"ევროპამ სანქციების დაწესებით საკუთარ ფეხში მოირტყა ტყვია, რომელიც გაისროლეს"
თამარ ვეფხვაძე
20.10.2026

აზერბაიჯანულ „სოკარს“ სურს, რუსული „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვა განაახლოს. პარალელურად, საერთაშორისო წყაროებზე დაყრდნობით, ტრამპი პუტინს უთანხმდება და საწვავზე დაწესებულ სანქციებს დროებით აჩერებს. ნიშნავს თუ ეს ყველაფერი იმას, რომ სანქციებმა თავისი თავი ამოწურა? ეკონომისტების შეფასებით, ეს თავიდანვე ცხადი იყო, რადგან ევროპას საკმარისი ენერგორესურსები არ გააჩნია და მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. ამ არგუმენტს ისიც ამყარებს, რომ ევროკავშირს, დაახლოებით, 300 მილიარდი აქვს გადახდილი რუსეთისთვის, სწორედ უკრაინა-რუსეთის ომის პერიოდში. 

რუსეთის სამთავრობო სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ელშად ნასიროვმა განაცხადა, რომ „სოკარი“ ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც საქმიანობა „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვით დაიწყო. ახლა კი სურს, ეს პროცესი განაახლოს.

ჟურნალისტებთან საუბრისას „სოკარის“ ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ შესაძლო მოცულობებსა და ვადებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. 

პარალელურად, საერთაშორისო ანალიტიკოსები და ეკონომიკური მიმომხილველებიც აქტიურად განიხილავენ რუსული გაზის ევროპაში დაბრუნების სცენარს. მაგალითად, „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები, მათ შორის ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული მხარე და რუსეთის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი, განიხილავდნენ „ნორდ სტრიმის“ მილსადენებთან დაკავშირებულ შესაძლო ბიზნესგარიგებას. 

გარდა ამისა, ამერიკამ რუსულ საწვავთან დაკავშირებული შეზღუდვები დროებით შეამსუბუქა. ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიო ბაზარს დიზელის საწვავით მოამარაგებდა, ხოლო აშშ-მა ამ მიწოდებასთან დაკავშირებული სანქციები დროებით შეამსუბუქა. რუსული სააგენტოების ცნობით კი, რუსეთმა დიზელის ექსპორტი განაახლა. 

რაც შეეხება უშუალოდ სანქციებს, საერთაშორისო მიმომხილველების ცნობით, ეს საკითხი კვლავ ღიად დარჩა. „როიტერის“ ინფორმაციით, ტრამპმა ახალი კანონით გათვალისწინებული რუსეთის წინააღმდეგ მიმართული გარკვეული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება გადადო. მარკო რუბიოს განცხადებით, ადმინისტრაცია ეკონომიკურ შედეგებს 60 დღემდე პერიოდში შეაფასებს. 

დავუბრუნდეთ „სოკარის“ გადაწყვეტილებას, რუსული გაზის შეძენასთან დაკავშირებით და ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი განვიხილოთ. „სოკარი“ და „გაზპრომი“ საქართველოსაც აწვდიან გაზს. სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს, საქართველომ აზერბაიჯანიდან 2.27 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო, ხოლო რუსეთიდან - 886 მილიონი კუბური მეტრი გაზი იყიდა, რაც 12%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. საქართველო, სომხეთში გაზის გატარების სანაცვლოდ, „გაზპრომისგან“ ტრანზიტის საფასურსაც იღებს, რომელიც კომერციული საიდუმლოა და არ საჯაროვდება. 

ეკონომისტი ნოდარ კაპანაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი რუსული გაზის შესყიდვას განაახლებს, საქართველოს გავლით, „სოკარი“ ამ გაზს ევროპაში გაიტანს. რაც შეეხება სანქციებს, ეკონომისტის განცხადებით, თავიდანვე ცხადი იყო, რომ სანქციები არ იმუშავებდა.

„ეს ბუნებრივია, რადგან თავიდანვე, ამ სანქციების საფუძველი არასერიოზული იყო. ეს იმიტომ, რომ ევროპა დამოკიდებულია რუსულ ენერგომატარებლებზე, ხოლო ევროპის ენერგომომარაგებიდან რუსული ენერგომატარებლების ამოღება ევროპის მასშტაბით, სრულ კატასტროფას გამოიწვევდა. ამას არ სჭირდება დიდი და რთული გათვლების წარმოება. ამდენად, მთელი ეს სანქციები იყო მხოლოდ და მხოლოდ რიტორიკა და უკრაინის კონფლიქტის ერთ-ერთი ფრონტის ხაზიც, სწორედ აშშ-ევროკავშირის დაპირისპირებაზე გადის, რაც ახლა მიმდინარეობს. უკრაინის მოვლენების ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი რომ ევროკავშირი იქნებოდა, ეს თავიდანვე ჩანდა და რა არის აქ გასაკვირი?

ვერ ვიტყვით, რომ სანქციების საკითხი დასრულდა და ამას ორი მიზანი აქვს: ერთი, რომ რეალურად, სანქციები შენელდეს, ეს ევროპის ინტერესია და მეორე - აშშ-სა და კოლექტიური დასავლეთის გათვლა - რუსეთის შიგნით, მოჭყლოპინე საზოგადოების დადებითი განწყობა. როგორც კი ტრამპმა დიზელის გარიგებაზე დაიწყო საუბარი, რუსეთის საინფორმაციო სივრცეში რამდენიმე მიმომხილველისგან მოვისმინე ხბოს აღტაცებით საუბარი, რომ არიქა, თეთრმა სახლმა ყურადღება მოგვაქციაო“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნოდარ კაპანაძემ. 

რაც შეეხება „სოკარის“ მიერ „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვის განახლებას, ეკონომისტი ამბობს, რომ ამის შემდეგ, „სოკარი“ საქართველოს გავლით გაიტანს ამ გაზს ევროპაში. 

„ის, რომ „სოკარი“ ყიდულობს რუსულ გაზს და შემდგომ, საქართველოს გავლით, გაზსადენის საშუალებით ევროპაში გაიტანს, მოიტანს იმას, რომ ევროპის მომხმარებელს გაუძვირდება გაზი. სხვათა შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საიტზე არის ინფლაციის მაჩვენებლები, რომლის გაანალიზებით ირკვევა, რომ ენერგეტიკული ინფლაცია ჯერ კიდევ არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. მიზეზი მარტივია - ევროპის სახელმწიფოებს ჯერ კიდევ აქვთ რეზერვები და ამ რეზერვებს ხარჯავენ მაქსიმალურად, რომ ინფლაცია დაიჭირონ, მაგრამ ამას დაუსრულებლად ვერ შეძლებენ. ამას თავიდანვე ხედავდნენ, მაგრამ ახლა იმასაც აცნობიერებენ, რომ უკრაინის გამო, არავინ ომს არ აპირებს. ელემენტარულად, იმასაც ხედავენ, რომ რუსული ენერგომატარებლებისა და რესურსის გარეშე, მათი ნორმალური ფუნქციობა ძალიან რთული იქნება“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ნოდარ კაპანაძემ.  

ანალოგიური პოზიცია აქვს ეკონომისტ დავით ჩიხელიძეს, რომელიც „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სანქციებმა საკუთარი თავი ამოწურა. ამის მიზეზია რუსეთსა და ევროკავშირს შორის არსებული სავაჭრო სტატისტიკა. 

„ამ სტატისტიკის მიხედვით, ევროპას, დაახლოებით, 300 მილიარდამდე აქვს გადახდილი რუსეთისთვის ომის პერიოდში. აქედან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობთ სანქციებზე, რომელმაც უნდა ჩამოშალოს რუსეთის ეკონომიკა და უშუალოდ რუსეთის სახელმწიფო, ვხედავთ, რომ ეს სანქციები ამ ფორმით, ამ მიზანს არ ემსახურება. 

წარმოიდგინეთ, ერთი მხრივ, სანქციებს აწესებ, ხოლო მეორე მხრივ, ვაჭრობ რუსეთთან, რაც იმას ნიშნავს, რომ შენი ეკონომიკა არ არის მზად იმისთვის, სრულად გაწყვიტო კავშირი რუსეთთან. განსაკუთრებით მწვავედ დგას საკითხი ზამთრის მოახლოების დროს, რადგან ევროპას არ აქვს ის ენერგორესურსები, რომ საკუთარი მოსახლეობა გაყინვას გადაარჩინოს. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ევროპას არ შეუძლია, იყოს დამოუკიდებელი მოთამაშე, რომელიც თავის თავს ყველა ასპექტში გამოკვებავს. 

გარდა ამისა, ისიც გამოიკვეთა, რომ ინდოეთში მიდიოდა რუსული ნავთობი და შემდგომ უკვე, ინდოეთისგან ყიდულობდა ევროპა გაორმაგებული და გასამმაგებული ფასით, შედეგად, ევროპაში გაძვირდა ყველაფერი. როდესაც ამ ყველაფერს ვუყურებთ, რთულია იმაზე საუბარი, რომ სანქციები არის ქმედითი. სანქციები უფრო იყო ევროპის ემოციური მდგომარეობა, რომლებიც იძულებულები იყვნენ, გარკვეული ზომები მიეღოთ. სანქციების დაწესებით კი, საკუთარ ფეხში მოირტყეს ტყვია, რომელიც გაისროლეს და მხოლოდ საკუთარი თავი დააზარალეს“, - განუცხადა „რეზონანსს“ დავით ჩიხელიძემ. 

რაც შეეხება „სოკარის“ მიერ რუსული გაზის შესყიდვას, ეკონომისტის განცხადებით, აზერბაიჯანულმა კომპანიამ ბენზინგასამართი ქსელი შეიძინა იტალიაში და „სოკარი“ ყოველდღიურად ვითარდება. 

„შესაბამისად, „გაზპრომისგან“ გაზსაც თუ შეისყიდის, წინააღმდეგი არ ვარ. ეს ნიშნავს, რომ „სოკარი“ ვითარდება, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან აზერბაიჯანს თავისი პროდუქციის დიდი ნაწილი ევროპაში, სწორედ საქართველოს გავლით გააქვს. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს, რომ საქართველოს რჩება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარკვეული პროცენტი ყოველი გატარებული ენერგომატარებლებიდან. გარდა ამისა, გარკვეული კვოტა აქვს დაწესებული საქართველოს, რომლის ფარგლებშიც, სხვა ქვეყნებთან შედარებით, იაფად ყიდულობს გაზს აზერბაიჯანიდან. აქედან გამომდინარე, „სოკარის“ გაძლიერება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ამით ჩვენი ქვეყანაც გარკვეულ სარგებელს მიიღებს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ დავით ჩიხელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×