თამთა ჩაჩანიძე
16.10.2026

ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების საკითხებზე გამართულ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე, დაცული ტერიტორიების გაფართოებაზე, ტყეების აღდგენის გეგმებსა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ვაზისა და ხორბლის უნიკალურ სახეობებზე და ბუნებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ამ საკითხებთან ერთად, პრემიერმა სამიტის ტრიბუნიდან ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ 7,6% შეადგინა, ხოლო მსოფლიო ბანკმა წლიური პროგნოზი 7%-მდე გაზარდა. კობახიძემ ასევე ისაუბრა მთავრობის პრიორიტეტზე, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს და ბუნებრივი რესურსების დაცვა ადგილობრივი განვითარების ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად იქცეს.

კობახიძე ერევნის სამიტს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით დაესწრო, კონფერენციაზე კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. სამიტის გახსნამდე, კონფერენციის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტოც გადაიღეს.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს და იუნესკოს გენერალურ დირექტორს ხალედ ელ-ენანის შეხვდა.

ერევანში კობახიძემ მედიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება, 17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. „ქართული ოცნების" დეპუტატების ინფორმაციით, სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ, მათ შორის, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხს.

კობახიძემ კი განმარტა, რომ დაგეგმილია მიმდინარე საკითხების განხილვა და „არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და სიურპრიზი". მან პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი, რომლის სარჩელის განხილვასაც საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს.

„მიგვაჩნია, რომ ისინი არიან არაკონსტიტუციურები გამომდინარე მათი განცხადებებიდან, მათი ქმედებებიდან, მათი წარსულიდან, მათი აწმყოდან და მათი სამომავლო გეგმებიდან. შესაბამისად, ეს საკითხი, ვფიქრობ, რომ მარტივად უნდა გადაწყდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. მათ იციან, რომ თავისი არსით არიან არაკონსტიტუციურები და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, არგუმენტებისგან ხარ მთლიანად დაცლილი და მათაც არ აქვთ საკუთარი არგუმენტების იმედი საკონსტიტუციო სასამართლოში", - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერი, ასევე, გამოეხმაურა „ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებას, რომ „დღეს საერთაშორისო მეგობრებს დახმარებისთვის მიმართეს". როგორც კობახიძემ აღნიშნა, რომ სჯობს, საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმირებაზე ორიენტირდნენ და არა „საზღვარგარეთ საკუთარი პატრონების".

რა თქვა კობახიძემ სამიტზე

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ბიომრავალფეროვნების უნიკალურობაზე და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, „საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს და საქართველოს მიდგომას სწორედ ამ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა წარმოადგენს". პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყნის დაცული ტერიტორიების ფართობი მილიონ ჰექტარს აღემატება და საქართველოს სახმელეთო ტერიტორიის 23% ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში დაცულ ტერიტორიებს მოიცავს.

კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრიორიტეტებია ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნება, დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა და დაცული ტერიტორიების ეფექტიანი მართვა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მხარდაჭერას გლობალური მიზნისადმი, რომლის მიხედვითაც, 2030 წლისთვის ხმელეთისა და საზღვაო ტერიტორიების სულ მცირე 30% დაცული უნდა იყოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა არა მხოლოდ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, არამედ ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია.

კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ტყის აღდგენის ღონისძიებებზეც და აღნიშნა, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში ამ მიმართულებით 7 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა სამუშაოები, ხოლო 2030 წლისთვის მიზანი სულ მცირე 20 000 ჰექტარზე ტყის აღდგენაა. პრემიერის განცხადებით, საქართველო ასევე მუშაობს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური სახეობების აღდგენაზე. მან ხაზი გაუსვა ქვეყნის ბიომრავალფეროვნების კავშირს ეროვნულ კულტურასა და ტრადიციებთან, მათ შორის მეღვინეობის 8 000-წლიან ისტორიას, ვაზის 500-ზე მეტ ადგილობრივ ჯიშსა და ხორბლის მრავალფეროვნებას.

„საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობა კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში"-აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც დაუკავშირა და აღნიშნა, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს.

„ჩვენი პრიორიტეტია, უზრუნველვყოთ, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს, რომელთა საარსებო წყაროები უშუალოდ ბუნებრივ რესურსებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, დაცულ ტერიტორიებს, ტყის აღდგენასა და მდგრად ტურიზმს ადგილობრივი განვითარების მამოძრავებელ ძალად ვაქცევთ, რათა ბუნების დაცვამ სამუშაო ადგილები და ახალი შესაძლებლობები შექმნას არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ მათ ფარგლებს გარეთაც",- აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარების მისაღწევად მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მისი თქმით, საქართველო მზად არის, მეზობელ ქვეყნებთან ერთად იზრუნოს საერთო ეკოსისტემებისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×