი."
ანალიტიკოსი ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ საკითხის ირგვლივ ოპოზიციაში არსებული ისტერია, მოსალოდნელი გადაწყვეტილებით არის განპირობებული. მიიჩნევს, რომ ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციები პოლიტიკურ ველზე არ უნდა არსებობდნენ და ეს სარჩელი კანონიერ მოთხოვნებს შეესაბამება.
- გია აბაშიძე: „აშკარად ჩანს, რომ რადიკალურ პარტიებში ისტერიაა, რაც სხვადასხვა სახით ვლინდება, მაგრამ ეს ისტერია განპირობებულია იმ ობიექტური რეალობით, რაც მოსალოდნელია, რომ აისახოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში"
„აშკარად ჩანს, რომ რადიკალურ პარტიებში ისტერიაა, რაც სხვადასხვა სახით ვლინდება, მაგრამ ეს ისტერია განპირობებულია იმ ობიექტური რეალობით, რაც მოსალოდნელია, რომ აისახოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ორგანიზაცია არ უნდა იყოს პოლიტიკურ ველზე არც საქართველოში და არც არასდროს ყოფილა დემოკრატიულ სივრცეში, დასავლეთში.
„შესაბამისად, სხვადასხვა ამაზრზენი შეფასებები, მათ შორის, მაგალითად ანი წითლიძისგან, რომ ის ანწუხელიძის და აგვისტოს ომის გმირებს ადარებს ნაცმოძრაობის პარტიას, ესაა ფსკერზე ფსკერი, მეტი არაფერი. ასეთი უტიფარი თავხედობა რუსული ოკუპაციის ხელშემწყობი პოლიტიკური ორგანიზაციისგან, სრული სიბინძურეა და ზუსტად ამიტომ უნდა აიკრძალოს ის პარტია, რომელიც არის უსამშობლოდა ზუსტად აგვისტოს ომის დროს გაუგონარი ღალატის ჩამდენი პოლიტიკური ორგანიზაცია სააკაშვილის თამადობით. ეს ინსინუაციები იქნება, კიდევ უფრო ამაზრზენი პოლიტიკური შოუ იქნება სასამართლოს სხდომების დროს, ამიტომ გასაკვირი არ არის, ასეთი ბინძური შაპიტო ქართველ ერს უნახავს და კიდევ ერთხელ დაინახავს მათ რეალურ სახეს.
„მე ნამდვილად ვერ შევალ საკონსტიტუციოს კომპეტენციაში, მაგრამ საზოგადოებიდან დაკვეთა რომ არის, ხუთივე აიკრძალოს და გააქრონ ეს ანტიქართული სტრუქტურები ველიდან, ეს ფაქტია. ამას პოლიტიკური ანალიზი არ სჭირდება, ეს არის ფაქტი და რა თქმა უნდა, შეტანილი სარჩელი შეესაბამება კანონიერ მოთხოვნებს",- განაცხადა აბაშიძემ.
რას ამბობენ ოპოზიციაში
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე წერს, რომ ბრძოლას არ შეაჩერებენ.
„მალე გაგვაუქმებენ თუ გვიან - ჩვენთვის არაფერი იცვლება. კედელთანაც რომ მიგვაყენონ და დაგვხვრიტონ, სანამ ცოცხლები ვართ, საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის ბრძოლა არ შეჩერდება! ვერც იდეას მოკლავთ, ვერც ბრძოლისუნარიანობას და ვერც ერთ ჩვენგანს! მითუმეტეს ვერც ნაციონალურ მოძრაობას! მხოლოდ კი არ გადავრჩებით - საბოლოოდ გავიმარჯვებთ კიდევაც."
„ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ პარტიების ძალა არ არის დამოკიდებული რეჟიმის აკრძალვებზე.
„პარტიების ძალა არის დამოკიდებული პარტიების სახალხო მხარდაჭერაზე, ამიტომ დიდი ბოდიში, რომ მხოლოდ სიხარული შემიძლია გამოვხატო რეჟიმის სასოწარკვეთილი ფაფხურის მიმართ - რეჟიმის სისუსტის დემონსტრირებად ვიღებ და იმიტომ.
არანაირი, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია „ფედერალისტებისთვის" ამ რეჟიმის მიერ ჩვენი პარტიის აკრძალვას."
ამბობს, რომ პროცესი, სადაც ასეთი რამ არათუ რეალურად ხდება, არამედ უბრალოდ, დაშვებაც კი შესაძლებელია, უკვე პოლიტიკური პროცესი არ არის.
„თუ გავითვალისწინებთ, რომ ასაკრძალი პარტიებიდან ოთხს, ანუ ყველას, „ფედერალისტების" გარდა, 2024 წლის არჩევნებში აქვთ მონაწილეობა მიღებული და რეჟიმისვე ბუღალტერიით, 800 ათს ხმაზე მეტი აქვთ აღებული, უფრო ცხადად დაინახავთ, რომ რეჟიმი მისივე დათვლილ 800 ათას ადამიანს უუქმებს არჩევანს და ართმევს ხმას.
ამ განუკითხაობის ლეგიტიმაციას და პოლიტიკურ პროცესად წარმოჩენას „ფედერალისტები" ჩვენი პარტიის ასაკრძალთა სიაში დამატებამდეც არ ვაპირებდით.
ჩვენი გზა გადის ჩვენი პარტიის გაძლიერებაზე სახალხო მხარდაჭერით - მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულ და თანმიმდევრულ წინააღმდეგობაზე და ამ წინააღმდეგობის უკეთ ორგანიზებასა და გაფართოებაზე იქამდე, ვიდრე მოქალაქის ხმა რეჟიმის წასაქცევ წონას არ შეიძენს. ეს აუცილებლად მოხდება, როცა პოლიტიკურ დღის წესრიგს შექმნის ისეთი პოლიტიკური ცენტრი, რომლის ფოკუსშიც საზოგადოებისთვის სასიცოცხლო ინტერესებია.
არანაირი! საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია „ფედერალისტებისთვის" რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი - რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ყველაფერს ავტოკრატიის დასანგრევად გამოვიყენებთ - ყველა ფრონტზე", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.