რეზონანსი
20.10.2026

ფაქტობრივად მხოლოდ სააკაშვილის ხუშტურით ბათუმში გადატანილი საკონტიტუციო სასამართლო მმართველი პარტიის მორიგი სარჩელის განხილვას იწყებს. ამჯერად „ქართული ოცნება" ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. დარწმუნებული ვარ, „დამოუკიდებელი" სასამართლო სარჩელს ნაწილობრივ დააკმაყოფილებს და მხოლოდ „ხუთოსნებს" აკრძალავს, რასაც ხელისუფლება „ქართული დემოკრატიის" მორიგ წარმატებად შემოგვასაღებს.

ლოგიკურია, დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ღია სხდომებს მმართველი პარტიის კრიტიკისთვის გამოიყენებენ, რეიტინგსაც საგრძნობლად აიმაღლებენ და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გაცილებით მეტ ხმას მიიღებენ (ირაკლი ღარიბაშვილთან ასოცირებული პოლიტიკური გუნდიც დაემატებათ). „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები კი ახალ საარჩევნო სუბიექტს (მაგ., „ერთიან ეროვნულ მოძრაობას) თუ არ დააფუძნებენ, ცხადია, სხვა პარტიებში გადანაწილდებიან და „რეიტინგულ ტელევიზიებში" სტუმრობას გააგრძელებენ.

ფაქტია, აღარც შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი" არსებობს, თუმცა მისი წევრები „ნაციონალურ მოძრაობაშიც" აგრძელებენ მოღვაწეობას და „ქართულ ოცნებაშიც".

ბუნებრივია, ბევრს გაუჩნდა კითხვა, რა მიზნით შეიტანეს სარჩელი, ვინაიდან ლოგიკური იქნებოდა „დამნაშავეთა პარტია" „სამართლიანობის აღდგენის" კამპანიის დაწყებისთანავე აკრძალულიყო ან მკვლელობების და გამოძალვის ორგანიზატორები პერსონალურად დასჯილიყვნენ, დანაშაულებრივი გზით დაგროვილი ქონება კი მათთან დაკავშირებულ პირებსაც ჩამორთმეოდათ (ამისთვის კონფისკაცია უნდა აღდგენილიყო).

თუ გავითვალისწინებთ, რომ, იმ პარტიასთან ერთად, რომლის დასახელება სტალინთან ასოცირდება (ნაშრომში „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი" ცალკე თავია „ნაციონალური მოძრაობა") „მიშას დროშაც" მიეცემა მივიწყებას. ვთვლი, რომ ხელისუფლება ამ გზით ცდილობს გადაჭრას ახალი სახელმწიფო (ეროვნული) და პარტიული დროშის იდენტურობის პრობლემა (არადა, მხოლოდ ნაცისტურ გერმანიაში ჰქონდა მსგავს, რბილად რომ ვთქვათ, უმსგავსობას ადგილი).

ფაქტია, ნაცვლად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას" სააკაშვილის მიერ ფაქტობრივად ერთპიროვნულად დადგენილ და აშკარად არაქართული წარმომავლობის ხუთჯვრიან სიმბოლოზე ეთქვა უარი და საქართველოსავით გამორჩეული ახალი დროშის შესარჩევად კონკურსი გამოეცხადებინა, ის თავად „გააპრავა" და კონტიტუციის ახლ რედაქციაში ჩადო „ვარდების რევოლუციის სიმბოლოს" ხელშეუხებლობის გარანტიები. არადა, პარლამენტის 1999 წლის დადგენილებით „ისტორიული დროშა" უნდა აღდგენილიყო (ავტორიტეტული ქართველი მეცნიერების აზრით, მასზე წმინდა გიორგი იყო გამოსახული), ხოლო ხუთჯვრიანი სიმბოლოს თაობაზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ჯვაროსნულ ეპოქაში შეიქმნა, ფრანგი ფრანსუა დე ბუილონია ავტორი, ხოლო X-XIII საუკუნეებში კილიკიის არმენიაც იყენებდა და ტამპლიერთა ორდენიც დღემდე თავისად მიიჩნევს.

საზოგადოებას ისიც მინდა შევახსენო, დღევანდელის მსგავსი ხუთჯვრიანი დროშა ჯერ კიდევ მოქკავშირის მიერ გამართულ წინასააღჩევნო ღონისძიებებზე გამოჩნდა (1995) და პარლამენტის მიერსც იქნა მითებული (1997), თუმცა პრეზიდენტმა შევარდნაძემ შესაბამის კანონპროექტს ხელი არ მოაწერა (მეცნიერებს არ დაუპირისპირდა) და „ოპოზიციაში მივლინებულ" სააკაშვილის გადააბარა.

შედეგად, თუ უკვე პრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანებეული ოპოზიციის მიერ 2009 წელს ორგანიზებულ აქციებზე „ნაციონალური მოძრაობის" ხუთჯვრიანი სიმბოლო (ფაქტობრივად, „სახელმწიფო დროშა") საერთოდ აღარ ჩანდა (არადა, რუსთაველის გამზირი იყო გადაკეტილი), პარლამენტის სხდომათა დარბაზში უკვე ათეულობით არის გამოფენილი და საქართველოს პატრიარქიც, რატომღაც ხუთჯვრიანი სიმბოლოების თანხლებით გავისტუმრეთ იმიერში (არადა, კონსტიტუციის თანახმად, ეკლესია დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან და საკუთარი სიმბოლოები გააჩნია, ხოლო ილია მეორეს სახელმწიფო სიმბოლოდ ერთჯვრიანი ვარიანტი ჰქონდა პარლამეტისთვის შეთავაზებული).

გამოდის, რომ მმართველი პარტიიის მესვეეურები მსჯავრდებულ სააკაშვილს ხან გიჟად მოიხსენიებენ და ხან აგენტად, ხოლო მისი 2004 წლის ბრძანებულებით ხუთჯვრიანი პარტიული სიმბოლოს სახელმწიფო (ეროვნულის) სტატუსის თვითნებურად მინიჭებას უპირობოთ აღიარებენ (არადა, სახელმიფო დროშის აღწერილობა ლეგიტიმური პარლამენტის მიერ და ორგანული კანონით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული).

ჰერალდიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მამუკა გონგაძემაც სახელმწიფო დროშის მორიგი დღის აღნიშვნისას განაცხადა, რომ დაუშვებელია პარტიული დროშა სახელმწიფო დროშის იდენტური იყოს. როგორც ჩანს, მმართველი პარტიის იურისტებმა „ხუთჯვრიანი პრობლემის" მოგვარება საკონსტიტუციო სასამართლოს დახმარებით არჩიეს.

ავთანდილ კახნიაშვილი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×