ნატალია ჯვარიძე
14.10.2026

ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის ფონზე, პოლიტიკური ძალები სამომავლო ნაბიჯებზე მსჯელობენ. როგორც ამბობენ, სათადარიგო გეგმები აქვთ და მალე გააჟღერებენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოპოზიციამ სტრატეგიად შეიძლება სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრება ან ერთობლივი კონსოლიდაცია აირჩიოს.

„ძლიერი საქართველო - ლელოს" წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, პარტიის პოლიტიკური საბჭო დღეს შეიკრიბება, იმსჯელებს და ამის შემდეგ გაჟღერდება, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება მათი მხრიდან იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება იქნება

„პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მხოლოდ ორგანიზაციულ აკრძალვას და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვას არ ნიშნავს. ამ პროცესით ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ დაახლოებით მილიონ ამომრჩეველს წაართვას არჩევანი. ამისთვის, „ქართულ ოცნებას" მოუწევს ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, რითაც დაზიანდება, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანაც.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „ოცნება" ჩქარობს, იანვარში იქნება ევროკავშირის შეხვედრა საქართველოში და უნდა ფაქტის წინაშე დააყენოს ბრიუსელი. ან პირიქით, ითამაშონ დემოკრატიანობა. [თუმცა] რაკი გადადგა მანანა კობახიძე, მაინც მგონია, რომ აკრძალვისკენ მიდის საქმე"

რაც შეეხება „ძლიერ საქართველო - ლელოს", ჩვენ ყველანაირად მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, ჩვენ სათადარიგო გეგმები გვაქვს, მაგრამ ვინაიდან ფორსირებულ რეჟიმში წავიდა პროცესები, დღეს „ძლიერი საქართველო - ლელოს" პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება, კიდევ ერთხელ იმსჯელებს და ამის შემდეგ დავსახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს", - განაცხადა სიორიძემ.

ამასთან, „კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია „ფეისბუქზე" წერს:

„ევროკავშირმა, ასეთ დღეში მყოფ ქვეყნებს და ავტორიტარულ რეჟიმებს არ ველაპარაკებითო და სატესტო ვადა მისცა ქოცებს იანვრამდე: თუ გამოსწორდებით, კომუნიკაცია აღდგებაო. ცალკე საკითხია, რომ ეს შეცდომად მიმაჩნია მე პირადად, და ჩემს ევროპელ მეგობრებსაც ვუთხარი. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ როგორც ყველა წინა შემთხვევაში, ქოცების რეაქცია ისეთია, როგორიც ზოგადად რუსებს აქვთ-ხოლმე: მათ არ ესმით შანსის მიცემის, კომპრომისის და მსგავსის და მიიჩნევენ სისუსტედ. ახლაც ასე მოხდა (და ყველა სხვა შემთხვევაშიც): მთავარი, რაც არ უნდა ექნათ (არა მარტო ევროკავშირის პოზიციით, არამედ შემდეგ დღეს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის უმკაცრესი დასკვნითაც) - პარტიების გაუქმება - დაჩქარებული ტემპებით მიყავთ ბოლომდე."

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ ოპოზიციას „ბე" გეგმა აქვს.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „პარტიების აკრძალვამ შეიძლება მოახდინოს იმის სტიმულირება, რომ ის პარტიები, რომლებიც ადრე ერთმანეთის გვერდით დგომას ერიდებოდნენ, ახლა მაინც დადგენ გვერდიგვერდ და რაღაც ერთობლივი ღონისძიებები შეიმუშაონ"

„აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას" ეშინია ქართველი ხალხის, იმის მიუხედავად, რომ უკვე ძალიან ღრმად შეტოპეს ავტორიტარიზმში და ამასაც ვეღარ აკონტროლებენ. 2024 წელს ოპოზიციამ 900 000 კაცი მიიყვანა არჩევნებზე, მერე კი გადააგდეს და პარლამენტში არ შევიდნენ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ციფრია. მეორე, მილიონ 300 ათასი კაცი არჩევნებზე არ მივიდა საერთოდ, სახლში დარჩა. ანუ ეს არის ის ხალხი, ვინც გარანტირებულად არაა „ქართული ოცნების" ამომრჩეველი. ეს ის ადამიანებია, რომლებსაც არ არ ეშინიათ „ოცნების", არ ეყიდებიან და არ ემორჩილებიან.

„ქართულ ოცნებას" ეშინია, რომ გამწარებული ხალხი, რომელიც ოთხი წლის შემდეგ კიდევ უფრო გამწარდა, შეიძლება უკვე მივიდეს და ხმა მისცეს ოპოზიციას. „ოცნებამ" მილიონ 200 ათასი ხმა მიიწერა, რაც სისულელეა. როცა ამბობენ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რასაც უნდა იმას დაწერსო, ასე არ არის. ცენტრალური საარჩევნო კომისია წერს არა იმას, რაც მას უნდა, არამედ რისი გაკეთებაც შეუძლია. რადგან რაც მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე, მით უფრო ცოტა გაყალბების რესურსი აქვს. ამიტომ ხდება ასეთი უპრეცედენტო საქმე. ამიტომ, თუ პარტიებს აკრძალავენ, ხალხი ნაკლებად მივიდა ხმის მისაცემად. ამ იდიოტმა ოპოზიციამ კი გასულ წელს ბოიკოტი გამოაცხდა.

„მე მგონია, რომ ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ „ბე" გეგმა, ანუ როგორც ნავალნი იქცეოდა რუსეთში. თუ აკრძალეს, სხვას მიეცით ხმა და ასე შემდეგ. შეიძლება იმაზე შეჯერდნენ, რომელი პარტია იყოს ოპოზიციისთვის მისაღები, რათა მთელმა მოსახლეობამ ხმა მისცეს მათ. გამორიცხული არაა ერთ-ერთ ვარიანტად ესეც განიხილებოდეს.

„დღემდე არაა ცნობილი, რას აპირებენ, აკრძალვენ თუ არა, თუმცა აქეთკენ მიდის. ის, რომ მანანა კობახიძე გადადგა, უკვე ამის ირიბი ნიშანია. გამორიცხული არაა, რომ რაღაც პარტიები აკრძალონ და რაღაცები დატოვონ. მნიშვნელოვანია, რა ფორმით მოხდება ეს აკრძალვა, რომ ოპოზიციამ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აშკარაა, რომ „ქართული ოცნება" ჩქარობს, იანვარში იქნება ევროკავშირის შეხვედრა საქართველოში და უნდა ფაქტის წინაშე დააყენოს ბრიუსელი. ან პირიქით, ფაქტის წინაშე დააყენონ, რომ არ აკრძალეს პარტიები, ითამაშონ დემოკრატიანობა. ყველაფერი მოსალოდნელია, რაკი გადადგა მანანა კობახიძე, მე მაინც მგონია, რომ აკრძალვისკენ მიდის საქმე. ჩემი აზრით, საინქციებისგან დაიცვა თავი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის შესაძლო გეგმებს განიხილავს.

„ოპოზიციის გეგმებში შეიძლება შედიოდეს ის, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა აღნიშნული პარტიები, მათ შეუძლიათ მიმართონ საკუთარ ამომრჩეველს, რომ მოახდინონ ამაზე რეაგირება. მეორე ეს უკვე სამართლებრივი მექანიზმია, შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში. მესამე მიმართულებაა, რომ რამენაირად ეს მაინც გახდეს ოპოზიციის ერთგვარი კონსოლიდაციის საფუძველი, რასაც მანამდე ვერ ახერხებდნენ. სწორედ პარტიების აკრძალვამ შეიძლება მოახდინოს იმის სტიმულირება, რომ ის პარტიები, რომლებიც ადრე ერთმანეთის გვერდით დგომას ერიდებოდნენ, ახლა მაინც დადგენ გვერდიგვერდ და რაღაც ერთობლივი ღონისძიებები შეიმუშაონ ამის საწინააღმდეგოდ. აი, ეს სამი ვარიანტი არის, ჩემი აზრით, რაც შეიძლება განახორციელოს ოპოზიციამ",- თქვა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×