ნატალია ჯვარიძე
16.10.2026

პარტია „ძლიერი საქართველო - ლელო" აკრძალვის საფრთხის გამო დახმარებისთვის ამერიკულ და ევროპულ ინსტიტუტებს მიმართავს. ანალიტიკოსები შიდა რესურსების ამოწურვაზე მიუთითებენ, თუმცა უცხოეთიდან ძირეული ცვლილებების ნაკლებად სჯერათ.

„ლელო-ძლიერი საქართველოს" საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ მისი პარტია ინტენსიურად მუშაობს თითოეული მოქალაქის ინტერესების და არჩევანის უფლების დასაცავად საკონსტიტუციო სარჩელის კვალდაკვალ, „რომლის დაკმაყოფილებაც უდიდეს ზარალს მიაყენებს საქართველოს ყველა მოქალაქეს".

„ოფიციალურად მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ იმოქმედონ და მიიღონ გადამწყვეტი ზომები, რათა არ დაუშვან ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოში დემოკრატიის, პლურალიზმის და პროევროპული პოლიტიკური პარტიების დასამარება.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენოს საერთაშორისო სამართლით, საერთაშორისო პრაქტიკითა და გამოცდილებით დადგენილი ყველა ზომა და ნაბიჯი, რათა გაიზარდოს ზეწოლა ამ გარედან თავსმოხვეულ ანტიქართულ რეჟიმზე და დაცული იქნას თავისუფლების და მშვიდობისმოყვარე ქართველი ხალხის ინტერესები.

  • არჩილ გამზარდია თქმით, როცა პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის შიგნით რესურსი ეწურებათ, მაშინ მიმართავენ გარე ძალებს

დღეს მიმდინარე პროცესი არის რუსული რეჟიმის თავდასხმა სრულიად ქართველ ერზე, რადგან პოლიტიკური პარტიები ასახავენ ამ ერის, ქართველი ერის, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას - ასობით ათასი და ჯამში მილიონზე მეტი ქართველის არჩევანს."- განაცხადა გეგელიამ.

„ლელოს" ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა,„არ დავუშვებთ, რომ საქართველოში უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი ტარდებოდეს!".

„ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც იმ დიდ სირცხვილს აჩვენებს, რასაც საზოგადოება წლების განმავლობაში ითმენდა. ჩვენ თვალწინ საქართველოში უცხოეთის აგენტურა ქართველი ხალხის ნების უცხო ხალხისა და ხელისუფლებების ნებით ჩანაცვლებით იყო დაკავებული და ამ ყველაფერს ვითმენდით. მათ შორის იმიტომ ვითმენდით, რომ საქართველოზე მნიშვნელოვანი ზეწოლა იყო გარედან და არ იყო ის რესურსი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ეს მომენტი მოვიდა!

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი ტარდებოდეს როგორც ამას აკეთებს „ლელო", გვარამია თუ სხვები, რომლებიც საქართველოში უცხო ქვეყნების მტრულ დღის წესრიგს ატარებენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, სჯობს, საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმირებაზე ორიენტირდნენ და არა „საზღვარგარეთ საკუთარი პატრონების".

„მე მათ ადგილას ვიქნებოდი საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმირებაზე. მათ საკუთარი თავი უნდა დაიცვან საკონსტიტუციო სასამართლოს და იმ სარჩელის წინაშე, რომელიც არის სასამართლოში წარდგენილი. მათ უნდა მოამზადონ არგუმენტები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არ აქვთ არგუმენტები და არ აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი არგუმენტების იმედი, მიმართავენ არა საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ საზღვარგარეთ საკუთარ პატრონებს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ სახეს",- თქვა პრემიერმა.

ანალიტიკოსის არჩილ გამზარდიას შეფასებით, ოპოზიციას ქვეყნის შიგნით არანაირი რესურსი აქვს. თუმცა ეეჭვება, რომ უცხოეთიდან რაღაც მნიშვნელოვანი გაკეთდეს.

„ეს აჩვენებს, რომ ქვეყნის შიგნით არის პოლიტიკური ურთიერთობების დიდი კრიზისი. პოლიტიკური მონაწილე იქნება ეს პარტია თუ სხვა ვინმე, როდესაც მეტ-ნაკლები იმედი აქვს, ხელისუფლებამ შეიძლება რაღაცა გაითვალისწინოს, პირველ რიგში, შიგნით ცდილობს მოგვარებას, რადგან მოგვარების ყველაზე მარტივი გზაა ეს.

როცა პოლიტიკურ მონაწილეებს ქვეყნის შიგნით არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, მაშინ მიმართავენ განსაკუთრებით გარე რესურსებს. ამიტომაც ალბათ ეს არის მცდელობა, რომ იქნებ რაღაც მექანიზმები გამოინახოს, რათა ხელისუფლება ასე მარტივად არ მიუდგეს პარტიების აკრძალვის საკითხს.

აქ, სხვა ფაქტორს მე ვერ ვხედავ და პრინციპში, როგორც ჩანს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ვერ ხედავენ, ამიტომაც იქცევიან ასე.

არ ვიცი, რა ტიპის რეაქცია შეიძლება მოყვეს და რა შეიძლება გამოიწვიოს ამან. ხელისუფლებას არა აქვს სურვილი, რომ სხვაგვარად განვითარდეს მოვლენები.

საგარეო ზეწოლიდან ერთადერთი სანქცირების რესურსებია. ოღონდ ესეც რამდენად საკმარისი იქნება, ან რას მიმართავენ? მე მაინცდამაინც განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აქაც ვერ ვხედავ. ანუ შეიძლება იყოს რაღაცა, ან პოზიცია გამოხატონ, მაგრამ არ ვიცი მეტი რა უნდა გაკეთდეს. თან „ოცნების" პოზიციაა, რომ რაც საქართველოში ხდება და ხელისუფლების ყველა თავნებობა მიღებული უნდა იყოს.

ამიტომ ვეჭვობ, რომ რაღაც განსაკუთრებული შესაძლებლობები არსებობდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სხვაგან ძალისხმევის შესაძლებლობა აღარ დარჩა, თორემ არამგონია, ამ ყველაფერს განსაკუთრებული პერსპექტივები ჰქონდეს", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი ფიქრობს, რომ ოპოზიციას ქვეყნის შიგნით ხალხის მხარდაჭერა არ აქვს და უცხოელებს ამიტომ მიმართავენ.

„ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათ საქართველოში დასაყრდენი მოსახლეობა - ელექტორატი არ ჰყავთ. ვინაიდან არც მეტი, არც ნაკლები, ისინი წარმოადგენენ ამ ქვეყანაში მეხუთე კოლონას - ანუ უცხოეთის აგენტურას. ამიტომ იმ უცხოელებს, რომლებიც მათ აფინანსებდნენ და ვისი წარმომადგენლებიც ისინი არიან, რა თქმა უნდა, დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას არ ვგულისხმობ, მიმართავენ იმისათვის, რომ მოახდინონ საქართველოს საზოგადოების და ხელისუფლების ზეწოლა. იგივე არის, რასაც საუკუნეების განმავლობაში ახდენდნენ ირანისა და ოსმალეთის კარზე გაქცეული აქედან მოღალატეები.

ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციისაგან არავითარ სანქციებს არ უნდა ველოდოთ. მაგრამ ევროკავშირისგან ყველაფერი მოსალოდნელია. მიიღონ რეზოლუციები, წერონ და იკითხონ. ძალიან კარგი იქნება, გამოვლენ და მალე გაიქცევიან ამ ქვეყნიდან, რადგან მათი ადგილი იმ ქვეყანაში, რომელსაც ისინი ღალატობენ, არ არის",- აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×