
კულტურის სფეროში ატეხილი სკანდალის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა დავით ოქიტაშვილი უკან დახევას არ აპირებს და პროკურატურისგან რეაგირებას ითხოვს. „კულტურის პალატის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებიდან მას ჯერ არავინ დაკავშირებია, თუმცა მზად არის, მივიდეს და გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდოს.
ოქიტაშვილი კვლავ კითხვებს სვამს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით და პროკურატურას საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს. ამასთან, ის მწვავედ აკრიტიკებს კულტურის ყოფილ მინისტრ თინა რუხაძეს, ქართული კულტურის განადგურებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელოვანები თანდათან ხმას ამოიღებენ. ოქიტაშვილის ბრალდებების სამიზნე ასევე მამუკა მდინარაძეა, რომელსაც ის რუხაძის მფარველობაში ადანაშაულებს.
თავად რუხაძეს და მდინარაძეს ჯერკერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. „ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი ატეხილ სკანდალზე მკვეთრი შეფასებებისგან თავს იკავებენ და საკითხის სამართლებრივ ჭრილში განხილვას ამჯობინებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რუხაძის კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ და თუ გადაცდომები იყო, ეს საგამოძიებო უწყებებმა უნდა დაადგინონ. უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ჭეიშვილის თქმით, მამუკა მდინარაძის მიერ სხვადასხვა თანამდებობის პირთან თანამშრომლობის ფაქტი თავისთავად კითხვების საფუძველი არ არის, ხოლო რუხაძის საქმესთან დაკავშირებით მას არც კითხვები აქვს და არც ინფორმაცია.
"მამუკა მდინარაძე მარტო თიკა რუხაძესთან არ თანამშრომლობდა, ბევრ თანამდებობის პირთან თანამშრომლობდა და ამიტომ უნდა მქონდეს კითხვები? არანაირი კითხვა არ მაქვს, შესაბამისად არც არანაირი ინფორმაცია არ მაქვს თინა რუხაძის ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და თუ რაიმე ინფორმაცია და გარემოებები იქნება, ამისთვის საგამოძიებო სამსახურია და დადგინდება თუ რაიმე გადაცდომას ჰქონდა ადგილი",- განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციას, სკანდალთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ და ვარაუდობენ, რომ საქმე მხოლოდ თინათინ რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს არ ეხება და კორუფციასთან დაკავშირებული შესაძლო პასუხისმგებელი პირების სია გაცილებით გრძელია.
ოპოზიციის ვერსიები
„გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით,თინათინ რუხაძისა და მამუკა მდინარაძის გარშემო ატეხილი სკანდალი შესაძლოა მხოლოდ დასაწყისი იყოს - კორუფციაში შესაძლო მონაწილე მაღალჩინოსნების სია გრძელია და ეს ამბავი არც რუხაძეზე გაჩერდება და არც მდინარაძეზე. შარაშიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება" ცდილობს, კორუფციაზე პასუხისმგებლობა ცალკეულ ყოფილ თანაგუნდელებს გადააბაროს, თუმცა პრობლემა სისტემურია და პასუხისმგებლობა მთლიანად მმართველ გუნდს ეკისრება.
„ეს ამბავი არც რუხაძეზე გაჩერდება და არც სხვაზე. ეს სია გრძელია. ძალიან სამწუხაროა, რომ „ოცნება" ამ დონეზე დაეშვა",- ამბობს შარაშიძე.
- გიორგი შარაშიძე: „ეს ამბავი არც რუხაძეზე გაჩერდება და არც სხვაზე. ეს სია გრძელია"
განსხვავებულ ვერსიაზე ყვება „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა, რომ ვატო ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის („კაწროს") დაკავებების უკან შესაძლოა არა მხოლოდ კრიმინალური საქმე, არამედ თაღლითური „ქოლცენტრების" ქსელთან დაკავშირებული გაცილებით ფართო სურათი იდგეს. ფარულავა ვარაუდობს, რომ ამ ქსელის მფარველობაზე პასუხისმგებლობის მდინარაძისთვის დაკისრებას ცდილობენ და ციხეში გაშვებას.
„ვატო ყიფიანის, კაწრო ბილანიშვილისა და მანამდე ტყუპი ძმები ფეიქრიშვილების დაკავების უკან გაცილებით დიდი სურათი იკვეთება. სავარაუდოდ, საქმე ეხება თაღლითურ „ქოლცენტრებს", ტრანსნაციონალურ დანაშაულსა და ამ ქსელის შესაძლო მფარველობის პასუხისმგებლობის მამუკა მდინარაძისთვის დაკისრების მცდელობას...
„ახლა, სავარაუდოდ, ივანიშვილის გამოძიება იმაზე მუშაობს, რომ ყველაფერი მამუკა მდინარაძეს შეტენონ და ამ ბრალდებით ირაკლი ღარიბაშვილთან გაუშვან",- წერს ფარულავა.
„ყიფიანი და კაწრო დაიჭირეს. ხოხობი, კაკაბი და გნოლი გაუშვეს. მდინარაძეზე და რუხაძეზე ხვალ ჩამოყალიბდებიან",- წერს „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
„ახალის" ლიდერის ნიკა გვარამიას ვერსიით, ტელეკომპანია „იმედის" თანამფლობელობაში მომხდარი ცვლილება შესაძლოა მამუკა მდინარაძის გავლენის შესუსტებასა და მისი სახელისუფლებო მედიიდან ჩამოშორებას უკავშირდებოდეს.
„იმედის" წილი ნათია სონღულაშვილისთვის (საინფორმაციოს უფროსი) ჩამოურთმევიათ და მაგდა ანიკაშვილისთვის გადაუფორმებიათ. ნათია სონღულაშვილს იმედის საინფორმაციოს უფროსობასაც ჩამოართმევენ. ადამიანურ ენაზე: ტვ „იმედიდან" მამუკა მდინარაძე ამოშანთეს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ოქიტაშვილი კითხვებზე პასუხებს კვლავ ითხოვს
„კულტურის პალატის" ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ რუხაძემ საააკაშვილსაც ურალატა და ოცნებასაც, მისი თქმით, ასეთი ადამიანი „მოგვიყვანა მდინარაძემ და დაგვასვა თავზე".
„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და მაინტერესებს. იმხელა ცოდვაა, ადამიანს რომ აბრალებ უწმინდესის დაკრძალვის თანხების გაფლანგვას, საზოგადოება ამ კითხვას რომ სვამს, ვინმემ უნდა გასცეს პასუხი. მე ვსვამ კითხვას და მაინტერესებს.
„ჩემი განცხადების შემდეგ, საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია. მე მაქვს ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებამ იცის. ზუსტად ის. ადამიანები რომ ამბობენ, აქამდე სად იყოო, ვუფრთხილდებოდი იმ ადამიანებს, რომლებიც ამას მეუბნებოდნენ. დედაბუდიანად გაანადგურებდნენ. 2-3 დღეა ამ ადამიანებმა ამოიღეს ხმა და მეც დავსვი ეს კითხვები.
დავარდნილს, რასაკვირველია, წიხლი არ უნდა დაარტყა, მაგრამ ეს ის ადამიანი იყო, რომელმაც ქართული კულტურა გაანადგურა. მსგავსი კულტურის მინისტრი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ხელოვანები ნელ -ნელა ამოიღებენ ხმას. მას ეგონა, რომ კულტურის სამინისტრო და საქართველო თავის მფარველთან ერთად იყო მათი. ეს საქართველო მათი არაა! ეს არარაობაა, თავის მფარველთან ერთად. ძირფესვიანად უნდა იყვნენ ამოძირკვულები ყველა იმ სტრუქტურაში, სადაც არიან დარჩენილი. მათ უღალატეს ბიძინა ივანიშვილს, უღალატეს გუნდს და მოღალატე არავის უყვარს. მათი მფარველია მამუკა მდინარაძე, რომელმაც თავზე დაასვა ქართულ კულტურას. გაიკითხეთ მისი „ცენტრ პოინტში" მოღვაწეობის ამბავი. დათო დოიაშვილის ამბავი - დათომ ის ქრთამისა და ფულის გაფლანგვის გამო გამოაგდო თეატრიდან.
- დავით ოქიტაშვილი: „ძალიან მინდა, რომ [საგამოძიებო უწყებიდან] დამიკავშირდნენ. ეს მოღალატე მოგვიყვანა მამუკა მდინარაძემ, დაგვასვა თავზე ქართულ კულტურას და ეს სფერო გაანადგურა!"
„აქამდე ჩუმად მებრძოდა და რომ შემეხო, ამოვიღე ხმა. ყველა შეკრებაზე სიიდან ვიყავი ამოღებული. ყვიროდა, რომ „ოქიტაშვილი არ დავინახო არცერთ შეკრებაზეო". ვხედავდი, რომ ამას მარტო ვერ გაბედავდა. აღმოჩნდა, რომ ამის უკან იდგა ადამიანი, რომელმა ადამიანმაც ეს გაბედა და გააკეთა. 2012 წელს ვიბრძოდით ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ერთად და სად იყო მამუკა მდინარაძე? ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს იბრძოდნენ და რომლებმაც ოჯახები გადადეს, დაუპირისპირდნენ იმ რეჟიმს, საერთოდ გააქრეს. ერთ-ერთი შემოქმედი იყო თიკა რუხაძე. მისი ურთიერთობა „ნაციონალურ მოძრაობასთან" ყველამ კარგად იცის. მან „ნაციონალურ მოძრაობას" უღალატა და ამათ რას უზამდა?! ადამიანი როცა არის მოღალატე, ის არ შეიცვლება და ყოფილი არ არსებობს. მან მიხეილ სააკაშვილს უღალატა.
„ძალიან მინდა, რომ [საგამოძიებო უწყებიდან] დამიკავშირდნენ. მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი. თქვენი მეშვეობით დავსვი შეკითხვები. წავიდნენ და შეამოწმონ. რატომ გამოუშვა დათო დოიაშვილმა თეატრიდან, რატომ შეჭამა ბადრი პატარკაციშვილის ფულები?! ეს მოღალატე მოგვიყვანა მამუკა მდინარაძემ, დაგვასვა თავზე ქართულ კულტურას და ეს სფერო გაანადგურა! "- განაცხადა ოქიტაშვილმა.