რეზონანსი
20.10.2026

„მზად არის ფონდებში ინვესტირების კომპონენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 თვის განმავლობაში გამოვაცხადებთ კონკურსს იმისათვის, რომ შევარჩიოთ ფონდის მენეჯერი და დავიწყოთ ფონდებში ინვესტირება“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გაბრიაძემ კორპორაციის გეგმებზე საუბრისას.

მისი თქმით, გეგმების განხორციელება უკვე დაწყებულია და შესაბამისი პროგრამებიც ამოქმედების ფაზაშია.

„პირველი ნაბიჯების გადადგმა უკვე დავიწყეთ და საქართველოს მთავრობამ რამდენიმე პროგრამა უკვე მიიღო. ეს არის ექსპორტის მხარდაჭერის ახალი მექანიზმი, რომელიც ექსპორტიორებს სთავაზობს ლოგისტიკის ხარჯების თანადაფინანსებას - უკვე მზად არის და შევთავაზებთ მეწარმეებს. ასევე, მზად არის ფონდებში ინვესტირების კომპონენტიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 თვის განმავლობაში ჩვენ უკვე გამოვაცხადებთ კონკურსს იმისათვის, რათა შევარჩიოთ ფონდის მენეჯერი და დავიწყოთ ფონდებში ინვესტირება. ნაბიჯ-ნაბიჯ, სწრაფი ტემპით ვეცდებით, რომ ყველა ის პროგრამა თუ პროექტი, რომელიც დავაანონსეთ ჩაეშვას და რაც შეიძლება მალე მიიღოს ქართულმა კერძო სექტორმა მხარდაჭერა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პირდაპირი სესხები, პირდაპირი წილობრივი მონაწილეობაც მომდევნო თვის ბოლოდან უკვე იქნება შესაძლებელი, რათა ამ მექანიზმების გამოყენებითაც შევუწყოთ ხელი სტრატეგიულ და მნიშვნელოვან პროექტებს“, - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×