
სოციალური შემწეობის მიმღებთა წრე შესაძლოა, განახევრდეს. სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გრძელდება. ბოლო თვეების სტატისტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფო დახმარების მიმღებთა წრე ეტაპობრივად ვიწროვდება და ბაზაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა თვიდან თვემდე მცირდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სიის შემცირებაზე გარკვეული გავლენა იქონია სხვადასხვა ფაქტორმა მაოხდინა, მათ შორის, დასაქმების პროგრამამ, არაფორმალურმა შემოსავლებმა, მიგრაციამ და საბანკო კონტროლმა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში, სექტემბერში, საარსებო შემწეობა 23 241 ადამიანს შეუწყდა, წელს 9 თვეში კი ბაზიდან ჯამში 163 111 პირი ამოიღეს. 2026 წლის აგვისტოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 356-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი სექტემბერში 547 115-ს გაუტოლდა. 2026 წლის იანვარში კი სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 710 226 სოციალურად დაუცველი იღებდა.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სახელმწიფომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაამკაცრა და გააციფრულა შემოსავლების კონტროლი. თუ ადრე სოციალური აგენტის ვიზიტზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, ახლა სისტემა ავტომატურად ხედავს საბანკო ბრუნვებს, მობილური ოპერატორების ხარჯებს, ქონების ან ავტომობილის შეძენას. ამ ფილტრმა მართლაც ჩამოაშორა სისტემას ის ადამიანები, რომლებიც ფორმალურად ითხოვდნენ დახმარებას, მაგრამ რეალურად სხვა შემოსავლის წყარო ჰქონდათ.
ეკონომისტი ნოდარ კაპანაძემ ,,რეზონანსს“ დაუდასტურა, რომ მოსალოდნელია შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 300-350 ათასამდეც შემცირდეს.
,,როგორც წესი, სოციალურად დაუცველ, შრომისუნარიან პირებს სახელმწიფო სთავაზობს დასაქმებას, მაგალითად, გამწვანებაზე, დასუფთავებაზე, ინფრასტრუქტურაზე და სხვა ან სთავაზობს კერძო სექტორში ვაკანსიებს. გარდა ამისა, ბოლო წლებში ეკონომიკური აქტივობისა და ტურიზმის ზრდამ შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები (განსაკუთრებით მომსახურების, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში), სადაც ნაწილობრივ სოციალურად დაუცველი მოსახლეობაც არის ჩართული.
710 000 ადამიანი საქართველოში სოციალური შემწეობის მიმღები იყო, ფაქტობრივად, ქვეყნის მთელი მოსახლეობის 19%. ეს არის წარმოუდგენელი მაჩვენებელი და კარგია, რომ ამ მიმართულებით მიდგომა გამკაცრდა. მოსალოდნელია, რომ არსებული სტატისტიკა განახევრდება და ოპტიმალურ ზღვრამდე მივა, რაც დაახლოებით 300-350 ათასი ადამიანია.
ქვეყნის მაკროეკონომიკური და დინამიკური მაჩვენებლები აცდენილია ერთმანეთს. ამან გამოიწვია მოსახლეობის მენტალური ლტოლვა სიღარიბისკენ. დადასტურებული ფაქტია, რომ სოციალურ დახმარებას იღებდა ისიც, ვისაც ამის საჭიროება არ ჰქონდა. მათ შორის ბევრი ისეთიცაა, ვისაც დახმარების მიღების შემდგომ პერიოდში სოციალური მდგომარეობაა გაუუმჯობესდა, მაგრამ დახმარება არ შეჩერებია.
რაოდენობა კიდევ გადაიხედება. სამომავლოდ დახმარების მიმღებთა რიცხვი განახევრდება, სიიდან მინიმუმ 200 000 და მეტი ადამიანი კიდევ ამოვარდება", - განაცხადა "რეზონანსთან" კაპანაძემ.
ამასთან, ეკონომისტმა ისაუბრა რეალურ მიზეზებსა და ფაქტორებზე, თუ რატომ მოხდა ათეულ ათასობით ადამიანის გაცხრილვა.
,,სახელმწიფომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაამკაცრა და გააციფრულა შემოსავლების კონტროლი. თუ ადრე სოციალური აგენტის ვიზიტზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, ახლა სისტემა ავტომატურად ხედავს საბანკო ბრუნვებს, მობილური ოპერატორების ხარჯებს, ქონების ან ავტომობილის შეძენას. ამ ფილტრმა მართლაც ჩამოაშორა სისტემას ის ადამიანები, რომლებიც ფორმალურად ითხოვდნენ დახმარებას, მაგრამ რეალურად სხვა შემოსავლის წყარო ჰქონდათ.
გარკვეული გავლენა შეეძლო მოეხდინა მიგრაციასაც. ქვეყნიდან ემიგრაციის მაღალი ტემპის გამო, ბევრი ოჯახი ფიზიკურად ტოვებს ქვეყანას ან იწყებს საზღვარგარეთიდან გზავნილების მიღებას, რაც ოჯახის ქულების გადამოწმებისას, სააგენტოს მიერ შემოსავლების ბაზების კონტროლით, შემწეობის შეწყვეტის მიზეზი ხდება.
სიების გადახედვა არის აუცილებელი ღონისძიება, გადამოწმება პერიოდულად უნდა ხდებოდეს. ზოგ შემთხვევაში ბენეფიციარების სოციალური პირობები იცვლება. ვიღაცას ეზრდება ან კარგავს შემოსავალს, ეს ყველაფერი უნდა აისახოს. შეიძლება არაპოპულარული ღონისძიებაა, მაგრამ საჭირო“, - დასძინა ნოდარ კაპანაძემ.
სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ სერიოზული სამუშაოა გასატარებელი განსაკუთრებით რეგიონების მიმართულებით, რომ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდობას მუშაობის მეტი მოტივაცია გაუჩნდეთ და საკუთარი შრომით გაზარდონ შემოსავალი, როცა ამის შესაძლებლობა აქვს. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,რეზონანსთან“ ეკონომისტმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა.
,,ეკონომიკურად და მენტალურადაც ძნელია, რომ ადამიანს უარი უთხრა დახმარების გაცემაზე, მაგრამ ამან სტიმული უნდა მისცეს დამოუკიდებელი შემოსავლის მიღებას, რათა დასაქმებულთა რიგებში ჩადგეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რეგიონებს, ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი.
დადასტურებული ფაქტია, რომ სოციალურ დახმარებას იღებს ისიც, ვისაც ამის საჭიროება არ აქვს. მათ შორის ბევრი ისეთიცაა, ვისაც დახმარების მიღების შემდგომ პერიოდში სოციალური მდგომარეობაა გაუუმჯობესდა, მაგრამ დახმარება არ შეუჩერებია. არ გამოვრიცხავ, რომ სიას ადამაინების ეს კატეგორია გამოაკლდა.
მნიშვნელოვანია, როგორ გაიცემა შემწეობა, კარგი იქნება, თუკი პრეტენდენტი გააკეთებს განცხადებას, რის შემდეგაც სოცაგენტი მივა ადგილზე და დეკლარაციას შეავსებს. ამით უფრო თვალსაჩინო სურათი გამოიკვეთება“, - აღნიშნა გერლიანმა "რეზონანსთან" საუბრისას.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების ე.წ. გაბერილ რაოდენობასთან დაკავშირებით თავდაპირველად განცხადება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 26 ნოემბერს გააკეთა. მოგვიანებით კი მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესები შეცვალა. მთავრობის ახალი დადგენილებით, სისტემაში გაჩნდა მკაცრი ფინანსური ზღვარი, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს დახმარების მიღების შესაძლებლობას ავტომატურად უწყვეტს.