
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე გადადგა. მისი წასვლის შემდეგ სასამართლოში ცხრა ადგილიდან ორი ვაკანტური რჩება. მის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. ოპოზიციაში მოსამართლეებზე ზეწოლაზე საუბრობენ, ბევრი მოსალოდნელი სანქციების შიშს უკავშირებს.
მანანა კობახიძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო შვიდი მოსამართლით რჩება. კანონით გათვალისწინებული ცხრა ადგილიდან ორი ვაკანტურია და მათი შევსება პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს. თუმცა „ქართულ ოცნებას" ახალი მოსამართლეების ასარჩევად საჭირო 90 ხმა არ აქვს. შესაბამისად, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე გადაწყვეტილების მიღება საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდ მოსამართლეს მოუწევს.
კობახიძის გადადგომაზე ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლომ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N2, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში", - ნათქვამია პრეს-რელიზში.
- გია აბაშიძე; „მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება, თუ კობახიძე გამოჩნდა ოპოზიციურ მედიაში სასურველი რესპონდენტი ან დაიწყებს კრიტიკული არზების წერას ხელისუფლებაზე. დასანანი იქნება, თუ კობახიძე იმ გზას გაყვება, რომელსაც სამარცხვინოდ ახორციელებენ „ოცნების" წიაღიდან წასული პოლიტიკოსები"
მანამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის მიერ 9 ოქტომბერს წარდგენილი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მანანა კობახიძე პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2017 წლის 8 თებერვალს იქნა არჩეული და უფლებამოსილების 10-წლიანი კანონიერი ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე აცხადებს, რომ მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელზე სხდომა ჩანიშნული არ ყოფილა და მოსამართლეებს ერთმანეთის პოზიციებზე არ უმსჯელიათ. რაც შეეხება მანანა კობახიძის გადადგომას შესაძლო ზეწოლის გამო, კვერენჩხილაძე ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ვარაუდების გამოთქმისგან თავს იკავებს.
„ვერ გეტყვით... მე სანამ ვიყავი, სარჩელი იყო მხოლოდ შემოსული. ის სარჩელი წაკითხული მქონდა და ნამუშევარიც მქონდა მეტნაკლებად იმ სარჩელზე. სხდომა ჩანიშნული არ იყო და არაფერი... არ გვისაუბრია ამ საკითხზე, ყველა მოსამართლე თავისთვის მუშაობდა ამ სარჩელზე, მითუმეტეს არ იყო სხდომა ჩანიშნული და ვის რა პოზიცია აქვს, ნამდვილად და ალალად ვერ გეტყვით," - ამბობს ყოფილი მოსამართლე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე იმედოვნებს, რომ მანანა კობახიძემ პირადი კომფორტის გამო არ თქვა პოსტზე უარი.
„თავდაპირველი განცხადება, რომ ქალბატონ კობახიძეს უნდოდა თვითაცილება მისი პოლიტიკური წარსულის გამო, სამართლიანად იქნა უგულებელყოფილი, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში მას მანამდეც განუხილავს პოლიტიკური შინაარსის მქონე საქმეები. ეს იყო სუსტი არგუმენტი და საკადრისი პასუხი მიიღო. იქიდან გამომდინარე, რომ მას ჯერ საჯაროდ გარკვევით არ გამოუხატავს პოზიცია, თუ რატომ დატოვა ეს მნიშვნელოვანი ორგანო, ჩნდება რამდენიმე ვერსია. პირადად მე ვემხრობი იმ ვერსიას, რომ მას ურჩევნია პირადი კომფორტი ჰქონდეს ევროპაში გადაადგილებისთვის, ვიდრე მიიღოს მოსალოდნელი მორიგი სამარცხვინო სანქციები ევროკრატიიდან, რომლებიც მანამდეც დაწესდა საქართველოს ხელისუფლებაზე
„თუ ეს დადასტურდა, მაშინ რა გამოდის? მანანა კობახიძე უფრო ჭკვიანი გამოვიდა, ვიდრე ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში წარმომადგენლები, რომლებიც ჩვეულებრივად იტანენ ამ უნამუსო სანქციებს? არ მინდა დავიჯერო ეს ვერსია, თუმცა ჯერჯერობით საკმაოდ დომინანტურია საზოგადოებაში იქამდე, სანამ თავად არ გააკეთებს განცხადებას.
- გიორგი შარაშიძე: „საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინებენ სრულიად არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას. მას ერთადერთი ფუნქცია დაუტოვეს - „ოცნებაში" მიღებული გადაწყვეტილების გაფორმება, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ „ოცნების" პირობებში მას ნოტარიუსის ფუნქცია აქვს"
„თუმცა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება, თუ კობახიძე გამოჩნდა ოპოზიციურ მედიაში სასურველი რესპონდენტი ან დაიწყებს კრიტიკული არზების წერას ხელისუფლებაზე. არაერთხელ გვინახავს მსგავსი პრეცედენტები, გასაკვირი ნამდვილად არაა. უბრალოდ დასანანი იქნება, თუ კობახიძე იმ გზას გაყვება, რომელსაც სამარცხვინოდ ახორციელებენ „ოცნების" წიაღიდან წასული პოლიტიკოსები. შესაბამისად, თუ მან ეს მართლაც გააკეთა და იმ მიზეზით, რომ შეეშინდა დისკომფორტის, ეს მის სუსტ თვისებაზე მიუთითებს",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მანანა კობახიძის გადაწყვეტილება მოსამართლეებზე განხორციელებულ წნეხზე მიუთითებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ, ჯერ კიდევ მაშინ დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც საგამოძიებო კომისიის მიერ დაწერილი დასკვნის საფუძველზე კონსტიტუციური სარჩელი მხარეების განხილვის გარეშე ფარულად მიიღო წარმოებაში.
„ვენეციის კომისიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ეს არის არა კონსტიტიციური წყობილების დაცვა, როგორც ამას ცდილობს წარმოაჩინოს „ქართული ოცნება", არამედ საქართველოს კონსტიტიუციური წყობილების საფუძვლიანად შერყევის მცდელობა. საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ მაშინ დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც „წულუკიანის რუსული კომისიის მიერ დაწერილი დასკვნის საფუძველზე „ქართული ოცნების" რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელი მხარეების განხილვის გარეშე წარმოებაში ფარულად მიიღო", - აღნიშნა წითლიძემ.
„გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი გიორგი შარაშიძე კი ფიქრობს, რომ მანანა კობახიძის გადადგომა მიუთითებს, „ოცნებაში" გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინებენ სრულიად არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას. მას ერთადერთი ფუნქცია დაუტოვეს - „ოცნებაში" მიღებული გადაწყვეტილების გაფორმება, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ „ოცნების" პირობებში მას ნოტარიუსის ფუნქცია აქვს. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ ძალას, მოულოდნელი არაფერი მომხდარა, უარესები გამოგვივლია", - თქვა შარაშიძემ.