
თავისუფლების აღკვეთა ჩვეულებრივ ამბად იქცა, რაც სწორედ რეჟიმისთვის არის დამახასიათებელი, რაც დიქტატურის აუცილებელი ელემენტია - ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ გვაცხოვრონ „1984“-ის სცენარში, - ასე ეხმაურება “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, გედევან ფოფხაძე ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო დაკავებას.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ჟურნალისტი ვახო სანაია ხელისუფლებამ „ამოიჩემა“, რადგან ვახო სანაია უკან არ იხევს და ძალიან პრინციპული და თანმიმდევრულია თავის პოზიციაში.
„არ ვიცი, რომელი ევროპულის სტანდარტით ხელმძღვანელობენ. ვახო სანაიას მეტყველებაში ისეთი არაფერი არ არის, რომ საციხოდ გაიმეტონ ადამიანი. თავისუფლების აღკვეთა ჩვეულებრივ ამბად იქცა, რაც არის სწორედ რეჟიმისთვის დამახასიათებელი.
არის თმენის ვალდებულებაც, ხელისუფლება ცუდია და არ გინდა, რომ ხელისუფლებას შევაგინო? ეგებ, ვიმუშაოთ არა იმაზე, რომ გინება ავკრძალოთ, ეგებ, ხელისუფლება რომ უკეთესი იყოს, ამაზე ვიმუშაოთ. არ მიმაჩნია ადეკვატურად ამ ველზე აგრესიის გამოჩენა, მით უმეტეს მაღალი სანქციებით. ეს არის დიქტატურის აუცილებელი ელემენტი.
ვახო სანაიას ლექსიკას რომ თავი დავანებოთ, ტელევიზიებს დაუდეს სიტყვების ნუსხა, რომელიც ტელევიზიაში არ უნდა გაჟღერდეს. ეს არასდროს არ დამთავრდება, თუ შენ ქმნი რეჟიმს. ეს არის კლასიკური ორუელი. ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ გვაცხოვრონ 1984 წლის სცენარში, მაგრამ ნაწარმოებში უტოპიური სახელმწიფოა და არ შეიძლება რეალობად იქცეს. როცა დიქტატურის ასეთი ელემენტები ჩნდება, ის ვეღარ გადარჩება.
ძალიან კარგად მესმის, რატომ ამოიჩემეს ვახო სანაია. ვახო სანაია უკან არ იხევს, პირიქით მიზეზს აძლევს, მაგრამ რეალურად ვახო არის ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც მედიასივრცეში ძალიან პრინციპული და თანმიმდევრულია თავის პოზიციაში, ამიტომ ჩათვალეს, რომ საჭიროა ვახოს რაღაც ფორმით დაჩაგვრა. ამით მისი სოციალური დაკნინება ხდება, საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ვახო სანაია თუ გინდა იყო, შენ ციხეში იჯდები“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ინფორმაციისთვის, ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ სახლთან დღეს დააკავეს. მას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სანაია პროცესს არ დაესწრო და აცხადებს, რომ „პოსტების გამო დევნა აბსურდულია“. ეს ჟურნალისტის უკვე მეორე დაკავებაა, მანამდე მას 22 ივლისს დაწერილ პოსტზე 14-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.