
აგვისტოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ნავთობის საშუალო დღიური საექსპორტო მოცულობა 542 000 ბარელს შეადგენდა. ამის შესახებ OPEC-ის ყოველთვიურ ანგარიშში წერია, რასაც Report ავრცელებს.
ივლისთან შედარებით, ბთჯ-ის მილსადენით ნავთობის საშუალო დღიური ტრანსპორტირების მოცულობა 8%-ით, ანუ 39 000 ბარელით გაიზარდა. თავად ივლისში ბთჯ-ით ნავთობის ტრანსპორტირება გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 2%-ით, ანუ დღეში 9 000 ბარელით შემცირდა.
მაგალითად, ყაზახეთი რუსული მარშრუტის ალტერნატივად ბთჯ-ის მილსადენით ნავთობის ექსპორტს სულ უფრო ზრდის. კერძოდ, ცნობილი ხდება, რომ ყაზახეთი ბთჯ-ით ნავთობის ექსპორტის გაზრდას სექტემბრის 130 000 ტონიდან ოქტომბერში 168 000 ტონამდე, ხოლო წლის განმავლობაში 2025 წლის 1.263 მლნ ტონიდან 1.7 მლნ ტონამდე გაზრდას გეგმავს. ეს მაშინ, როცა ყაზახეთმა კასპიის მილსადენების კონსორციუმით, ანუ რუსლი მარშრუტით ნავთობის ექსპორტი სექტემბერ-აგვისტოში 6%-ით შეამცირა. ამ კონსორციუმის აქციონერები არიან რუსეთი, რომელსაც 31% ეკუთვნის, ყაზახეთი (20.75%), Chevron (15%) და კერძო კომპანიები. ის ყაზახეთის ნავთობის 80%-ზე მეტი მოცულობის ექაპორტს უნდა უზრუნველყოფდეს, თუმცა ნოვოროსიისკზე უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად შეფერხებით მუშაობს.
ასევე, ოქტომბერში ჯეიჰანიდან აზერბაიჯანული Azeri BTC-ის, ანუ ბთჯ-ის მილსადენით ტრანსპორტირებული ნედლი ნავთობის ექსპორტი 15.7 მლნ ბარელს შეადგენს, მაშინ, როცა სექტემბრისთვის 15.1 მლნ ბარელით იყო დაგეგმილი.
ცნობისთვის: ბთჯ-ის მილსადენი, რომელიც 2006 წლის 13 ივლისს გაიხსნა, 1768 კმ სიგრძისაა. აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს, ხოლო 1076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. ამჟამად ბთჯ-ის მილსადენით ნავთობი აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოებიდან, კონდენსატი კი შაჰ-დენიზიდან ტრანსპორტირდება. მილსადენით, ასევე, SOCAR-ის ნედლი ნავთობი, ხოლო ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან ნავთობი გადაიქაჩება. მილსადენის სიმძლავრე დღეში 1.2 მლნ ბარელი ნავთობის ექსპორტის საშუალებას იძლევა. პროექტის თანახმად, მილსადენის სიმძლავრის გაზრდა დღეში 2.2 მლნ ბარელამდე არის შესაძლებელი.
ბთჯ-ის ნავთობსადენის ოპერატორი კომპანია BTC Co-ს აქციონერები არიან: BP plc (30.1%), SOCAR (32.96%), MOL (8.9%), TPAO (6.53%), Eni და TotalEnergies (სათითაოდ 5%), Itochu (3.4%), ExxonMobil და Inpex (სათითაოდ 2,5%) და ONGC Videsh (3,11%).