რეზონანსი
20.10.2026

საფრანგეთი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ფონზე ხვდება. მიმდინარე არეულობების ფონზე სულ უფრო იზრდება მემარჯვენე პოლიტიკოსების მხარდაჭერა. ბოლო გამოკითხვები ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ მემარჯვენე ფლანგზე ქვეყნის მთავარი პოლიტიკოსი, მარინ ლე პენი, ორივე ტურში დამაჯერებლად იმარჯვებს. ხაზგასასმელია, რომ ეს მოხდება ყველა საარჩევნო კონფიგურაციაში თუ, რა თქმა უნდა, მანამდე რაიმე ძირეული ცვლილება არ მოხდა.

გასული შაბათ-კვირის განმავლობაში ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ არეულობას გადაურჩა ბოლო წლების განმავლობაში: პარიზში, მარსელში, ლიონსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა, დაიწვა მერიები, გაიძარცვა მაღაზიები და დააკავეს 1200-ზე მეტი ადამიანი . ეს მოვლენები უშუალოდ ცვლის საარჩევნო კამპანიის დღის წესრიგს და აძლიერებს პოლარიზაციას, რაც პირველ რიგში ულტრამემარჯვენე ძალებს აძლევს ხელს.

უახლესი გამოკითხვები აჩვენებს, რომ „ეროვნული გაერთიანების" ლიდერი მარინ ლე პენი დამაჯერებლად ლიდერობს. სხვადახვა კვლევებით, მისი მოსალოდნელი მაჩვენებელი პირველ ტურში 31%-დან 37%-მდე მერყეობს, რაც ორჯერ აღემატება მეორე ადგილზე მყოფი კანდიდატის რეიტინგს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჰიპოთეტურ მეორე ტურში ლე პენი ყველა სცენარში იმარჯვებს: ედუარ ფილიპის წინააღმდეგ 52.5%-47.5%-ით, ხოლო ჟან-ლუკ მელანშონის წინააღმდეგ - დამანგრეველი 69%-31%-ით.

  • ჰიპოთეტურ მეორე ტურში ლე პენი ყველა სცენარში იმარჯვებს: ედუარ ფილიპის წინააღმდეგ 52.5%-47.5%-ით, ხოლო ჟან-ლუკ მელანშონის წინააღმდეგ - დამანგრეველი 69%-31%-ით

თუმცა, არჩევნების ბედი არა გამარჯვებულის, არამედ მეორე ტურში ლე პენის მეტოქის ვინაობით გადაწყდება. აქ ვითარება უკიდურესად დაძაბულია: ედუარ ფილიპი (15.5%-16.5%), რაფაელ გლუკსმანი (15%-16.5%) და ჟან-ლუკ მელანშონი (15%-16%) ცდომილების ზღვარში იმყოფებიან . სოციალისტური პრაიმერიზის მოგების შემდეგ გლუკსმანის რეიტინგი 2.5-4 პუნქტით გაიზარდა, რაც მას რეალურ შანსს აძლევს .

მიმდინარე არეულობა ამ ბრძოლას ახალ კონტექსტს აძლევს. ლე პენმა ძალადობა მკაცრად დაგმო და ელექტორატს „ულტრამემარცხენეების ძალადობისგან" დაცვა აღუთქვა. მელანშონი, რომელიც პროტესტებს ღიად უჭერდა მხარს, ცდილობს არეულობისგან დისტანცირება მოახდინოს, თუმცა კრიტიკოსები მას მაინც „ძალადობის ლეგიტიმაციაში" ადანაშაულებენ. ცენტრისტული ბანაკისთვის, რომელსაც პრეზიდენტ მაკრონის არაპოპულარული ფიგურა უდგას სათავეში, ეს არეულობა კიდევ უფრო ართულებს პოზიციონირებას.

გამოკითხულთა 46% აცხადებს, რომ არჩევნებამდე შეიძლება აზრი შეიცვალოს. ეს ნიშნავს, რომ ქუჩის ძალადობა და მისი აღქმა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. თუ არეულობა გაგრძელდა, ლე პენის „კანონისა და წესრიგის" რიტორიკა კიდევ უფრო მეტ ხმას მოუტანს. თუ ვითარება დასტაბილურდა, ცენტრისტულ და მემარცხენე ძალებს შეიძლება მეტი შანსი მიეცეთ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×