
ღიმილისმომგვრელია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ხოლმე ჩვენი კოლეგებისგან, საქართველო არავის ედრება, მით უმეტეს მოლდოვას და უკრაინას, რომელსაც სხვა გზა აქვს არჩეული ევროპასთან ინტეგრაციისთვის, ერთს – ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, მეორეს კი – სხვა ქვეყანასთან გაერთიანების, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არავის არ ედრება, თუმცა პერიოდულად უწევს ხოლმე კონკრეტული სტატისტიკის, მონაცემების მოყვანა, რადგან საქართველოსადმი უსამართლო და ცილისმწამებლური შეფასებები ისმის.
„საზოგადოებას ყოველთვის შევახსენებთ, როდესაც დავინახავთ საქართველოს არასწორ შედარებას სხვა ქვეყნებთან. კიდევ ერთხელ შევახსენებთ რა მდგომარეობაა საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის, ეკონომიკის განვითარების, სიღარიბესთან ბრძოლის და ა.შ. დაე, საბოლოო ჯამში საზოგადოებამ გადაწყვიტოს, სად დგას რეალურად საქართველო, წინ არის თუ არ არის წინ განსაკუთრებით უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, თორემ არსებულ სტატისტიკას თუ შევხედავთ, ყველაფერი ნათელია, საქართველო დგას იქ, სადაც ეკადრება საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა მახაშვილმა.
მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ მოლდოვური ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, „საქართველოს პრემიერი არ უშვებს შანსს, მოლდოვა გააკრიტიკოს, ამ შემთხვევაში უფრო მეტია შური, რომ მოლდოვა გაცილებით სწრაფად მოძრაობს ევროინტეგრაციის მიმართულებით“.