თამთა ჩაჩანიძე
21.10.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის პირველმა დღემ ხმაურის, ურთიერთბრალდებებისა და არაერთი დაუკმაყოფილებელი შუამდგომლობის ფონზე ჩაიარა.

ბათუმში, სასამართლოს შენობასთან, დილიდან გაძლიერებული იყო პოლიციის მობილიზება, პროცესზე დასასწრებად კი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ოპოზიციის ნაწილი სხდომის პარალელურად შენობის გარეთ აპროტესტებდა მიმდინარე პროცესს, დარბაზში კი ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა - მოსამართლეებმა სხდომიდან "თავისუფლების მოედანის" ლიდერი ლევან ცუცქირიძე და ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე გააძევეს, არ დააკმაყოფილეს მოსამართლეთა აცილებისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ენმ-ს წევრის ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარების შუამდგომლობები.

ოპოზიციამ ასევე მოითხოვა მმართველი გუნდის რამდენიმე წარმომადგენლის გამოკითხვა და უმრავლესობის დეპუტატ თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებებიდან ამოღება, თუმცა განხილვის პირველ დღეს სასამართლომ მოპასუხე მხარის მიერ დაყენებული ძირითადი შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

პარალელურად, პროცესის გარშემო დაპირისპირების საგნად იქცა ჟურნალისტების სხდომაზე დაშვების საკითხიც - ოპოზიცია ხელისუფლებას დარბაზში ადგილების წინასწარ დაკავების ორგანიზებაში ადანაშაულებდა.

მოსალოდნელი სცენარები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის ნიკა ჩიტაძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკური სცენარის ნაწილია და არსებობს მოლოდინი, რომ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს.

მისი თქმით, პარტიების აკრძალვას შესაძლოა მოჰყვეს საპროტესტო მოძრაობის გაგრძელება, დასავლეთის მხრიდან სანქციების გააქტიურება და საქართველოს ევროპის საბჭოში სტატუსთან დაკავშირებული საკითხების დაყენება.

  • ნიკა ჩიტაძე: "აკრძალვის შემთხვევაში საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება და დასავლეთიდან უფრო აქტიური სანქციები მოჰყვება. გამორიცხული არაა, რომ საქართველოს ევროსაბჭოში შეუჩერდეს უფლებამოსილება"

"როგორც ზოგადად სასამართლო სისტემა, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლო, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოც განიცდის ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან. "ქართული ოცნების" წევრები წინასწარ აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკურ პარტიები უნდა გაუქმდეს, თითქოს უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, უბრალოდ ოფიციალური სახე უნდა მისცენ, რომ ვითომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ განხილვის წინა დღით განცხადება რომ გაავრცელა, თითქოს რაღაც მინიშნება იყო და შეამზადა საზოგადოება, რომ არსებობს რაღაც სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ პარტიები გაუქმდეს.

"დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ პარტიები გაუქმდნენ, შესაძლოა მთლიანად, ან ერთი დატოვონ, რომ თითქოს სასამართლომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება.

"აკრძალვის შემთხვევაში, პირველ რიგში საპროტესტო მოძრაობაა გაგრძელდება. მეორე ის, რომ დასავლეთიდან სანქციები მოჰყვება უფრო აქტიური. გამორიცხული არაა, რომ საქართველოს ევროპის საბჭოს შეუჩერდეს უფლებამოსილება.

"კიდევ ერთი ვარიანტია. შესაძლოა ევროსასამართლომ დაჩქარებული წესით გააუქმოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. აი, დაჩქარებული წესით, როგორც ერთხელ მოხდა, როცა „რუსთავი 2"-ის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქმის საბოლოო განხილვამდე გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. თუ ეს არ მოხდა, ყოველ შემთხვევაში, პარტიები ევროპის ევროსასამართლოში სარჩელს შეიტანენ",- განაცხადა ჩიტაძემ "რეზონანსთან"

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი საკითხების ნაცვლად, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

მისი შეფასებით, სასამართლომ დამოუკიდებლობა უნდა დაამტკიცოს და გადაწყვეტილება საქართველოს სამართლებრივ წესრიგთან შესაბამისობაში მიიღოს.

"ოპოზიცია სასამართლოზე თავისი პოლიტიკური მოტივებითაა წარმოდგენილი, პოლიტიკურად ითხოვდა, რა შუამდგომლობები ჰქონდა დაყენებული, ამიტომ გასაკვირი არაა - სასამართლო სასამართლოა, პოლიტიკა პოლიტიკაა. ქართული სასამართლო მის დამოუკიდებლობას დამტკიცებს და საბოლოო ჯამში მოხდება ისე, როგორც ქართულ სამართალს და ქართული სახელმწიფოს შეესაბამება.

  • ედიშერ გვენეტაძე: "ოპოზიცია სასამართლოზე თავისი პოლიტიკური მოტივებითაა წარმოდგენილი, პოლიტიკურად ითხოვდა, რა შუამდგომლობები ჰქონდა დაყენებული, ამიტომ გასაკვირი არაა - სასამართლო სასამართლოა, პოლიტიკა პოლიტიკაა"

"ვფიქრობ, აღსრულდება ის, რასაც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს. პოლიტიკურ სივრცეს მოსცილდება ის დანაშაულებრივი ძალა, რომელსაც ჰქვია კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა",- განაცხადა გვენეტაძემ.

განხილვის პირველი დღე

21 ოქტომბრის დილიდან საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან, ბათუმში, პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნებოდა. პარალელურად პროცესზე დასასწრებად შეიკრიბნენ, როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე მოსამართლეები. ოპოზიციონერების ნაწილმა შენობის გარეთ გააპროტესტა პროცესი.

ოპოზიციონერების თქმით, ხელისუფლებამ სტუდენტები ორგანიზებულად მიიყვანა სასამართლოში, რათა "ადგილების სიმცირის გამო" დარბაზში ჟურნალისტები არ დაეშვათ. წინა დღით საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებითი განხილვის სხდომების პირდაპირი ეთერით გაშუქება დაუშვა.

სხდომა ხმაურიანად წარიმართა, რამდენიმე ინციდენტიც მოხდა, თავდაპირველად ლევან ცუცქირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს - "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებლის დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მიიღო. ლევან ცუცქირიძის შემდეგ პროცესიდან ხატია დეკანოიძეც გააძევეს. გაძევებამდე, ხატია დეკანოიძემ ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა.

პროცესზე ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ მისი პარტია ითხოვს მოსამართლეების სრული შემადგენლობის აცილებას. "ლელოს" წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ აცილებას უყენებს "ვასილ როინიშვილს და ასევე მეთოფიშვილი და კიკილაშვილი ვერ იქნებიან ობიექტურები", თუმცაღა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ენმ-მ საკონსტიტუციოში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მიყვანა მოითხოვა, თუმცა, პლენუმმა საკონსტიტუციოში სააკაშვილის და ხაბეიშვილის მოწმედ მიყვანის შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა.საკონსტიტუციოს პლენუმმა ასევე არ დააკმაყოფილა გახარიას პარტიის საერთო სარჩელიდან გამოყოფის შუამდგომლობაც.

"მიხეილ სააკაშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსვლა, სასამართლოს პოლიტიზირებას უფრო მოახდენს, ვიდრე რაიმეს შემატებს ამ საქმეს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ხაბეიშვილთან დაკავშირებითაც", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე მოწმის სახით სააკაშვილი და ხაბეიშვილი იქნას დაბარებული.

მისივე თქმით, აუცილებელია სამართლებრივ ჩარჩოებში დარჩენა და არ უნდა მიეცეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს სასამართლო პროცესის პოლიტიკური ტრიბუნისთვის გამოყენების საშუალება.

სააკაშვილისა და ხაბეიშვილის მიყვანასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმაც ისაუბრა.კახიანმა განაცხადა, რომ ენმ-ს ხუთი წარმომადგენელი "სავსებით საკმარისია" პოზიციის დასაცავად.

ენმ-მ სხდომაზე "ოცნების" იმ წევრების გამოკითხვა მოითხოვა, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ  - ანა წითლიძემ მოსამართლეთა კოლეგიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ გამოიკითხოს  გივი მიქანაძე, მაკა ბოჭორიშვილი,  ზურაბ პატარიძე, გეკა გელაძე, ლევან სონღულაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი.

"თუ სისტემური დანაშაულებების გამო უნდა აგვკრძალოთ, მაშინ საინტერესო არის, რომ ამ ადამიანებმა გვიპასუხონ მართლა სისტემური იყო თუ არა ის დანაშაულებები" - განაცხადა ანი წითლიძემ. 

ოპოზიციამ ასევე მოითხოვა მტკიცებულებების ნუსხიდან თეა წულუკიანის კომისიის დასკვნის ამოღება. შუამდგომლობა სასამართლოში "ძლიერი საქართველო-ლელომ" და პარტია "ახალის" თავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ დააყენა.  

"ჩვენი შუამდგომლობა ეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალების მტკიცებულად დაუშვებლად ცნობას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×