თამთა ჩაჩანიძე
21.10.2026

პარტიების შესაძლო აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განაცხადა.

კობახიძემ განმარტა, რატომ გახდა საჭირო სპეციალური წარმომადგენლის დაბრუნება, რა მნიშვნელობა აქვს ამ ფორმატს თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში და რა მიმართულებებით აპირებს ხელისუფლება მუშაობის გაგრძელებას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა, რომელიც 2026 წლის დეკემბრიდან ვაკანტურ პოზიციას დაიკავებს. კობახიძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შენარჩუნებაზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგსა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პრიორიტეტზე.

კითხვაზე, რას უკავშირდება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა და ხომ არ იწყება რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის ახალი ეტაპი, კობახიძემ უპასუხა:

„არა, რეალურად, რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება. აქამდე შვეიცარიის საელჩოში ჩვენი სექცია აქტიურად მუშაობდა. ჩვენ დავინახეთ იმის საჭიროება, რომ სექციის მუშაობის პარალელურად, ამ თანამდებობაზე დაგვენიშნა პირი".

ამასთან, ცალკეული ქართული კომპანიების ნაწარმთან დაკავშირებული ემბარგოს გამო ხომ არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, პრემიერი პასუხობს, რომ „არა". მისი თქმით, „დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას აქვს თავისი ბარიერი", ეს მოცემულობა და "ოცნების" დამოკიდებულება "არ შეცვლილა".

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. შესაბამისად, საქართველოში რუსეთის საელჩო და რუსეთში საქართველოს საელჩო არ ფუნქციონირებს. ამასთან, ქვეყნებს შორის გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად სხვა საკომუნიკაციო არხებიც არსებობს.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ჯერ კიდევ 2012 წელს შეიქმნა, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს. პირველი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იყო. 2024 წლის მარტიდან აბაშიძე გიორგი ქაჯაიამ შეცვალა. მას შემდეგ, რაც გასულ წელს ქაჯაიამ პოზიცია დატოვა, თანამდებობა ვაკანტური გახდა.

ბრიფინგის შინაარსი

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

"რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.

  • კობახიძე: "რეალურად, (რუსეთთან ურთიერთობაში) რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება. აქამდე შვეიცარიის საელჩოში ჩვენი სექცია აქტიურად მუშაობდა. ჩვენ დავინახეთ იმის საჭიროება, რომ სექციის მუშაობის პარალელურად, ამ თანამდებობაზე დაგვენიშნა პირი"

"ბატონი გიორგი ზურაბაშვილი არის ძალზე გამოცდილი დიპლომატი. წლების განმავლობაში ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საჯარო სამსახურში; საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორი, აგრეთვე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2024 წელს კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2025 წლის 1 ივლისს - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.

"დარწმუნებული ვართ, ბატონი გიორგი ზურაბაშვილი, მისი ცოდნითა და გამოცდილებით, საუკეთესოდ შეასრულებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისთვის დაკისრებულ ამოცანებს," - განაცხადა კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის პოზიცია შარშან დეკემბერში გახდა ვაკანტური.

„ამის შემდეგ ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სექციაზე, რომელიც შვეიცარიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოქმედებს და როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის ყოფილი წევრი დაინიშნა სექციაში ჩვენს წარმომადგენლად - ბატონი ალეკო წულაძე. აქცენტი კეთდებოდა სექციაზე. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში უშუალოდ ბატონი ალეკოს ხელმძღვანელობით, თუმცა დავინახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ დამატებით არის ძალიან მნიშვნელოვანი სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობა და თანამდებობის პირის დანიშვნა, შესაბამისად, პრაქტიკის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავის მხრივ გიორგი ზურაბაშვილმა პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო დიდი მადლობა ნდობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მე ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევასრულო ის ამოცანები, რაც საქართველოს სჭირდება",- განაცხადა ზურაბაშვილმა.

რაზე ისაუბრა პრემიერმა

ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მისი განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დისკრედიტირებული არიან და საზოგადოებრივი მხარდაჭერა დაკარგეს და ხელისუფლებისთვის მათი აკრძალვის საკითხი მხოლოდ პოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში არ განიხილება. კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებისას თავად ოპოზიციონერების განცხადებები აჩვენებს, რატომ უნდა აიკრძალონ ეს პარტიები.

„რეალურად ხედავთ, არსად რესურსი არ აქვთ ამ პოლიტიკურ პარტიებს და ასეთ დროს შესაძლოა ვინმემ თეორიულად დასვას კითხვა: თუ ასეთი სუსტია ამ პარტიათა ერთობლიობა, რა საჭიროა მათი აკრძალვა? ამას აქვს მარტივი ახსნა.

სუბიექტურად, შესაძლოა ჩვენთვის მომგებიანი იყოს ასეთი დისკრედიტირებული და განულებული ოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ასეთი ოპოზიცია, არამედ ჯანსაღი, წელში გამართული, ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია. სწორედ ამას ემსახურება პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია წამოწყებული",- განაცხადა კობახიძემ.

  • პრემიერი: "შესაძლოა ვინმემ თეორიულად დასვას კითხვა: თუ ასეთი სუსტია ამ პარტიათა ერთობლიობა, რა საჭიროა მათი აკრძალვა? ამას აქვს მარტივი ახსნა"

რაც შეეხება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ქვეყნის პარტნიორების განცხადებებს, ირაკლი კობახიძე ამას სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მართლმსაჯულებაში ჩარევის უხეშ პოლიტიკურ მცდელობად აფასებს.

„რაც მოვისმინე, იმას კრიტიკას ვერ დავარქმევდი. ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მართლმსაჯულებაში ჩარევის უხეში პოლიტიკური მცდელობა, რაც ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს წარმოადგენს. სამწუხაროა, რომ ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ეს მძიმე მოსასმენი და სანახავია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

"ყველა უნდა მოერიდოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევას - როდესაც არის მიმდინარე პროცესი, ამ პროცესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება, კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით, არის აშკარად ჩარევა",- ასე აფასებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს განცხადებას პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „თუ დაინახავენ სამართლებრივ უზუსტობებს ან გაუმართავ შინაარსს, ყველას შეუძლია სამართლებრივი კომენტარები გააკეთოს, მაგრამ რასაც ვხედავთ ეს უხეში პოლიტიკური განცხადებებია".

ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყების პროცესი შეაფასა, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მოსამართლეების აცილების შუამდგომლობა დააყენეს. მისი თქმით, მოპასუხე მხარე არაპროფესიონალიზმსა და მოუმზადებლობას ავლენს.

ირაკლი კობახიძემ პატიმრობაში მყოფ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დავით-გარეჯის საკითხზე გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, ყოფილმა პრემიერმა აღნიშნული საკითხის მოგვარება შეძლო, თუმცა თავად ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

კობახიძის თქმით, ღარიბაშვილის განცხადებები საზოგადოებისთვის უკვე ნაკლებად საინტერესოა. ამასთან, მოქმედმა პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს, ასევე საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მეზობელ ქვეყნებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აგრძელებს.

მისი განცხადებით, მთავრობა იმ საკითხების არსებითად გადაწყვეტის იმედს გამოთქვამს, რომელთა მოგვარებაც წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო.

„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებთან, როგორც აზერბაიჯანელ მეგობრებთან, ასევე სომეხ მეგობრებთან საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე.

ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ორივე მხარე, როგორც აზერბაიჯან-საქართველოს, ასევე სომხეთ- საქართველოს შემთხვევაში ვთანხმდებით, რომ ეს პროცესი არის აქტიურად გასაგრძელებელი და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ არსებით პროგრესს ამ მიმართულებით. გრძელდება აქტიური მუშაობა. რაც ვერ მოაგვარა მან, იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ და მოვაგვარებთ", - განაცხადა კობახიძემ.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა. წერილის ერთი ნაწილი დავით-გარეჯის საკითხს დაეთმო, სადაც ყოფილმა პრემიერმა იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერობისა და თავდაცვის მინისტრობის დროს გადაიდგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×